ავტორი:

"1 თვე არ სჭირდება მტკიცებულებების გაცნობას" - მოსამართლე ამბობს, რომ სააკაშვილის ადვოკატს "დიდ ნაწილში" ეთანხმება: რა განაცხადა არევაძემ პროცესზე?

"1 თვე არ სჭირდება მტკიცებულებების გაცნობას" - მოსამართლე ამბობს, რომ სააკაშვილის ადვოკატს "დიდ ნაწილში" ეთანხმება: რა განაცხადა არევაძემ პროცესზე?

დიდ ნაწილში გეთანხმებით, მათ შორის, ვადასთან დაკავშირებით, 1 თვე ნამდვილად არ სჭირდება ამ მტკიცებულებების გაცნობას, - ასე მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს.

"დიდ ნაწილში გეთანხმებით, მათ შორის, ვადასთან დაკავშირებით, 1 თვე ნამდვილად არ სჭირდება ამ მტკიცებულებების გაცნობას. მით უმეტეს, რომ დიდი ნაწილი პენიტენციური სამსახურიდან წაღებულია და ზოგ შემთხვევაში მეორდება კიდევ. შესაბამისად, თუ ჩვენ, ვერ წავწევთ წინ, მაინტერესებს, მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს, ან წელს, რომ დავნიშნოთ ეს პროცესი, ამ ჩართვის საკითხს რაიმე ფორმით გადავწყვეტთ?“,- აღნიშნა მოსამართლემ.

ამასთან, მოსამართლემ კითხვით მიმართა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს, თუ მომდევნო თვეში ჩატარდება პროცესი, მოგვარდება თუ არა ტექნიკურად ჩართვის პრობლემა, რაზეც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა: "პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ეცდება დღეს არსებული ტექნიკური პრობლემის მოგვარებას“.

აღნიშნულს გამოეხმაურა ხაჭაპურიძე. "რა ტექნიკის პრობლემების მოგვარებაზე ვსაუბრობთ, ბატონო, ნიკა? ტელეფონით შეგვიძლია ის ადამიანი ჩავრთოთ“,- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

  • მოსამართლემ ამასთან, აღნიშნა, რომ მზად არის სასამართლო პროცესი "ვივამედში" ჩატარდეს, რაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

"დაცვის მხარის პოზიცია მნიშვნელოვანია. თუ დაცვის მხარეს, მსჯავრდადებულსაც სურვილი აქვთ რაიმე ფორმით შევძლოთ და მივაღებინოთ მონაწილეობა, შეგვიძლია, რომ წავიდეთ და იქ ჩავატაროთ პროცესი. ამისთვის მე მზადყოფნას გამოვთქვამ, ამის პრობლემა არ მაქვს. საავადმყოფოში პროცესის ჩატარებას ცალკე დეტალები და პრობლემები აქვს. ის, რომ მოწმეები დასაკითხია... მე მირჩევნია, აქ, ამ დარბაზში წარიმართოს პროცესი. თუ ჩართვა იქნებოდა, კარგია, ორივე მხარეს მოგყვებით“, - აღნიშნავს არევაძე.

პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება.