ავტორი:

მოსამართლემ დააკამყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და პეინტენციურ სამსახურს სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის ამსახველი ყველა ჩანაწერის დაცვის მხარისთვის გადაცემა დაავალა

მოსამართლემ დააკამყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და პეინტენციურ სამსახურს სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის ამსახველი ყველა ჩანაწერის დაცვის მხარისთვის გადაცემა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც დაცვის მხარე სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი ყველა გადაადგილების ამსახველი ჩანაწერების გამოთხოვის შესაძლებლობას ითხოვს.

შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან პენიტენციურ სამსახურს დაცვის მხარისთვის შესაბამისი მასალების გადაცემა დაევალა.

„ვშუამდგომლობთ, რომ განიხილება განჩინება, რომლითაც დაცვის მხარეს მოგვეცემა უფლება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მივიღოთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მათთან დაცული შემდეგი ვიდეო-მასალა: მისი დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1-ელ ოქტომბრიდან, 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, პენიტენციურ დაწესებულებაში, რუსთავის მე-12, გლდანის მე-18, გორის ჰოსპიტლისა და კლინიკა „ვივამედში“ შეყვანისა და გამოყვანის, კორიდორებში და საერთოდ, ნებისმიერი მისი გადაადგილების, ასევე საკნებსა და პალატებში მისი გადაადგილების ვიდეო-მასალები სრულად, მათ შორის მისი გონების კარგვის არაერთი ფაქტისა და წაქცევის ვიდეო-მასალა“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის საპასუხოდ, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განმარტა, რომ ვიდეო-ჩანაწერები სამსახურში გარკვეული ვადით ინახება. ამასთან, მან დასვა კითხვა, თუ რა კავშირშია ეს ვიდეო-მასალები განსახილველ საკითხთან.

„პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, უსაფრთხოების ღონისძიების ერთ-ერთ სახეს ნამდვილად წარმოადგენს პატიმრის მიმართ ელექტრონული მეთვალყურეობის დაწესება, მაგრამ ამავდროულად შესაბამისი საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს ვადებს, რა ვადებით ინახება ესა თუ ის ჩანაწერი. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს წარმოდგენილ შუამდგომლობას, შესაბამის ვიდეო-მასალას სამსახური გადასცემს ადვოკატს, მაგრამ, ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ეს ვიდეო-მასალა - 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2022 წლის 11 დეკემბრამდე, რას მოგვცემს ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.

პენიტენციური სამსახურის აღნიშნული განცხადებით შემდეგ, ხაჭაპურიძემ მას შემდეგი კითხვით მიმართ: „თუ განადგურებულია მასალა, იუსტიციის მინისტრი რა ვიდეო-მასალებზე საუბრობდა?“.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის სჭირდება.