ავტორი:

“SOS. მე ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა....“ - წერილი ემანუელ მაკრონს და ბრძოლა თავისუფლებისთვის: რას წერს BBC-ი მიხეილ სააკაშვილის შესახებ

“SOS. მე ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა....“ - წერილი ემანუელ მაკრონს და ბრძოლა თავისუფლებისთვის: რას წერს BBC-ი მიხეილ სააკაშვილის შესახებ

ბრიტანული გამოცემა BBC-ი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაა განხილული.

  • სტატია იწყება სიტყვებით, რომელიც სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მისწერა.

“SOS. მე ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი ემანუელ მაკრონისადმი მიწერილ ხელნაწერ წერილში. 54 წლის სააკაშვილი ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს ციხეშია, თანამდებობაზე ყოფნის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

ექსპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ზეწოლას მოახდენს მის გასათავისუფლებად", - ვკითხულობთ სტატიაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებამ ბოლოს აპრილში ნახა. გავრცელებული ინფორმაციით, მან წონაში საგრძნობლად დაიკლო და დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია.

"შიმშილობის შემდეგ, 2022 წლის მაისში, სააკაშვილი "ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოში წამების მსხვერპლთა მხარდამჭერმა ორგანიზაცია "ემპათიამ“ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მას დაუსვეს "პატიმრობასთან შეუთავსებელი“ დიაგნოზი, ქართველმა და უცხოელმა სამედიცინო ექსპერტებმა კი მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის მაღალი დონე აღმოაჩინეს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უარყოფს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", - წერს BBC.

  • გამოცემას მოჰყავს ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, - "ვინც არ უნდა იყოს, არავის მივცემთ უფლებას, თავი დააყენოს კანონზე მაღლა. გავიგე, რომ სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო?!“, - ამბობს ღარიბაშვილი.

სტატიის ავტორი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს:

"ის 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში და დაიწყო ძირეული რეფორმების გატარება. ხელი შეუწყო ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას და დასავლური სისტემის ჩამოყალიბებას. მაგრამ ბოლო წლებში, ბრალს სდებდნენ, რომ მისი მმართველობა ავტორიტარული ხდებოდა.

ქვეყანას 2012 წლამდე, არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი საქართველო დატოვა. 2018 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს უფლებამოსილების გადამეტებისთვის. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ არის დამატებითი სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა გასული წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ის უკანონოდ შევიდა საქართველოში.

სააკაშვილის მხარდამჭერები თვლიან, რომ მისი დევნა არის გამოცხადებული პოლიტიკური ვენდეტა. ექსპრეზიდენტს უთანხმოება ჰქონდა საქართველოს გავლენიან ოლიგარქთან, ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. ივანიშვილმა დააარსა საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ და გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ის ინარჩუნებს გავლენას პოლიტიკაზე.

სააკაშვილის მიერ დაარსებული "ნაციონალური მოძრაობა" ამჟამინდელ ხელისუფლებას კრემლის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რადგან ღიად ვერ გააკრიტიკეს რუსეთი. საქართველოს მთავრობა კი ამტკიცებს, რომ მისი მიდგომა ჩრდილოელი მეზობლის მიმართ პრაგმატულია და ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ მათ სურთ ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაებას. სააკაშვილი თავის თავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პატიმარს უწოდებს", - წერს BBC.

  • "მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის და რეფორმებისთვის ვიბრძოდი და ვიბრძოდი რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი მე ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმიჩნევს“, - ციტირებს გამოცემა სააკაშვილის სიტყვებს, რომელიც მან ემანუელ მაკრონს მისწერა.

სტატიაში ასევე მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის შვილის ედუარდ სააკაშვილი სიტყვები, რომელიც მან ევროპარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"ადამიანი, რომელიც ადრე ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, მოუსვენარი იყო, ნელ-ნელა ქრება. ჩვენ ვხედავთ საშინელ სურათს, არასათანადო მოპყრობას და შეუსაბამო მკურნალობას. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მამაჩემი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს“, - თქვა სააკაშვილის შვილმა.

მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა. მანამდე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მისი უფლებების უზრუნველყოფაზე.

BBC-ის სტატია კი ასე მთავრდება:

"კითხვას, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად პრემიერს ყოფილი პრეზიდენტის კეთილდღეობაზე, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს "ღვთის ხელშია.“

"ჩვენი სიცოცხლე უფლის ხელშია, ასე რომ, მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვინმეს სიცოცხლეზე პასუხისმგებელი“, - თქვა ღარიბაშვილმა.