ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულ იმ მებრძოლს ვინც ოკუპანტთან პირისპირ იბრძვის და იბრძვის სიმართლისთვის - მინდა ყველას ვუთხრა: - იყვნენ მხნედ და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.
როგორც ღუდუშაურმა განაცხადა, საქართველომ, ქართველმა ხალხმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში კიდევ ორი გმირი ვაჟკაცი დაკარგა, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა.
"ასევე მინდა ყველას ერთი რამ ვუთხრა: - პოლიტიკოსები, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვავები ნუ გამოიყენებენ ამ ყველაფერს. იდეისთვის, სიმართლისთვის ბრძოლა არის ყველაზე მთავარი - ეს არის წმინდა და ამას არ უნდა შევეხოთ. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ის მებრძოლი გმირი ჯარისკაცები, ჩვენი სამხედროები, რომელთა თავდადებაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ასევე ემახსოვრება ჩვენს მომავალ თაობას.
ბინძურ პროვოკაციებს, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, სიცრუის ტირაჟირებას - თითქოს ამ გმირ და მებრძოლ ვაჟკაცებს ვინმე შეურაცხყოფას აყენებს ან მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება, არის ამორალური“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.