ავტორი:

"გეგმა ჰქონდათ, მაგრამ შეცვალეს... იუსტიციის მინისტრმა გუშინ საკუთარი დანაშაული დააანონსა, ეს გაიაზრეს და..." - რატომ არ აჩენს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს?

"გეგმა ჰქონდათ, მაგრამ შეცვალეს... იუსტიციის მინისტრმა გუშინ საკუთარი დანაშაული დააანონსა, ეს გაიაზრეს და..." - რატომ არ აჩენს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა დასწრების საშუალება. არც ფიზიკურად და არც დისტანციურად ეს ვერ მოხერხდა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, ხოლო ფიზიკურ დასწრებაზე ნებართვა პატიმარ სააკაშვილს ექიმმა არ დართო. პროცესზე მიხეილ სააკაშვილის არ მოყვანას დიდი ხმაური მოყვა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს საზოგადოებას აჩვენოს ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი.

- მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მოყვანა როგორც ჩანს, ფიზიკურად შეუძლებელია და ამიტომ დისტანციურად ჩართვის წინააღმდეგი მისი დაცვის მხარეც არ არის. რაც შეეხება სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ჩართვას რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება, ეს არის მთავარი ინტრიგა. როგორც ჩანს, ამ საკითხს ხელისუფლება უყურებს წმინდა პოლიტიკურ პრიზმაში და არა ჰუმანურ, სამართლებრივ ჭრილში. ამ ყველაფერს პოლიტიკური თამაშის ელემენტად განიხილავს. გუშინ თითქოს დათანხმდნენ დისტანციურად ჩართვაზე, ალბათ ჰქონდათ გეგმა, რომ ჩართვის პარალელურად კადრები გამოექვეყნებინათ, რომლითაც დაადასტურებდნენ რომ მიხეილ სააკაშვილი არის სიმულანტი. გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა კიდეც მოვლენების ასეთი განვითარება.

გეგმა ჰქონდათ, მაგრამ შეცვალეს, ალბათ მიხვდნენ რომ ეს გეგმა მთლად ვარგისიანი ვერ იქნებოდა. ჩემი აზრით, იუსტიციის მინისტრის განაცხადი დანაშაულის აღიარებაა. სიმულაცია შეიძლება ეწოდოს პაციენტის ქმედებას, რომლის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არა რეალური გაუარესება ხდება, არამედ მხოლოდ იმიტაცია. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად უარესდება, მაქსიმუმი, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი, არის მკურნალობის საბოტირება, ან თუნდაც სუიციდის მცდელობა. იუსტიციის მინისტრი რადგან ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ამიტომ მისი დასკვნა "სიმულაციასთან” დაკავშირებით წმინდა წყლის სპეკულაციაა. თუ მკურნალობის საბოტირებასთან გვაქვს საქმე და სახელმწიფო ამას მშვიდად ადევნებს თვალს, ეს გახლავთ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

  • ანუ, იუსტიციის მინისტრმა გუშინ მისცა აღიარებითი ჩვენება, ერთგვარად დააანონსა საკუთარი დანაშაული და ამის მტკიცებულების გამოქვეყნებასაც დაგვპირდა.

სწორედ ამიტომ ბრეგაძის განაცხადი ჩავთვალე დანაშაულის აღიარებად. გამოდის სახელმწიფო უყურებს მშვიდად ამას. ეს შეიძლება იყოს როგორც სუიციდში ხელშეწყობა, ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა. თუ შენ ხედავ, რომ ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ, თუნდაც თვითონ აკეთებდეს ამას, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ეკისრება. ბრეგაძემ თქვა კადრებს გამოვაქვეყნებო, ანუ საკუთარი დანაშაულის მტკიცებულებას დავდებო. ჩვენ ჩავდივართ დანაშაულს, ვხედავთ ადამიანი თავს შეგნებულად როგორ იკლავს, მაგრამ ამაზე არანაირ ქმედებებს არ ვახორციელებთ და ამის მტკიცებულებებს გამოვიტანთო. ეს ნიუანსები ეტყობა შემდეგ გაიაზრეს და ამიტომ შეცვალეს გეგმა. სხვა აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ გუშინ თანხმობა თქვეს და დღეს გეგმა შეცვალეს. ცალსახაა, აღმოაჩინეს, რომ მათი გეგმა იყო უვარგისი და ახლა ცვლიან, მაგრამ ამ საქმის გადადება წარმოუდგენელია.

მე სააკაშვილის გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ, მის რეჟიმთან ბრძოლას მოვანდომე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ამ სიტუაციის ატანა არ შეიძლება. სახელმწიფო ზიანდება. ხომ არ შეიძლება მთელი ქვეყანა ცხოვრობდეს ამ ერთი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით.

- თქვენი აზრით, რატომ არ აჩვენებენ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილს?

- როგორც ჩანს, მართლა ცუდად არის. სხვა რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ. ხელისუფლების მოქმედებებიდან გამომდინარე. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ მათ ჯანსაღ მოტივებში, რადგან ყველაფერს სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივით დგამენ. შესაბამისად, ლოგიკურად მიდიხარ დასკვნამდე, რომ არ აჩვენებენ იმიტომ, რომ ცუდად არის და მისი გამოჩენით მიიღებენ პოლიტიკურ ზიანს. სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს.

- იმ შემთხვევაში, თუკი ამ დღეებში კიდევ მეტად დამძიმდა მისი მდგომარეობა, რა მოხდება?

- პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება. ღარიბაშვილი გამოვიდა და ღმერთზე გადაამისამართა თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ როდესაც ადამიანი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. როგორ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის არიდება? ძალიან დიდი სიბრიყვე განაცხადა ღარიბაშვილმა, გამოდის საერთოდ არ ესმის სახელმწიფო მოწყობა, ან გვიყურებს თვალებში და შეგნებულად ტყუილს გვეუბნება.

- მაშინ რატომ მიდის ამხელა რისკზე ხელისუფლება?

- არ იციან რა ქნან. არ დავასახელებ მის სახელს, მაგრამ როგორც ჩანს, ერთ ადამიანს არ სჯერა მისი სტერეოტიპული აზროვნებით, რომ მიშა სააკაშვილი არის ცუდად. რომც მოკვდეს, მაინც არ დაიჯერებს და ალბათ, იტყვის, მისი გეგმის ნაწილი იყო სიკვდილიო. იმასთან კამათს ესენი ვერ ბედავენ. შეიძლება მოსინჯეს და უთხრეს, მართლა ცუდად არისო, მაგრამ მერე უკვე ვეღარ უბედავენ. ეს არის ჩემი აზრი. ახლა ისეთ ჩიხში არიან, არ იციან რა ქნან. კარგი გადაწყვეტა ამ პრობლემის არ აქვთ. აქვთ ცუდი, ან უარესი და ვერ გაურკვევიათ, რომელია უარესი. ამ უბედურებაში არიან.

- ხელისუფლებას ხომ არ ეშინია საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც სააკაშვილის დასჯას ითხოვს და ამ მიზეზით ხომ არ ამბობს უარს?

- ამას ამბობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. პატიება შეუძლია დაზარალებულს. მე ვარ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული და ჩემნაირი ბევრია. ამ ვითარებაში სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია ჩავთვალო, რომ მან საკმარისად აგო პასუხი პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც და ქვეყნის დაწყნარების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მე თანახმა ვარ იგი იქნას გათავისუფლებული. სააკაშვილის სისხლი იცით ვის წყურია? შეიძლება დაზარალებულებშიც იყოს ასეთი ადამიანები, რომლებსაც აგრესია შენარჩუნებული აქვთ, მაგრამ უფრო მეტად წყურია იმ ხალხს, ვინც თავის დროზე სააკაშვილს თავად ემსახურებოდა. სააკაშვილს კობახიძის და სხვების საპატიებელი არაფერი ჭირს. მაშინაც ბუჩქებში იჯდნენ, ძალაუფლება უნდათ და საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობენ.

სააკაშვილი რომ გაუშვან, უცხოეთში რომ ჩავა, გამოჩნდება ეს სკანდალი, კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქნება. სააკაშვილი სულს რომ მოიქვამს და მერე რომ ატეხავს ამბავს, ამისიც ეშინიათ და სირაქლემას პოზიციაში არიან. დახუჭეს თვალი და ელოდებიან. მწყობრი ლოგიკით დღეს რაიმეს პროგნოზირება არ შემიძლია, რადგან არაპროგნოზირებადია ხელისუფლება. რაც ხდება, ეს არის აფექტის მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების სპონტანური ქმედება და შეიძლება ლელა კაკულიამ იცოდეს, რას მოიმოქმედებენ. კიდეც 10 დღე აიღეს, 22 დეკემბრამდე იქნებ წამალი მივაღებინოთ იქამდე, იქნებ ერთი ორი კილო მოვამატებინოთო, ალბათ ფიქრობენ, მაგრამ ამ საგიჟეთში ამ დროს რომ რისკებიც იზრდება, ამაზე არ ფიქრობენ.

ნახეთ ასევე: