ავტორი:

"დღეში 2 ლიტრი წყალიც მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური... მითია ისიც, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო" - ექიმი, რომელიც სამედიცინო მითებს ებრძვის

"დღეში 2 ლიტრი წყალიც მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური... მითია ისიც, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო" - ექიმი, რომელიც სამედიცინო მითებს ებრძვის

არჩილ მარშანია ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და პირველადი დახმარების ინსტრუქტორია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკას საზღვარგარეთ გადის. იგი აჟამად ბრიტანულ კომპანიაში მუშაობს და "როტაციული სამსახურის“ გამო, თვეობით უწევს ქყვეყნიდან წასვლა. საქართველოში ძირითადად საგანმანათლებლო საქმიანობითაა დაკავებული, კითხულობს ლექციებს და არის მიწვეული სპიკერი სხვადასხვა პროექტებში (UNICEF-ისა და გაეროს საქართველოს ასოციაციის პროექტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა).

სოციალურად აქტიური ექიმი, ვისთვისაც პროფესია დღის წესრიგად იქცა, ცდილობს რაღაც შეცვალოს საზოგადოებაში და დაამსხვრიოს სტერეოტიპები. როგორც მეუბნება, ეს ხანდახან კარგად გამოსდის, ხანდახან - ცუდად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სჯერა, რომ მიზანს მიაღწევს. მართალია, "მარსის განაშენიანებას ვერ შევძლებ, მაგრამ მივაღწევ მიზანს - მინდა, სამედიცინო მითები და სტერეოტიპები დავამსხვრიო და 2-3 წელიწადში ნახავთ, თუ როგორი მართალი ვიყავი დღეს“.

არჩილ მარშანია:

- ძალიან მიყვარს სამედიცინო მითების, დეზინფორმაციების კვლევა. აუცილებლად ჩავატარებთ მასტერ კლასებსა და დისკუსიებს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ის გავრცელებული მკურნალობის მეთოდები ან რეკომენდაციებია, რომლებიც, სინამდვილეში, არაეფექტურია. ეს შეიძლება იყოს პირველადი დახმარებით დაწყებული, ვაქცინებით და კვებითი რეკომენდაციებით დამთავრებული.

მაგალითად, პირველად დახმარების დროს გავრცელებულია, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო. ეს მითია, არ ხდება ენის გადაყლაპვა (ასეთ დროს ორი სხვადასხვა მარტივი მეთოდია - თავის უკან გადაწევა, ქვედა ყბის, ნიკაპის წინ წამოწევა, რა დროსაც ენა სცილდება ხორხს და აძლევს სუნთქვის საშუალებას). გულყრის დროს შავის გადაფარებაც მითია და არ შედის პირველად დახმარებაში. ჩემი საყვარელი მითია კვებით დანამატებზე რეკომენდაციები, რომლებსაც ე.წ. სახალხო მკურნალები (და არა მარტო) იყენებენ. ისინი "ორგანიზმის შლაკებისგან გაწმენდას“ ამბობენ, სინამდვილეში კი შლაკები, როგორც ნივთიერება, მედიცინაში არ არსებობს, მოგონილი სიტყვაა, თუმცაღა, იმდენად პოპულარულია, რომ ყველამ იცის, რომ "შლაკებისგან გაწმენდა“ ყოველთვის დადებით ასოციაციას იწვევს ადამიანში. შესაბამისად, ნებისმიერ პროდუქტს რომ დააწეროთ - "წმენდს შლაკებისგან“, ის უფრო კარგად გაგეყიდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარკეტინგული ხრიკია.

"დღეში 2 ლიტრი და მეტი წყალიც“ მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური, ვიღაცისთვის შეიძლება 1 ლიტრი იყოს საჭირო, ვიღაცისთვის - 2 და ვისაც წყალი ძალიან უყვარს - 5-იც. ადამიანი დღის განმავლობაში სითხეს იმ რაოდენობით უნდა იღებდეს, რომ მოსაშარდად 2-4 საათში ერთხელ გადიოდეს და შარდის ფერი ღია ჩალისფერი იყოს. მოგეხსენებათ, უამრავი მითი და მათი წარმოშობის მრავალი მიზეზია - განათლების დეფიციტი, ე.წ. თვითგამოცხადებული მკურნალების აღიარება (შარლატანების), ექიმების ფინანსური ინტერესი სხვადასხვა მედიკამენტების მიმართ, მითები ვაქცინების მიმართ - მაგალითად, როგორც კი დაიწყო კოვიდის ვაქცინის შემუშავება, ამას მოჰყვა ანტივაქსერების მოძრაობა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს არის ცუდი. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების ემოციებზე თამაშობენ და ამითაც ფინანსურ სარგებელს იღებენ და ა.შ.

სამი შვილი მყავს და ბავშვებთან სხვა დამოკიდებულება მაქვს. მინდა, ბავშვებს მხარი დავუჭირო და ვუთხრა - ბავშვებო, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც წვნიანები ჭამოთ (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო კანფეტები მივირთვათ, ბევრი შაქრის მიღება ცუდია). ბავშვი ადეკვატურად, ანუ დღის განმავლობაში თუ სწორად იკვებება, საკმარის სითხეს, ბოსტნეულს, ხილს, ცილებს (ხორცი, თევზი და ა.შ.) იღებს, კონკრეტულად წვნიანში ჯადოსნური არაფერი დევს და ბავშვს თუ არ უყვარს, შეგვიძლია, არ დავაძალოთ. მოწესრიგებული კვება და ძილი არის ჯანმრთელობისთვის მისწრება, თუმცა ამას თან ფიზიკური აქტივობაც უნდა ახლდეს - კვირაში 150 წუთი ფიზიკური დატვირთვა (მაგალითად, მსუბუქი ვარჯიში) თუ გვექნება, ეს არის ძალიან კარგი. წაიკითხეთ სტატია სრულად