ავტორი:

ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვა - ლიკა მანია "უნივერს დენტალის" ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი

ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვა - ლიკა მანია "უნივერს დენტალის" ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი

განსაკუთრებით, თუ ოჯახში არასრულწლოვანი გყავთ, პირის ღრუს მოვლისა და ჰიგიენის საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებსაც მოიცავს, მანამ სანამ ჩვევად, ერთგვარ რუტინად არ გადაიქცევა და ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის საკუთარ კბილებზე ზრუნვა სასიამოვნო რიტუალად არ იქცევა. ბევრი კითხვა დაგვიგროვდა, გადავწყვიტეთ ეს შეკითხვები გამოცდილი სპეციალისტისთვის დაგვესვა და „უნივერს დენტალის“ ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგს ლიკა მანიას დავუკავშირდით.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს დედამ ზრუნვა ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე?

ორსულობა იდეალური დროა იმისთვის, რომ დაიწყოთ თქვენი ბავშვის ადრეული ასაკის კარიესების პრევენცია. ანტენატალურ პერიოდში დედის მიერ გადატანილი დაავადებები, ინფექციები, ანტიბიოტიკოთერაპია, მინერალური ცვლის დარღვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფის კბილის ჩანასახების განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია დედის და ჩვილის პირველი კონტაქტი. კვლევებმა აჩვენა, რომ დედის არანამკურნალები კარიესები, არასანირებული პირის ღრუ, მის ნერწყვში დიდი რაოდენობით პაროდონტოპათოგენური და კარიესოგენული მიკროორგანიზმების არსებობა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ჩვილის პირის ღრუს პათოგენური მიკრობებით დასახლების თვალსაზრისით და სარძევე კბილებში ადრეული ასაკის კარიესების განვითარების კუთხით.

რა ასაკში არის რეკომენდირებული პირველი ვიზიტი ბავშვთა სტომატოლოგთან?

ბავშვთა სტომატოლოგთან პირველი კონსულტაცია სასურველია შედგეს პირველი სარძევე კბილების ამოჭრისთანავე, ანუ ერთ წლამდე ასაკში. ამ ასაკში მშობლის და ბავშვის ვიზიტს მეტწილად პროფილაქტიკური დატვირთვა აქვს და მიმართულია მშობლის ინფორმირებულობისკენ, ამგვარად, გააჩნია საგანმანათლებლო ფუნქცია. ამ ვადაზე მშობელი ღებულობს რეკომენდაციებს ჯანსაღი კვების რეჟიმის და პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ, რადგან კბილების ხეხვა და მოვლა აუცილებელია პირველი კბილის ამოჭრისთანავე. და ამისთვის სხვადასხვა საშუალება და მეთოდი არსებობს. მშობელს მიეწოდება რეკომენდაციები სწორი კვების, საწოვარას მოხმარების და დამტკბარი სითხეების ზომიერად გამოყენების შესახებ , რაც საშუალებას აძლევს მათ თავიდან აარიდონ პატარას ადრეული ასაკის ე.წ. „ბოთლის კარიესები“ ანუ წრიული შავი დეფექტები წინა სარძევე კბილებზე, რასაც სწორედ საწოვარათი დამტკბარი სითხეების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს. ექიმი გამოავლენს ხომ არა აქვს ბავშვს რაიმე მავნე ჩვევა, ხომ არ სუნთქავს პირით, რასაც ასევე მივყავართ ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების ჩამოყალიბებამდე, რომელთა პრევენციაც სწორედ ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ.

ფოტოზე 3 წლის პაციენტი ფრონტალური კბილების ე.წ. ბოთლის კარიესებით და კბილის ყელის მიდამოს ცირკულარული კარიესებით, გამოწვეული საწოვარათი დამტკბარი სითხეების ხანგრძლივი გამოყენებით და დაბალი ჰიგიენით.

ასევე, რეკომენდირებულია ბავშვის ვიზიტი სტომატოლოგთან 2,5-3 წლის ასაკში , როცა სარძევე თანკბილვა უკვე სრულად ჩამოყალიბებულია და ბავშვს აქვს ოცივე სარძევე კბილი. ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება 6 წლის ასაკიც, როცა პატარები იწყებენ კბილთა ცვლას ანუ ყალიბდება ცვლადი თანკბილვა. კბილთა ცვლის პერიოდი, რომელიც საშუალოდ 12 წლამდე გრძელდება საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვის და საჭიროებს უკვე არა მარტო ბავშვთა სტომატოლოგის არამედ ორთოდონტის მხრიდან მართვასაც და მუდმივ მონიტორინგს. 6 წლის ასაკში ბავშვს ეჭრება მე-6 მუდმივი კბილები და ამ ვადაზე რეკომენდირებულია პროფილაქტიკური პროცედურის ჩატარება, როგორიცაა მე-6 მუდმივი კბილების ფისურების ჰერმეტიზაცია.

რატომ არის სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელი, თუ ბავშვს დაზიანებული სარძევე კბილი არ სტკივა და მას მაინც მალე მოიცვლის? იქნებ ჯობია თავიდან ავარიდოთ ექიმთან ვიზიტის სტრესი?

რაც შეეხება სტრესს, მისი თავიდან აცილება და მართვა დღეს ნამდვილად შესაძლებელია, თუკი თავიდანვე სწორად დავგეგმავთ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ადრეული ასაკიდანვე ბავშვის მომართვიანობა სტომატოლოგთან და რეგულარული ვიზიტები გახლავთ სრული გარანტი იმისა, რომ ექიმი მოახდენს მოსალოდნელი დაავადებების პრევენციას და თუ ის მაინც განვითარდა გამოავლენს მას ადრეულ სტადიაში, როცა დაავადების მართვა მარტივია და არ არის დაკავშირებული ტკივილთან. პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა ბავშვებში კბილების პროფესიული წმენდა, ფტორირება, ფისურების ჰერმეტიზაცია არის ძალიან სახალისო ბავშვისთვის, ტარდება შესაბამისი სადემონსტრაციო საშუალებების და თამაშების თანხლებით. ბავშვი ეჩვევა სტომატოლოგთან ვიზიტს, სტომატოლოგიური პროცედურა მისთვის აღარ ასოცირდება ტკივილთან, სტრესთან და შესაბამისად ბავშვს არ უყალიბდება ფობიები. დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხერხდება ბავშვის ადაპტაცია და ის არაკოოპერატიულია, რეკომენდირებულია მკურნალობა სედაციით (ე.წ. მალხენი აირით) ან ზოგადი გაუტკივარებით (ე.წ. ნარკოზით) და არავითარ შემთხვევაში ბავშვზე ფსიქოლოგიური (სიტყვიერი) ან ფიზიკური (გაკავება) ზეწოლით, რათა კიდე უფრო არ გავაღრმავოთ არსებული ფობიები. ამგვარად, ჩემი რეკომენდაცია მშობლებისთვის იქნებოდა აირჩიონ პრევენცია მკურნალობის ნაცვლად. რაც შეეხება სარძევე კბილების მკურნალობის აუცილებლობას, მინდა შევახსენო მშობლებს, რომ ყველა სარძევე კბილის ქვეშ ბავშვს აქვს მუდმივი კბილის ჩანასახი. დაზიანებული სარძევე კბილი გახლავთ ქრონიკული ინფენქციის წყარო, რომელიც აინფიცირებს და აზიანებს მუდმივი კბილის ჩანასახს და ასევე განიხილება, როგორც პოტენციური რისკ-ფაქტორი სხვადასხვა სისტემური და რევმატოიდული დაავადებების განვითარების თვალსაზრისით.

ფოტოზე ჩვენი 7 წლის პაციენტის ახლად ამოჭრილი ცენტრალური მუდმივი საჭრელი კბილი, რომელიც ამოიჭრა დაზიანებული ლოკალური ჰიპოპლაზიით, რადგან მისი წინამორბედი სარძევე კბილი დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა არანამკურნალები ქრ. ანთებით.

გარდა ამისა, დაზიანებული სარძევე კბილების არსებობისას, ბავშვები ქვეცნობიერად ერიდებიან ღეჭვას დაზიანებული კბილის მხარეს, არ სიამოვნებთ მაგარი საკვების დაქუცმაცება, ზარმაცდებიან და კომპენსატორულად იწყებენ რბილი საკვების და ნახშირწყლების მიღებას, რომ სწრაფად დაიკმაყოფილონ შიმშილი. სწორედ ამ დროს იკვრება მანკიერი წრე, რადგან არ ხდება კბილების ფიზიოლოგიური თვითწმენდა მაგარი საკვებით, მატულობს ნადები კბილის ზედაპირზე, ვარდება პირის ღრუს ჰიგიენა და ყალიბდება კარიესოგენული სიტუაცია. ამგვარად, არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება: ნებისმიერ ასაკში ბავშვის პირის ღრუ უნდა იყოს სრულად სანირებული. აქვე მინდა შევახსენო ჩვენს მშობლებს, რომ ჯანმრთელი პირის ღრუს და თეთრი კბილები გახლავთ ბავშვის ფსიქო- სოციალური სტატუსი და ერთგვარი სავიზიტო ბარათი საზოგადოებაში, სადაც ის რეალიზდება.

იმისათვის რომ ბავშვის პირის ღრუ იყოს სრულად სანირებული რამდენად ხშირად უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს?

ზოგადად მიჩნეულია, რომ საჭიროა წელიწადში 2 ჯერ ბავშვის ვიზიტი სტომატოლოგთან, თუმცა აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვა ინდივიდუალურია და ამას თქვენი სტომატოლოგი ზუსტად განსაზღვრავს.

NS