ავტორი:

"ჩემი ძმა მიყვიროდა, მამა რაღაცებს მაბრალებდა, ბებია კი..."- რას ჰყვება ჰარი ოჯახის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მისი და მეგანის სამეფოდან წასვლა გადაწყდა

"ჩემი ძმა მიყვიროდა, მამა რაღაცებს მაბრალებდა, ბებია კი..."- რას ჰყვება ჰარი ოჯახის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მისი და მეგანის სამეფოდან წასვლა გადაწყდა

Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში, რომელიც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, წყვილმა გაიხსენა ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც 2020 წლის იანვარში გაიმართა და მათი მომავალი გადაწყვიტა.

შეხვედრაზე განიხილეს ჰარისა და მეგანის სამეფო ოჯახიდან წასვლის საკითხი. ეს ამბავი ბრიტანეთიდან "გაქცეულთათვის" უსიამოვნო მოგონებად რჩება.

ჰარი ფილმში ყვება, რომ მან პირად მდივნებს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც შეხვედრას და სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან თავის დახსნის თემაზე საუბარს ითხოვდა, მაგრამ მისი მოთხოვნა უარყვეს.

პრინცი მხოლოდ მას შემდეგ მიიწვიეს სასაუბროდ, რაც მეგანი კანადაში დაბრუნდა. ამის გამო წყენა მეგან მარკლს დღემდე გამოჰყვა: "წარმოიდგინეთ საუბარი მრგვალ მაგიდასთან, სადაც თქვენი მომავალი წყდება და ამდენი რამაა საფრთხის ქვეშ. და თქვენ, როგორც დედა, ცოლი არ ხართ იქ მიწვეული", - ამბობს მეგანი.

ჰარიმ გაიხსენა 90-წუთიანი დისკუსია, რომელიც ძმასთან, პრინც უილიამთან, მამასთან და ბებიასთან ჰქონდა.

"როცა შეხვედრაზე მივედი, მათ არჩევანის რამდენიმე ვარიანტი შემომათავაზეს. მე კი ავირჩიე, რომ მე და მეგანს საკუთარი სამსახურები გვექნებოდა, მაგრამ ასევე ვიმუშავებდით დედოფლის მხარდასაჭერად", - იხსენებს პრინცი ჰარი.

მისივე თქმით, უილიამს მისი არჩევანი არ მოეწონა და ძმას ყვირილი დაუწყო: "ძალიან სწრაფად გაირკვა, რომ შეხვედრის მიზანი არ იყო დებატები ან განხილვა. საშინელი შეგრძნება იყო, როცა ჩემი ძმა მიყვიროდა, მამა კი ისეთ რაღაცებს ამბობდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროს ბებია უბრალოდ იჯდა და ყველას ჩუმად გვისმენდა", - ამბობს ჰარი.

მიუხედავად ამისა, ჰარი განმარტავს, რომ ესმის ოჯახის, ესმის, რომ მათი მთავარი მისია და პასუხისმგებლობა ინსტიტუციის მსახურებაა.

"ყველაზე საწყენი რამ, რაც ამას მოჰყვა, ჩემსა და ჩემს ძმას შორის უთანხმოება იყო, რომელიც ინსტიტუციის მხარეს იჭერდა. გარკვეულწილად მესმის მისი, ეს უილიამს მემკვიდრეობით ერგო. მასში უკვე ფესვგადგმულია ეს აზრი, რომ მისი პასუხისმგებლობაა ინსტიტუტი გადაარჩინოს და მას ემსახუროს", - ამბობს პრინცი.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა