ავტორი:

2022 წელს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა 75% შეადგინა - "პალიტრის პრაქტიკული აკადემიის" დირექტორი

2022 წელს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა 75% შეადგინა - "პალიტრის პრაქტიკული აკადემიის" დირექტორი

ნებისმიერ სფეროში თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები და გამოცდილება პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია. ზოგიერთ სასწავლო კურსზე უმაღლესი განათლების საფეხურებზეც კი, პრაქტიკის დაგროვება ჩვენს ქვეყანაში ისევ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის მედიის მიმართულებითაც.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ 2014 წელს დაფუძნდა „პალიტრის პრაქტიკული აკადემია“, რომლის მიზანიც დუალური სწავლების დანერგვით პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება იყო. აკადემია უკვე 8 წელია, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა კურსს და ყოველწლიურად გვაცნობს კურსდამთავრებულების წარმატებას.

რა მიღწევები აქვს აკადემიას წელს და სად საქმდებიან შემდეგ მისი კურსდამთავრებულები, ამის შესახებ „პრაქტიკული აკადემიის“ დირექტორსა და „პალიტრა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თეონა კუპატაძეს ვესაუბრეთ:

როგორ შეაჯამებთ „პრაქტიკული აკადემიის“ საქმიანობას გასულ წელს? როგორი შედეგები მიიღეთ? როგორი უკუკავშირი გაქვთ კურსდამთავრებულებისგან?

„მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამა“ „პალიტრა აკადემიის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა, პროგრამის მიზანი მედიის მიმართულებით ახალი გუნდის წევრების მოძიება, მათი პოტენციალის შესაბამისად მედიის კონკრეტული მიმართულების შერჩევა და ამ გზით განვითარებაა.

პროგრამის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს კურსდამთავრებულების დასაქმება. ამჟამად საკმაოდ მაღალი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს (75 % მეტი).

ბოლო პერიოდში პროგრამა დაიხვეწა და უფრო საინტერესო გახდა მონაწილეებისთვის. პროგრამის განმავლობაში ვახორციელებთ კურსდამთავრებულების და მენტორების გამოკითხვას, აქტიურად ვსაუბრობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ვცდილობთ სწავლების პროცესი იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული.

პროგრამის პირველი ნაწილი მასტერკლასებს ეთმობა და მას უძღვებიან თავიანთ სფეროში აქტიური პრაქტიკის მქონე სპიკერები.

პროგრამის პირველ ნაწილში გვაქვს შემოქმედებითობის განვითარების ტრენინგიც და შესაბამისი აქტივობა, მაგალითად, ბოლო ნაკადზე გვქონდა Drum მასტერკლასი.

პროგრამის მეორე ეტაპზე მონაწილეები მედიის ყველა მიმართულებით (ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ვებმედია) მონაცვლეობით გადიან პრაქტიკას, ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ძალები მოსინჯონ კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით.

პროგრამის ბოლოს მონაწილეები მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით ამზადებენ პროექტს და აჯამებენ სწავლის პერიოდს, რომლის შემდგომაც ვიღებთ გადაწყვეტილებას დასაქმებასთან დაკავშირებით.

რამდენად გაამართლა პროექტმა თქვენი მოლოდინი? არის თუ არა ეს მოკლევადიანი კურსი იმდენად ყოვლისმომცველი, რომ შემდეგ მონაწილემ თავის პროფესიაში თავის სრულფასოვნად წარმოჩენა შეძლოს?

პროგრამა საკმაოდ ეფექტიანია, ამაზე დასტური კი უკვე არსებული გამოცდილება და ბიზნესის წარმომადგენლების კმაყოფილებაა. მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ და მხოლოდ მცირედით საჭიროებენ მიმართულების მიცემას.

პროგრამა არის პირველი ძირითადი ნაბიჯი, რომელიც მონაწილეს მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს და ეხმარება იპოვოს საკუთარი ადგილი მედიის სფეროში.

აგრძელებენ თუ არა კურსდამთავრებულები თავიანთ პროფესიაში საქმიანობას და ხდება თუ არა ეს ძირითადად „პალიტრა მედიის“ პლატფორმებზე?

კურსდამთავრებულების დიდმა ნაწილმა იპოვა საკუთარი ადგილი და წარმატებული კარიერა შექმნა მედიის სფეროში. კურსდამთავრებულებს შორის არიან „პალიტრანიუსის“ დილის გადაცემის წამყვანები, მულტიმედია ჟურნალისტები. აღსანიშნავია, რომ აკადემიის ზოგიერთი კურსდამთავრებული სხვა ტელევიზიებშიც მუშაობენ.

დაბოლოს, რა სამომავლო გეგმები აქვს „პრაქტიკულ აკადემიას“?

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავიაზროთ მონაწილეებს საჭიროებები, ინტერესები და განვავითაროთ პროგრამა, გავხადოთ შედეგზე და მედიის საჭიროებებზე ორიენტირებული, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

აღსანიშნავია, რომ „პრაქტიკული აკადემიის“ ახალ კურსს 2023 იანვრიდან ვიწყებთ. ვისაც აინტერესებს მედიის სფერო და სურს, საკუთარი ძალები მოსინჯოს, შეუძლია, გაიაროს რეგისტრაცია და შემოუერთდეს ჩვენს გუნდს.

რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით ბმულს.