"თუ ვინმეს სურს კითხვის დასმა, მიიღებს პასუხს, თუ ვინმეს სურს დებოში და არევა, ისიც მიიღებს პასუხს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.
"ამისთვის არის "მინისტრის საათი" და საპარლამენტო ზედამხედველობის სხვა ინსტრუმენტები, რომ კრიტიკული კითხვები დაისვას და მინისტრმა უპასუხოს. რაც შეეხება ატმოსფეროს, მე მოშიმშილეებთანაც ეს(თხოვნა) მქონდა, რომ იყოს სიმშვიდე, ერთია საკუთარი პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა, მეორეა წესრიგის დარღვევა, ერთი მეორეში არ უნდა გადადიოდეს, ამიტომ დარბაზს რაც შეეხება სრულად უზრუნველყოფილი იქნება სიმშვიდე, თუ ვინმეს სურს კითხვის დასმა, მიიღებს პასუხს, თუ ვინმეს სურს დებოში და არევა ისიც მიიღებს პასუხს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინებზე, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება გამოიწვიოს შიმშილობამ რაიმე სახის კრიზისი და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება როცა არ ზეიმობს, ეს არის სწორედ კრიზისის საფუძველი და არა პირიქით.
"ეს გახლავთ სასამართლოს კომპეტენცია და ექიმების მონაცემებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას, აქ პარლამენტი არაფერ შუაშია. ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, მთელი ირონია და პარადოქსი არის იმაში, რომ ის ხალხი, ვინც თითქოს საქართველოზე ზრუნავენ შიგნით თუ გარეთ და მოგვიწოდებენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისკენ მაშინ, როცა მიდის სასამართლო პროცესი, საექსპერტო დასკვნების გაცნობის სტადიაა, ვხედავთ ადამიანებს, ვინც პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე, უთითებს, რა იქნებოდა მიზანშეწონილი და სწორი გადაწყვეტილება სასამართლოდან. ეს არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოში.
მართლმსაჯულება როცა არ ზეიმობს, ეს არის სწორედ კრიზისის საფუძველი, როცა მართლმსაჯულება მოქმედებს, სამართალი ზეიმობს, შეუძლებელია ამან რაიმე კრიზისი გამოიწვიოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.