ავტორი:

"ავთოც გაფრინდა... პატარა კაცი იყო, მაგრამ სულ წინა ხაზზე იდგა" - როგორ მოხვდა იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი CNN-ზე: ხიფათებით სავსე ცხოვრება და კაცი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის სახედ იქცა

"ავთოც გაფრინდა... პატარა კაცი იყო, მაგრამ სულ წინა ხაზზე იდგა" - როგორ მოხვდა იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი CNN-ზე: ხიფათებით სავსე ცხოვრება და კაცი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის სახედ იქცა

"მიდიან ბიჭები დაუფასებელნი, გაჭირვებულნი, განადგურებულნი... დაღლილნი... ავთო ხვიჩიაც გაფრინდა... მანანა ხვიჩიას ძმა და იპოლიტე ხვიჩიას შვილობილი... ყველა ომგამოვლილი ადამიანი... კარგი მხატვარი და... ეჰ! რა მნიშვნელობა აქვს!.. ჩვენი, ყველას ავთო ხვიჩია", - ეს თამრიკო მოლაშვილის, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის პოსტია, რომელსაც ასევე ახლდა CNN-ის ცნობილი ფოტო. ის 2007 წლის 7 ნოემბერს არის გადაღებული, რუსთაველის გამზირის დარბევის დროს. ავთო ხვიჩია ასფალტზეა წაქცეული.

როგორც შევიტყვეთ, ბატონი ავთო უშიშარი ადამიანი ყოფილა, ის ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოში ყველა საომარ მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული. ბუნებით ოპოზიციონერი ყველა მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა.

AMBEBI.GE ავთო ხვიჩიას მეუღლეს, თამარ მაისურაძეს ესაუბრა. ქალბატონმა თამარმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეუღლე დაკარგა, გულწრფელად და დიდი სიყვარულით ისაუბრა მასზე. ამასთან, გავიხსენეთ გენიალური იპოლიტე ხვიჩია და ხვიჩიების ოჯახი.

"გასულ ზაფხულს ქობულეთში ვიყავით, წვიმიანი ამინდები იყო, ამიტომ კარგად ვერ დავისვენეთ, მაგრამ ოჯახის წევრებმა ავთოს 67 წლის იუბილე იქ აღვნიშნეთ. იქიდან რომ ჩამოვედით, ავად გახდა და სამწუხაროდ, ნოემბერში გარდაიცვალა... დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვებზე ზრუნავდა და ეს იყო მისთვის უმთავრესი რამ...

პატრიარქმა ილია II-ემ სამძიმრის წერილი გამოგვიგზავნა, სადაც წერს, რომ „ავთანდილ ხვიჩიამ ჯანმრთელობა ქვეყნის სამსახურს შესწირა, სამშობლოს დასაცავად და მოყვასის გადასარჩენად თავი არ დაუზოგავს,“ - გვიყვება თამარ მაისურაძე.

- 2007 წლის 7 ნოემბერს ფოტომ მსოფლიო მოიარა. მასზე ბატონი ავთოა აღბეჭდილი, რომელიც რუსთაველზე მიტინგის დარბევისასაა გადაღებული. ის ასფალტზე, შუა ქუჩაშია დავარდნილი...

- ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ავთო პატარა კაცი იყო, მაგრამ მუხასავით ძლიერი და ყოველთვის კლდესავით იდგა. ყველგან წინა ხაზზე აღმოჩნდებოდა ხოლმე და ასე იყო იმ 7 ნოემბერსაც...

თუმცა ავთოს ცხოვრებას თან ღიმილიც დაჰყვებოდა და ეს ფოტო მის მეგობარს, ალექსანდრე ჩიტიშვილს რომ უნახავს, შეხუმრებულები იყვნენ და ავთოს სიცილით უთხრა - ხვიჩია, ძლივს არ გნახე წაქცეულიო?.. ხომ ვამბობ, ყველა ასეთი მოვლენის ეპიცენტრში იყო, ყოველთვის სულ წინ იდგა.

მაგ დღეს მეგობართან ერთად კოლმეურნეობის მოედანზე გახლდათ, ბიჭები იქ იკრიბებოდნენ... მიტინგი რომ დაარბიეს, სახლში არ მოსულა. მძიმე დღე იყო და საერთოდ, მეც არაფერი მახსოვს, თუმცა ის კი კარგად მახსოვს, რომ შემდეგ ინსულტი მიიღო. იქ რაღაც შეასხეს, თუ გაზი გაუშვეს...

- საოცარია, გაგრის დაცემისას 1993 წელს როგორ გადარჩა...

- ეგ მართლა სასწაული იყო. მანდ იყო ასეთი ეპიზოდი, ბიჭები წამოწოლილი არიან, ისვენებენ, ავთო ტყიდან მოდის. რომ დაინახეს, უთხრეს - მთელი „აბოემა“ დაცალეო? დავცალე, აბა, რა ვქენიო. სნაიპერს დასდევდა... კონტუზიაც ბევრჯერ აქვს მიღებული. გაგრის დაცემის შემდეგ, ერთ-ერთმა მეგობარმა ამბავი ჩამოიტანა, ხვიჩია ჩემი ხელით დავმარხე, მკვდარიაო. ეს რომ გავიგეთ, ჩემი მული, მანანა ტელევიზიაში მუშაობდა. მთელი ღამე გაათენეს, გაგრის კადრებში, მკვდრებში ავთოს ეძებდნენ. დილას მითხრა, მკვდრებში არ არისო. სინამდვილეში რა მოხდა: თურმე გვამებში სისხლიანი ეგდო და იმ მეგობარს ეს უნახავს. ჩათვალა, რომ გარდაცვლილი იყო და აქ ჩამოსულმა თქვა, - მე დავმარხეო. იქ არავინ არავის მარხავდა, რადგან ამის საშუალება არ იყო, ყველა გარბოდა...

ავთო ჰყვებოდა, - გონს რომ მოვედი, ტანკები დავინახე, რომლებსაც შავი ხელები ეხატათო. მტრის ტანკები იყო... გამოფხიზლდა, ფეხზე წამოდგა და როგორღაც ტყეში გაიქცა. იქ სხვა ბიჭები შეუერთდნენ - 60 კაცი შეიკრიბა, რომლებიც ალყაში აღმოჩნდნენ... ფოთლებს ჭამდნენ, არ ეძინათ, ფხიზლობდნენ და უმძიმეს სიტუაციაში იყვნენ. მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, ამ ყველაფრისგან თავი დაეხსნათ. ბოლოს მწყემსების საძოვრებზე ავიდნენ, სადაც დიდხანს მოუწიათ ყოფნა... ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც ვმუშაობდი, დიტო კიკვაძემ სპეციალური სამსახური შექმნა, ომში რომ წავიდა იმ სამსახურის ტელეფონები გავატანე, - რა იცი, რა დროს დაგჭირდება-მეთქი. რაზმში პატარა სომეხი ნათლული, გარიკა ჰყავდა, არ ვიცი, როგორ, მაგრამ მან გაგრაში ჩამოსვლა მოახერხა, აღნიშნულ ნომრებზე დარეკა და იმ სამსახურს რაზმის კორდინატები მიაწოდა. შემდეგ იქ თბილისიდან ვერტმფრენი ჩაფრინდა და ისინი იქიდან გამოიყვანეს. ამ ფაქტით გაოცებული ვიყავი, რომ ტელევიზიაში შექმნილმა იმ სამსახურმა ეს შეძლო.

ომიდან რომ ჩამოვიდა, ალპინისტის „ბათინკები“ გაიხადა, გამირეცხე და როიალზე დამაწყობინა. გვეკითხებოდნენ - აქ ეს რატომ გიდევთო? იმიტომ, რომ ამან გადამარჩინაო - ასე უპასუხებდა.

არადა, იმდენი ტანჯვის შემდეგ მწყემსების საძოვრებზე რომ მოხვდნენ, საჭმელ-სასმელი დახვდათ. ყველიც იყო, ხორცის კონსერვები და ხინკლის კეთება დაუწყიათ. ის იყო, წყალი ადუღდა, ხინკალი მზად იყო, უნდა ჩაეყარათ და ვერტმფრენების ხმა გაისმა, თავიდან მტერი ეგონათ და ყველანი ადგილზე გაცივდნენ. როდესაც გაირკვა, ვერტმფრენები მათ საშველად იყვნენ ჩამოსული, უცნაურია, მაგრამ იმდენი ხნის მშივრებს, ხინკალი არ გვეთმობოდა, წასვლაზე ფეხს ვითრევდითო. რა თქმა უნდა, დატოვეს ყველაფერი, წამოვიდენ და თბილისში ჩამოაღწიეს.

ავთო ხვიჩია შვილიშვილთან ერთდ

- როგორც ჩანს, არ ეწერა გარდაცვალება...

- კი და ასეთი ამბავიც მომხდარა, ავთო ჰყვებოდა: გაგრიდან რომ გადიოდნენ, საოცარი მზის ჩასვლა ყოფილა, ისეთი ლამაზი, ნარინჯისფერი მზე არასდროს მენახაო. სინამდვილეში, მზის ჩასვლა კი არა, ჩვენ წინ მართკუთხედი სინათლის სვეტი ჩამოვიდა, მიწამდე დაეშვა, გაწვა, ერთ-ერთ გზას გაჰყვა და ისრის სახე მიიღო, ანუ სწორი მიმართულება აჩვენა. ამ სასწაულის წინაშე მუხლებზე დავეცით და მიწას თავი ვურტყითო. იმდენი ტანჯვის შემდეგ, გაგრიდან ისე ჩამოვიდნენ, ერთი ნაკაწრი არ ჰქონდათ...

- შვილიშვილებისთვის იპოლიტე ალბათ დიდი იმედი იყო და მათ შორის ბატონი ავთოსთვისაც...

- ის ზოგადად ოჯახის ყველა წევრისთვის სიხარული, იმედი, ზურგი და კედელი იყო. რომ გარდაიცვალა, აღარ ვიცოდით, როგორ გვეცხოვრა. ხშირად სატელეფონო ზარით აგვარებდა ამა თუ იმ საკითხს და არა მარტო ოჯახის წევრებისთვის, სრულიად უცხო ადამიანებისთვისაც, მაგალითად, სამსახურში აწყობდა. ერთხელ რეზო ჩხეიძესთან რეკავს, ჩემი დისშვილი სამსახურში მინდა, მოვაწყოო, არადა, მეზობელ ქალბატონზე იყო ლაპარაკი, რომელიც ჩვენთან სახლში დედასთან ერთად გვსტუმრობდა ხოლმე და იპოლიტეს ლოტოს ფულზე ეთამაშებოდნენ. ძირითადად უგებდნენ... რეზო ჩხეიძემ სამსახურში ის ქალბატონი მოაწყო, რომელიც იქ ძალიან წარმატებულად დასაქმდა.

იპოლიტეს დიდი ოჯახი

- რძალს როგორ შეგხვდათ?

- ...ძალიან მოკლე კაბით გავთხოვდი, რადგან მაშინ მინი იყო მოდაში... ჩემი გათხოვებიდან წლები იყო გასული, ტელევიზორში რაღაც ფილმს ვუყურებთ და ვიღაცას მოკლე კაბა შევნიშნეთ. იპოლიტეს ჩემი მული ეუბნება, - აი, ასეთი მოკლე კაბები ეცვა შენს საყვარელ რძალსო. რას ამბობ, ჩემი რძალი ასეთ კაბას არ ჩაიცვამდაო - მიუგო იპოლიტემ... ავთომ მათთან რომ მიმიყვანა, კარგად შემხვდნენ, თან გადამყვნენ, ვახშამი გაამზადეს. რომ ვივახშმეთ, წამოვდექი ჩვეულებისამებრ და მაგიდის ალაგება დავიწყე. იპოლიტე ცოლს ანიშნებდა, შეხედე, შეხედე, რა გოგოა. უხაროდა, რომ უსაქმური არ შევხდი. კარგი ურთიერთობა გვქონდა...

უკვე ავად იყო იპოლიტე და სახლში ლოგინში იწვა. სოფლიდან ცოლის შორეული ნათესავი ჩამოუვიდა. იონიკის ყიდვა მინდა, მითხრეს, თბილისში იშოვიო. მოკლედ, იპოლიტეს მისთვის იონიკა საწყობიდან უნდა გამოეტანა. წამყვებიო? - სთხოვა. წამოდგა, ჩაცმა დაიწყო და მიდის. სად მიდიხარ, სად მიყვები, ცუდად ხარ, ვეუბნებით... იცით, რა თქვა? - ვერ გაიგებენ, რომ არ შემიძლიაო. მერე ჩავსხედით ტაქსიში და ორთაჭალაში, ტექნიკის მაღაზიაში წავედით და იმ ბიჭმა იონიკა იყიდა.

მანამდე იპოლიტემ ჰკითხა, - რად გინდა იონიკა? ქორწილებში უნდა ვიარო და დავუკრაო. ბიჭო, დაკვრა თუ იცი, კონსერვატორიაში მოგაწყობო. კონსერვატორია არ მინდა, ქორწილებში ფული უნდა გავაკეთოო. რამეს კი არ აირიდებდა, დახმარებას იქით შესთავაზებდა.

ეს რაც მის ცხოვრებისეულ საკითხებს შეეხება და როგორც არტისტი ხომ გენიალური იყო, რაც ყველაფერში და ყოველთვის ეტყობოდა. უბრალოდ, ნარდის თამაშისას, უცებ რაღაც ისეთ მიმიკას მიიღებდა, ისე გაიხედავდა, იმ ერთი მიმიკით ყველაფერს ამბობდა, მთელ ეპიზოდს დგამდა.

- ბატონ ავთოს ბაბუასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- ჩემს ქმარს ცხოვრებაში არ უმუშავია. თავისუფალი მხატვარი იყო და ჭეშმარიტი ხელოვანი. ასეთი გახლდათ დაბადებიდან. თავისებური ხედვა, ცხოვრება, ბოჰემა - ყველაფერი ეს ჰქონდა. ოჯახი რომ შევქმენით, იპოლიტე სხვა ბინაში გადავიდა. ერთ დღესაც მანქანით მოგვაკითხა და ეზოდან ავთოს ეძახის, ჩამოდიო. ეს არ ჩადიოდა. იპოლიტემ ლუდი და ქაბაბი აჩვენა, - ჩამოდი, ლუდზე და ქაბაბზე გეპატიჟებიო. ვიცი, რა ლუდზეც მეპატიჟები, ჩამომიყვან და მერე სამსახურში მომაწყობო... მართლაც, წაიყვანა და თოჯინების ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებულ სამხატვრო ტექნიკუმში პედაგოგად მოაწყო.

- "თოჯინები იცინიან“ სცენა გაუმეორებია...

- კი, ავთოს რეზიკოს ეძახდა... ის სამხატვრო ტექნიკუმი აფრიკაში იყო, 25 მანეთი უნდოდა ტაქსით მგზავრობას. ტაქსით მიდიოდა და მოდიოდა. აიყოლია იქაური მოსწავლეებიც და ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე არმაზის ხეობაში, მცხეთაში დაჰყავდა. იმ ბავშვების მშობლები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ - ეს რა მასწავლებელი ვნახეთო. იქ ცოტა ხანს გაჩერდა, დიდხანს ვერსად ჩერდებოდა. მუშაობდა ასევე ზურა წერეთელთან ჭედურობაზე და გია ჯაფარიძესთან ქანდაკებაზე...

...მანანა და ავთო ტყუპები იყვნენ, მანანა 4 კილო დაიბადა, ავთო კილო და 900 გრამი, თან, ქუდბედით. ამბობდა, დაბადებიდან ჯენტლმენი ვარ, მანანას გზა დავუთმე, ქუდი მოვუხადე, რომ მოდიოდაო. მანანა იპოლიტეს საყვარელი შვილიშვილი იყო და გამორჩეულად უყვარდა. სამწუხაროდ, ისიც აღარ არის...

სულ 5-ნი იყვნენ. დარჩნენ ორნი - ბესიკი და ნუკრი. ნუკრი ის პატარა გოგოა ფილმში „ფეოლა“ რომ თამაშობს. „პატარა გოგო, ვინ უკრავს? ჩემი ძმა, ბესიკი“...

ავთო ხვიჩია შვილიშვილებთან ერთად

- რა იყო თქვენთვის ხვიჩიების ოჯახთან ცხოვრების დაკავშირება?

- მე ვიყავი წიგნის ჭია. ჩემი ოცნება ბიბლიოთეკარობა იყო და უცებ ასეთი ბოჰემური ადამიანი ტყეში ალპინიადაზე გავიცანი. ეს ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოჩნდა, რომელშიც შევედი. მერე ავყევი ჩემი ქმრის ცხოვრებას, იყო მისი ქეიფები, დროს ტარება... ერთხელ ჩემი, როგორც წარჩინებული მოსწავლის სურათი გაზეთში დედამთილმა ნახა: შვილო, ამ ოროსანს როგორ გამოყევიო?!. არადა, ავთო უნიჭიერესი ადამიანი იყო, ბრწყინვალედ უკრავდა, კომუნიკაბელური, ადამიანების მოყვარული, თბილი, სხვებზე გადაყოლილი ადამიანი გახლდათ. თან, ამ თავის სიტუაციაში სხვების აყოლიებაც შეეძლო. წაიყვანდა მთაში, ბუნებაში, მწვერვალებზე, რადგან მთამსვლელიც იყო.

- ფათერაკებიც საკმარისად ჰქონდა, ალბათ...

- ერთხელ სახლში გახვრეტილი ხელით მოვიდა. დანა ჰონდა ხელში გაყრილი. გული შემიწუხდა, ცუდად გავხდი, მეზობელმა მოუარა, ჭრილობა დაუმუშავა და შეუხვია. მეორე დილით ვიღაც ქალი მირეკავს, - მე თქვენ არ მიცნობთ, გუშინ თქვენმა მეუღლემ, ჩემი უმცროსი შვილი სიკვდილს გადაარჩინა. გულში დანას ურტყამდნენ, ხელი ააფარა, თავად კი დაზიანდაო. ხომ გეუბნებით, სრულიად უცხოსთვის თავს გადადებდა. მისთვის თქმაც არ იყო საჭირო, რომ ვინმეს შველა სჭირდებოდა. დასახმარებლად წამიერად მზად იყო. ასე იცხოვრა...

...უნაკლო არ იყო, მაგრამ შიგნით ჰქონდა მთავარი, ანათებდა - ამას ბევრი აღნიშნავს. თავგანწირვის უნარი და უსაზღვრო სიყვარული ჰქონდა. გარეთ ქურთუკით გასული, სახლში ტიტველი ბრუნდებოდა. ამის მაგალითად ეს ამბავი გამოდგება. ერთხელ შინ გაგრის თანამებრძოლი მოიყვანა და მეუბნება - ჩემი ლურჯი შარვალი სად არისო? ეს იყო მისი ბოლო საბრძოლო ფორმა, რომელიც ძალიან უხდებოდა. მივხვდი, რატომაც კითხულობდა. სასწრაფოდ აბაზანაში ჩავყარე და დავასველე. გარეცხილია და სველია-მეთქი. რა პრობლემაა? გავწურავ, პარკში ჩავდებ და ისე გავატანო. ასეც მოიქცა. ვიღაცას სცივა და არ ვაჩუქოო?! - იცოდა ხოლმე თქმა. მოკლედ, შიგნიდან იყო დიდი ადამიანი, ეს ყველაფერი, რაც ჩვენ, მის ოჯახს ზოგჯერ გვაბრაზებდა, გვაზარალებდა კიდეც, პატარა წვრილმანები იყო... ასეთი ავთო სამწუხაროდ გვერდით აღარ გვყავს.