ავტორი:

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლებას ითხოვს

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლებას ითხოვს

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლდნენ.

ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დგინდება, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმით ზარალი "თიბისი ბანკს“ მიადგა და შესაბამისად, დაზარალებული "თიბისი ბანკია“. პროკურორის მტკიცებით, ამის თაობაზე საქმეში ოფიციალური დოკუმენტიცაა წარმოდგენილი.

"შეგიძლიათ ნახოთ სხდომის ოქმები, ჩვენი საჯარო განცხადებები, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ აღნიშნული ქმედებით, კერძოდ, თაღლითობით ზიანი მიადგა “თიბისი ბანკს” და შესაბამისად, დაზარალებული არის “თიბისი ბანკი”. უბრალოდ, ეს არის ფორმალური საკითხი, ვინაიდან, თაღლითობის მუხლი იყო ხანდაზმული, არ მომხდარა დადგენილების გამოტანა დაზარალებულად ცნობის თაობაზე. ჩვენ ოფიციალური დოკუმენტიც გვაქვს წარმოდგენილი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე, სადაც ნამსჯელია, რომ თაღლითობა მომხდარია. აქ, საუბარია, ვის მიადგა ზიანი. შესაბამისად, ოფიციალური დოკუმენტიც საქმეში წარმოდგენილია. ამდენად, არასწორია დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოს დოკუმენტები საქმეში არ არის. თავად, დაცვის მხარემაც გააჟღერა თავის დასკვნით სიტყვაში, რომ “თიბისი ბანკს” შეტანილი აქვს სარჩელი “მარტელო გრუპის” მიმართ და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. საუბარია თანხებზე, რომელიც სესხის სახით იყო ფორმალურად გაცემული. რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს განაჩენი, რომლითაც სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლი შეცვალა თაღლითობით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასწორი შეფასება მისცა კვალიფიკაციის ნაწილში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას იმ მხრივ, რომ ბრალდებულების მსჯავრდება მოხდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით”, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 იანვარს, 16:00 საათზე ჩანიშნა, სადაც შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.