ავტორი:

"თუკი 2012 წლამდე ციხეებში "წამების ფესტივალები“ იმართებოდა, სადაც მართლაც რომ ჯალათები ერთობოდნენ, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება" - რატი ბრეგაძე

"თუკი 2012 წლამდე ციხეებში "წამების ფესტივალები“ იმართებოდა, სადაც მართლაც რომ ჯალათები ერთობოდნენ, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება" - რატი ბრეგაძე

თუკი 2012 წლამდე ციხეებში "წამების ფესტივალები“ იმართებოდა, სადაც მართლაც რომ ჯალათები ერთობოდნენ, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, რაც "ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა პირობები გაუმჯობესდა.

"პირველად გაიმართა ნომერ 16 დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი 7 სხვადასხვა სახეობაში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა კიდევ - თუკი 2012 წლამდე "წამების ფესტივალები“ იმართებოდა, სადაც მართლაც რომ ჯალათები ერთობოდნენ, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ესეც ერთ-ერთი ნათელი დასტურია იმ ცვლილებების, რომელიც 2012 წლის შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარდა და რომელიც გრძელდება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლამდე ციხეებში არასათანადო მოპყრობა სისტემური პრობლემა იყო და ეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იყო აღიარებული.

"2012 წლის შემდგომ, სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან. პატიმართა პირობების კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად შემდგომი წლის დასაწყისში გაიხსნება ახალი პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელიც ყველა დონის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს“, - განაცხადა ბრეგაძემ.