ავტორი:

ხმაური პარლამენტში - პაპუაშვილმა სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, სამნიძე კი გააფრთხილა: "მანდატურს მივმართავ - აეფარეთ წინ, რომ დამშვიდდეს"

ხმაური პარლამენტში - პაპუაშვილმა სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, სამნიძე კი გააფრთხილა: "მანდატურს მივმართავ - აეფარეთ წინ, რომ დამშვიდდეს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

სალომე სამადაშვილმა გააპროტესტა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან წაეკითხა ერთ-ერთი მსჯავრდებულის ძველი საქმიდან ამონარიდი, რომელიც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს.

სალომე სამადაშვილი რამდენჯერმე სცადა მინისტრის გაჩერება და მიმართა, რომ აღნიშნულის წაკითხვა საჭირო არ იყო.

ასევე შალვა პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძე გააფრთხილა, რომ მომდევნო ჯერზე, როდესაც მისი ნებართვის გარეშე საუბარს დაიწყებს, სხდომათა დარბაზს დაატოვებინებს.

"ქალბატონო ხათუნა [სამნიძე], ბოლო შენიშვნას გაძლევთ - ახლა რასაც აკეთებთ, პარლამენტის უპატივცემულობაა. 4 მანდატური დგას თქვენთან, პატივი ეცით საკუთარ თავს მაინც. მანდატურს მივმართავ- აეფარეთ წინ, რომ ქალბატონი ხათუნა დამშვიდდეს. ქალბატონო ხათუნა, თქვენი საქციელი სამარცხვინოა. როგორც კი მიკროფონის და ჩემგან ნებართვის გარეშე დაიწყებთ საუბარს, დაგატოვებინებთ დარბაზს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, სხდომათა დარბაზიდან გაკეთებული რეპლიკების გამო პაპუაშვილმა სამნიძეს უთხრა, რომ „ფარისევლური ემოციების გამოხატვა საჭირო არაა“.

"ემოციების გარეშე მოუსმინეთ ამ ყველაფერს. ქალბატონო ხათუნა. თქვენ თუ გაინტერესებთ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლები, უნდა ჩამოყალიბდეთ, სად დგახართ. ფარისევლური ემოციების გამოხატვა, პანიკის მოწყობა და მსხვერპლების სახელით საუბარი საჭირო არაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.