ავტორი:

ფეხბურთის სერბი ვარსკვლავი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა - "შეიძლება ორმოში ჩავარდე, მაგრამ უნდა მოძებნო ძალა წამოსადგომად..."

ფეხბურთის სერბი ვარსკვლავი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა - "შეიძლება ორმოში ჩავარდე, მაგრამ უნდა მოძებნო ძალა წამოსადგომად..."

16 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთის სერბი ვარსკვლავი, "მილანისა" და "ბოლონიის" ყოფილი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი.

2019 წელს მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ქიმიოთერაპიის სამი კურსის შემდეგ ავადმყოფობამ უკან დაიხია. ის სამწვრთნელო საქმესაც დაუბრუნდა, თუმცა ა.წ. მარტში სერბმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ რეციდივმა იჩინა თავი და მკურნალობის ახალ კურსს იწყებდა.

"მთავაზობენ გავიარო თერაპიის ახალი კურსი, რომელიც ავადმყოფობას დაჯაბნის. ჩემი ავადმყოფობა საკმაოდ გამბედავი გამოდგა, რადგან გადაწყვიტა კვლავ შეჯახებოდა ისეთ ტიპს, როგორიც მე ვარ. როგორც ჩანს, მისთვის ჩატარებული პირველი გაკვეთილი საკმარისი არ აღმოჩნდა, მზად ვარ ჩავუტარო მეორეც. არის ორმოები, რომელშიც შეიძლება ჩავარდე, მაგრამ აუცილებელია მოძებნო ძალა წამოსადგომად და მისგან თავდასაღწევად. ახლა გაცილებით მშვიდად ვარ, ვიდრე ორნახევარი წლის წინ, როდესაც პირველად დამიდგინეს დიაგნოზი... ვიმედოვნებ, ყველაფერი სწრაფად გაივლის", - ამბობდა იმჟამად ფეხბურთელი. როგორც ამბობენ, ის ბოლომდე იმედს არ კარგავდა, თუმცა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

ხორვატიის ქალაქ ვუკოვარში დაბადებულმა სერბმა პროფესიული კარიერა 1988 წელს "ვოივოდინაში" დაიწყო. შემდეგ გადავიდა იმ წლების ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ცრვენა ზვეზდაში", რომლის შემადგენლობაშიც 1991 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი.

ის იყო "ბაიერნთან" საპასუხო ნახევარფინალური მატჩის (2:2) გმირი - ჯერ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მერე კი, გადამწყვეტი გოლი შეაგდო დამატებულ წუთებზე (კლაუს აუგენტალერისგან რიკოშეტით) და "ცრვენა ზვეზდა" ფინალში გაიყვანა, სადაც ბელგრადელებმა პენალტების სერიაში (თავისი წილი სინიშამ აქაც გაიტანა) დაამარცხეს იმდროინდელი ევროპული გრანდი - "მარსელი".

შემდეგ მიხაილოვიჩმა კარიერა იტალიაში გააგრძელა. ითამაშა ორივე რომაულ გრანდში, "სამპდორიაში", "ინტერში"... სერია A-ში გაიტანა 38 გოლი, რაც მცველის კვალობაზე შესანიშნავი შედეგია. მისი მთავარი იარაღი იყო საჯარიმო დარტყმები, რაშიც იმ დროს ბევრი ვერ გაუტოლდებოდა.

ბედის სცადა სამწვრთნელო ასპარეზზეც. იყო "ბოლონიას" (ორი სხვადასხვა ვადით), "კატანიას", "ფიორენტინას", "სამპდორიას", "მილანის", "ტორინოსა" და "სპორტინგის" მწვრთნელი. მცირე ხნით (2012-13) სათავეში ედგა სერბეთის ნაკრებს.

იყო იუგოსლავიის ნაკრების წევრი დიდებული თაობის (დავორ შუკერი, დეიან სავიჩევიჩი, რობერტ პროსინეჩკი, დრაგან სტოიკოვიჩი...) ეპოქაში, ნაკრებისა, რომელიც მთავარი ფავორიტი უნდა ყოფილიყო 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო იუგოსლავიის ნაკრების ტურნირის მიღმა დარჩა.

იუგოსლავიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) ნაკრების შემადგენლობაში 1991-დან 2003 წლამდე ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 10 გოლი.