ავტორი:

გათბობისა და საკვების გარეშე დარჩენილი მთიანი ყარაბაღი და რუსეთის კვალი პროცესებში: "ცდილობენ, მორალურად წაგვშალონ და გვაიძულებენ, მათი ნარჩენებით ვიცხოვროთ"

გათბობისა და საკვების გარეშე დარჩენილი მთიანი ყარაბაღი და რუსეთის კვალი პროცესებში: "ცდილობენ, მორალურად წაგვშალონ და გვაიძულებენ, მათი ნარჩენებით ვიცხოვროთ"

სახიფათო მეზობლობა - ასე ეხმიანება ekhokavkaza.com ბოლო ხანებში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებს, რომლის მთავარ ავტორად თურქეთთან ერთად, რუსეთსაც მიიჩნევს... სომხეთში მიაჩნიათ, რომ ის, რაც ახლა მთიან ყარაბაღში ხდება, სწორედ რუსეთის მიზანმიმართული მოღალატური პოლიტიკის დამსახურებაა.

  • თითქმის ერთი კვირაა, მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია. ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელმა ეკოლოგებმა და მათთან ერთად შეკრებილმა მომიტინგეებმა გადაკეტეს. მიზეზი, მართაკერტის (აღდარა) რაიონში სომხური მხარის მიერ გახსნილი მაღაროებია, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე უკანონოსა და ეკოლოგიისთვის სახიფათოს უწოდებს.

შესაბამისად, რამდენიმე დღეა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გაზის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩა. შეწყდა იმპორტიც. სომხური მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი იყო. გზა კვლავ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშაა. ამ დაპირისპირების ფარგლებში, ამ დღეებში ურთიერთობა დაიძაბა რუს სამშვიდობოებსა და აზერბაიჯანელებს შორისაც.

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი სრულიად დამოკიდებული არიან სომხეთზე.

"იქიდან შედიოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები და სამედიცინო მარაგი. სომხეთიდან ყოველდღიურად შედიოდა მარცვლეულის, ფქვილი, შაქარი, ბოსტნეული, ხილი თუ სხვა რამ... ბოლო დღეებია მოსახლეობას გაზის მომარაგებაც ამოუწურა და შეშაზე გადავიდნენ, რომ არ გაიყინონ. არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი... თუმცა, იქაური მოსახლეობა სახლის დატოვებაზე უარს ამბობს. აზერბაიჯანი გვავიწროებს, რუსეთი კი, ძველ პოლიტიკას განაგრძობს და ტაშს უკრავს..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტი რობერტ თუმანიანი.

"როდესაც ვამბობთ, რომ მსოფლიომ იცოდეს როგორია აზერბაიჯანის ნამდვილი სახე, აქვე ვამატებთ, ასევე უნდა იცოდნენ როგორია თურქეთის და რუსეთის სახე, რომელიც იმაზე საშიშია, ვიდრე თუნდაც უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ... მათზე ისედაც ვიცოდით, რომ მტრები არიან, მაგრამ რუსეთი ჩუმად, ნაბიჯ-ნაბიჯ, "მეგობრულად" გვანადგურებდა. მსოფლიოს უმტკიცებდა, მე აქ ვარ, სომხეთი ჩემი მფარველობის ქვეშ არისო, ამასობაში კი, ლამის მხოლოდ რუკაზე დავრჩით, ოღონდ სომხეთი კი არა, რუსული სომხეთი. ახლაც იგივე გზას მიუყვება. ცდილობს მორალურად წაგვშალოს.

ამ არც თუ დიდ დროში, ამდენი რამე მოხდა, ვიბრძვით, რომ მის ორბიტას მოვწყდეთ, მაგრამ ხელს არ გვიშვებს, ან ამ ბრძოლის გამო გვსჯის - ახლა ყარაბაღს გვართმევს, პრინციპით, თუ ჩემთან არ გინდათ, ასე მოგიხდებათო. ამ ცივ ზამთარში ადამიანები გათბობის, საკვების გარეშე დატოვეს... არავის სჯერა, რომ ეს რუსეთთან შეთანხმების გარეშე მოხდა. გვაიძულებს, მისი ნარჩენებით ვიცხოვროთ, რომ ყოველდღე ცხვირი წავიმტვრიოთ და გაგვახსენდეს, რა კარგი იყო, როდესაც თავს დაცულად ვგრძნობდით მის კალთაში... ამაზე ლაპარაკობენ დღე და ღამე რუსი დეპუტატები, მაგრამ ეს დრო არ დაბრუნდება" - მიაჩნია ელიან ვარდანიანს.

სომხეთში რუსეთის მასობრივ მიგრაციაა. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო, რუსების ნაკადი არ შეწყვეტილა. სტატისტიკა, დაახლოებით მაინც რამდენი ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა სომხეთში, არ არსებობს. მათივე თქმით, უკვე საუბარი აღარ არის რუსეთში მცხოვრებ ეთნიკური სომხების დაბრუნებაზე, რადგან ყველა ქალაქის ქუჩებში რუსული ლაპარაკი ისმის და მათი ადგილობრივებთან გარჩევა სირთულეს არ წარმოადგენს.

"ეს ხდება, მაშინ, როდესაც სომხეთში რუსეთისგან დისტანცირებაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ. ამასთან, ითხოვენ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს და ერევანსა და მოსკოვს შორის ოფიციალური ურთიერთობა შეწყდეს..." - წერს გამოცემა.

მასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ მობილიზაციის გამოცხადებამდე, აზერბაიჯანის თავდასხმის შიშით, სომხები მიდიოდნენ ქვეყნიდან რუსეთში, მაგრამ იმან, რაც ახლა ხდება, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი-ერევნის ავიარეისებზე ბილეთები კატასტროფულად გაძვირდა, ისინი მაინც მოდიან...

"აქ დამკვიდრებას ცდილობენ. უბნებს და რაიონებში თავიანთი კომპაქტური ჩასახლებები შექმნეს. ყველგან ისინი არიან და ხალხს ეშინია, რომ სულ მალე მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდებიან, რადგან რუსეთში ჯერ კიდევ აქვს საყრდენი. ამის დასტურია პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ისევ რუსეთისკენ უჭირავს თვალი. მათი შემოსვლა საფრთხის გაძლიერებას ნიშნავს. ეს შემოდინება თუ არ შეწყდა, ან შემცირდა მაინც, ჩვენი გადარჩენისთვის, რუსებთან გარედან კი არა, შიგნით მოგვიწევს ბრძოლა", - ამბობს ადგილობრივი ჯულიეტა კარინიანი.