ავტორი:

"ლევანმა ნიკალას გვერდით მჯდომ პიროვნებაში პაპამისი ამოიცნო" - რა ახალ დეტალებს ჰყვებიან ხაშურის მუზეუმში ფოტოზე, რომელზეც სავარაუდოდ ახალგაზრდა ფიროსმანია ასახული?

"ლევანმა ნიკალას გვერდით მჯდომ პიროვნებაში პაპამისი ამოიცნო" - რა ახალ დეტალებს ჰყვებიან ხაშურის მუზეუმში ფოტოზე, რომელზეც სავარაუდოდ ახალგაზრდა ფიროსმანია ასახული?

ცოტა ხნის წინ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გამოფენაზე "რკინიგზა ხაშურში 150" აუდიტორიას პირველად წარუდგინა ფოტო, რომელზეც მათი ვარაუდით ნიკო ფიროსმანია აღბეჭდილი. ამის შესახებ ვწერდით კიდეც.

ფოტოს გასაჯაროების შემდეგ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს დედაქალაქიდან ბატონი ლევან სხირტლაძე დაუკავშირდა.

"ბატონი ლევანი რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის, ფიზიკისა და ასტრონომიის ცნობილი პედაგოგის, გრიგოლ სხირტლაძის შვილია. მან მოგვაწოდა თავისი პაპის, ლეონტი სხირტლაძის ფოტოსურათები და ინფორმაცია თავისი წინაპრების შესახებ. ბატონ ლევანს, როგორც კი უნახავს ფიროსმანის სავარაუდო ფოტოსურათი, მის გვერდით მჯდომ პიროვნებაში, მაშინვე თავისი პაპა ამოუცნია. ლეონტი სხირტლაძე გარდაცვლილა 1918 წელს, 55 წლის ასაკში, როცა მისი ვაჟი, გრიგოლ სხირტლაძე 9 წლის იყო. გამოდის, რომ ლეონტი დაბადებული უნდა იყოს 1863 წელს.

აღნიშნული პიროვნება ფიროსმანის თანატოლი უნდა ყოფილიყო. ლეონტი სხირტლაძე მუშაობდა ხაშურის რკინიგზაზე, ჯერ მუშად, მერე მემანქანედ. ინფორმაცია ძალიან წაგვადგა ჩვენი ვარაუდების განმტკიცების თვალსაზრისით, რომ ფოტოზე ამქრის წევრებთან ერთად გამოსახულნი უნდა იყვნენ ხაშურელი რკინიგზელები,“ - ამ ინფორმაციას ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მუზეუმი საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

"დიახ, ფოტო, რომელიც ოჯახმა მოგვაწოდა, ზუსტად ედრება ჩვენთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულებას. ამ ადამიანის ფოტოზე ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ იდენტიფიკაციამ საშუალება მოგვცა, ვარაუდი დაგვემტკიცებინა, რომ სურათზე რკინიგზელებიც არიან გამოსახული. თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ, რადგან რკინიგზელია ფოტოზე გამოსახული და უშუალოდ ჩვენი სავარაუდო პიროვნების გვერდით, ეს მრავლისმეტყველია", - დასძენს მზია ლობჟანიძე, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი.

AMBEBI.GE ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, პროფესორ მურად მთვარელიძესაც ესაუბრა:

- ლეონტი სხირტლაძის შთამომავალი, კონკრეტულად, მისი ვაჟი ცნობილი პედაგოგი გახლდათ. ის უშუალოდ ჩემი მასწავლებელი იყო. მუშაობდა რკინიგზის მე-3 საშუალო სკოლაში. ახლა იქ მე-6 საჯარო სკოლაა. ეს ოჯახი ცხოვრობდა იმ ადგილის, იმ სახლის მახლობლად, სადაც ეს სურათი მოვიპოვეთ („კოშკის უბანში“ სულ 2-3 სახლია). ჩემი მასწავლებელი დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის და ამიტომ, მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი ლევანი დამიკავშირდა. მითხრა, რომ ამ სურათზე ერთ-ერთი მისი პაპაა. პაპას ლეონტი ერქვა და მას მისი სახელი ჰქვია.

ლეონტი სხირტლაძე

ლეონტი სხირტლაძე რკინიგზელი იყო, ჯერ რიგითად მუშაობდა, შემდეგ - მემანქანედ. გარდაიცვალა 1918 წელს, როცა მისი შვილი გრიგოლი, ანუ ჩემი მასწავლებელი 9 წლის გახლდათ. ეს თარიღი იმის მიხედვით დავადგინეთ, რადგანაც ვიცით გრიგოლ სხირტლაძის დაბადების თარიღი. ეს არის 1909 წელი (მამას შვილებისთვის ინფორმაცია ასე ჰქონდა მიწოდებული, რომ 9 წლისა დაობლდა). გამოდის, 1918 წელი ყოფილა და ლეონტი 55 წლის გახლდათ (ოჯახმა ეს ზუსტად იცის).

შვილიშვილმა გამოგვიგზავნა პაპის სურათები - ერთი ოჯახთან ერთად, მეორე - პორტრეტი, რომელიც იმ ფოტოზე გამოსახული პიროვნების იდენტურია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასაკობრივად ფიროსმანის ასაკსაც ძალიან უახლოვდება. როგორც გამოვთვალე, 1863 წელს არის დაბადებული. ფიროსმანი გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 1862 წელს არის დაბადებული, ზოგიერთი მონაცემით ცოტა გვიან, მაგრამ გავრცელებული უფრო 1863 წელია. ფაქტობრივად, თანატოლები ჩანან და ეს ფოტოდანაც ჩანს. ეს კი თვითონ სურათის დასათარიღებლად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. მეტი ინფორმაცია მათ არ აქვთ, იციან მხოლოდ ის, რომ ამ სურათზე ნამდვილად მათი პაპა ლეონტი სხირტლაძეა. ამის იდენტიფიკაცია კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია და წყალი არ გაუვა.

ჩვენ კვლავაც ვმუშაობთ აქტიურად. ვაგრძელებთ ფოტოზე გამოსახული პიროვნებების ძიებას და თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს. ველით ახალ-ახალ გამოხმაურებას და ინფორმაციებს.

ნახეთ ასევე: