ავტორი:

ჟურნალისტი ექსმეუღლე, ქორწინება ციხეში, 13 წლით უმცროს ქალთან და მწირი ქონებრივი დეკლარაცია - როგორია დავით კირკიტაძის აპოლიტიკური ცხოვრება?

ჟურნალისტი ექსმეუღლე, ქორწინება ციხეში, 13 წლით უმცროს ქალთან და მწირი ქონებრივი დეკლარაცია - როგორია დავით კირკიტაძის აპოლიტიკური ცხოვრება?

უკვე მეორე დღეა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე პარლამენტში თანაგუნდელებთან ერთად შიმშილობს. მათი მოთხოვნაა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ.

დავით კირკიტაძის პოლიტიკური პორტრეტი

44 წლის დავით კირკიტაძე ერთ-ერთია ნაციონალური მოძრაობის "ლიდერშიპიდან,“ რომელიც პარტიას მრავალი წელია, რაც ერთგულად ემსახურება. ის ჯერ კიდევ 2003 წლამდე „ენმ“-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო; პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დაიკავა, 2006-2008 წლებში კი ენმ-ის გენერალური მდივანი იყო; კირკიტაძე ორი მოწვევის პარლამენტარია, პირველად 2004-2008 წლებში და მეორედ, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში მოხვდა პარტიული სიით. 2008-2013 წლებში კირკიტაძე ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. 2016 წლიდან დღემდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრია.

2003 წელი, "ვარდების რევოლუცია"

დეკლარაცია

პოლიტიკოსის დეკლარაცია საკმაოდ მწირია. ჰყავს მეორე მეუღლე მარიამ ახობაძე, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსია. ორი შვილი, პირველი ქორწინებიდან - ალექსანდრე კირკიტაძე და მეორე ქორწინებიდან - თეჯი კირკიტაძე და გერი, დათა ქისიშვილი.

2016 წელს მარიამ ახობაძეს თბილისში 76 კვ.მ. სახლი ჩუქებით გადაეცა. 2020 წელს დიღომში 32 ათას დოლარად, 92 კვ.მ. ბინა შეიძინა დავით კირკიტაძემ.

დეპუტატს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა volkswagen touareg, რომელშიც 2017 წელს 22 000 დოლარი გადაიხადა და ასევე მსუბუქი ავტომანქანა volkswagen passat, რომელიც 2020 წელს 8000 დოლარად იყიდა.

დეკლარაციის შევსების დროს, კირკიტაძეს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1600 ლარი, ხოლო ანაბარზე 52 ათასი დოლარი. მარიამ ახობაძეს დანაზოგის სახით ჰქონდა 6000 დოლარი.

დავით კირკიტაძემ საქართველოს პარლამენტის წევრობის სარგო 2021 წელს 51 105,9 ლარი მიიღო. დეკლარაციის მიხედვით წყვილი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და ასევე არ აქვთ საბანკო სესხები.

პირადი ცხოვრება

დავით კირკიტაძემ და მარიამ ახობაძემ 2019 წლის თებერვალში იქორწინეს. მათ ხელი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოაწერეს. კირკიტაძე იმ დროს ციხეში 2018 წლის 16 დეკემბერს კახეთში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მომხდარი ინციდენტის გამო იჯდა. მას პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას ედავებოდნენ. იგი პატიმრობიდან გასული წლის მაისში გათავისუფლდა.

დავით კირკიტაძე და მარიამ ახობაძე

დავით კირკიტაძისთვის ეს მეორე ქორწინებაა. დეპუტატის პირველი მეუღლე ჟურნალისტი სალომე წაქაძე იყო, რომელთანაც საერთო შვილი ალექსანდრე 2012 წელს შეეძინა. კირკიტაძის ყოფილი ცოლ-შვილი უკრაინაში ცხოვრობდნენ, ომის დროს ერთ-ერთი სასტუმროს მინუს ერთ სართულზე აფარებდნენ თავს. მოგვიანებით სალომე ტელეკომპანია მთავარში სტუმრობისას იხსენებდა, რომ საქართველოში დაბრუნებაში მაშინ საელჩო დაეხმარა, თუმცა ძალიან რთული იყო ის რვა დღე, რომელიც ომის ეპიცენტრში ყოფნისას გადაიტანეს...

დავით კირკიტაძე და სალომე წაქაძე

დავით კირკიტაძის მეორე მეუღლე მარიამ ახობაძე ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია. ციხიდან გათავისუფლებული კირკიტაძე, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობდა, რომ მას და მარიამს საკუთარი ქორწილი სხვანაირად წარმოედგინათ. თავად გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შობის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საყვარელი ქალისთვის ხელი ეთხოვა, თუმცა ციხეში მოხვდა.

მაშინ კირკიტაძისთვის შესაძლოა, ოთხ წლამდე პატიმრობა მიესაჯათ, ამ შემთხვევაში კი საყვარელი ადამიანი მის მონახულებას ვერ მოახერხებდა. ამიტომ გადაწყვეტილება ქალმა მიიღო და ციხეში ოფიციალურად იქორწინეს, მოწმეები სოციალური მუშაკები გახლდნენ.

„მარიამი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ციხეში, ოთხშაბათი იყო დღე, რომელსაც განსაკუთრებულად ველოდებოდი. ეს თვეები ოთხშაბათიდან ოთხშაბათის ლოდინში გავიდა...“ - ამბობდა ციხიდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი.