ავტორი:

"ერთმანეთი ჩუმად მიჰყავთ. არ ვიცი, იქ რას ხამდებიან, მაგრამ ფაქტია, ამ ნაკადს, ვერავინ აჩერებს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ ეხმიანებიან დაურ ბუავას მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას

"ერთმანეთი ჩუმად მიჰყავთ. არ ვიცი, იქ რას ხამდებიან, მაგრამ ფაქტია, ამ ნაკადს, ვერავინ აჩერებს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ ეხმიანებიან დაურ ბუავას მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას

აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ქართულ მხარეზე გადასვლისა და სხვადასხვა მოწოდებების გამო "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც გულშემატკივრების მილოცვებთან ერთად, კრიტიკული კომენტარებიც მიიღო.

ბუავას თქმით, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. ბლოგერი წერს, რომ იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება "ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის.

"ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი", - წერს ბუავა.სოციალურ ქსელში.

დაურ ბუავა

  • 28 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ტყვარჩელიდანაა, საზოგადოებამ თავდაპირველად, tiktok-დან გაიცნო. ის ახალგაზრდული ორგანიზაცია "ამრას" დამფუძნებელია და რამდენიმე თვეა თბილისში ცხოვრობს.

აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 19 მაისს კი, "სახელმწიფოს ღალატისთვის" ბრალი წარუდგინა.

დაურ ბუავა მის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში "აფხაზეთის რესპუბლიკის" საქართველოსთან შეერთების სამომავლო დადებით ასპექტებზე" საუბრობს, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების უწყების განმარტებით, ბუავას საქმიანობა "აფხაზეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების დაზიანებას ემსახურება."

აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. ხელმძღვანელობამ თადარიგი დაიჭირა და მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

"აფხაზეთის მოქალაქეების მონაწილეობა აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის შეცვლის შესახებ მოლაპარაკებებში, ასევე რესპუბლიკის ნებისმიერ სახელმწიფოში შესვლის შესახებ აგიტაცია და პროპაგანდაა", - ნათქვამია შეცვლილ აფხაზურ კოდექსში, რომლის თანახმად, "საფრთხის შემცველი ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე."

  • თუმცა, ამის მიუხედავად, აფხაზ ახალგაზრდებში საქართველოს კონტროლირებად ნაწილში გადმოსვლის ინტერესი და შემდეგ დარჩენის სურვილი მაინც შესამჩნევია. აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "თუ ადრე საქართველოში გადასვლის გამბედაობას ძირითადად ბიჭები იჩენდნენ, რომლებიც აფხაზეთში დასაქმების, განვითარების, სტაბილური შემოსავლის, ქუჩის უპერსპექტივო ცხოვრებისთვის თავის არიდების მიზეზით, ქვეყანას ტოვებდნენ, ახლა მათ გოგონებიც უერთდებიან... იქ კი მათ, დიდი შეღავათები და ხელშეწყობა აქვთ, ანუ ცდუნება დიდია", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

არიან ისეთებიც, ვინც "გზის გახსნაში" დაურ ბუავას კვალს ხედავს და მას მწვავედ აკრიტიკებს, როგორც თანატოლებისა და უფრო ახალგაზრდა თაობისთვის "ცუდი მაგალითის" მიმცემს.

"შენ ხარ მოღალატე. სამშობლო გაყიდე, ახლა კი, უცხო თეფშიდან იკვებები..."

"ყოველი პოსტი აფხაზეთზე გაქვს, შენ რა, თვითპიარისთვის სხვა თემა არ გაქვს?.. საქართველოში ცხოვრობ და მათზე ილაპარაკე. თითქოს იქ ყველაფერი კარგად გქონდეთ. ჩვენ შეგვეშვით!" - სწერენ აფხაზები დაურ ბუავას.

"ბუავა იმიტომ მოხვდა ჩვენი ყურადღების ცენტრში, რომ მომართვებს აკეთებს, თორემ ვინმემ იცის, რამდენი წავიდა? ძალიან ბევრი. ერთმანეთი ჩუმად მიჰყავთ. არ ვიცი, იქ რას ხამდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მიდიან და ამ ნაკადს, ვერავინ აჩერებს. თუ ძალიან ჩამეძიებით, აქ ნარკოტიკებით და ავტოავარიით რომ დაიხოცონ, ან ერთმანეთი დახოცონ, როგორც ამას 30 წელია ვაკეთებთ, იმას ჯობია, საქართველოში იცხოვრონ", - წერს ადგილობრივი ჟანა აფსუა.

abkhaz-auto.ru-ს მიერ მომზადებული სტატიის ქვეშ აფხაზები ბუავაზე მსჯელობისას წერენ, რომ "ახალგაზრდებს არ სურთ ვაკუუმში ცხოვრება."

"ძნელია, დაიბადო ტყვარჩელში. სადაც გარშემო ყველაფერი ნანგრევებად არის ქცეული. ყველაფერს ახალგაზრდებს ნუ დაბარალებთ, გამოიჩინეთ გონიერება და სიმართლეს თვალებში შეხედეთ - რატომ გარბიან? მე, თქვენგან განსხვავებით თავის მოტყუებას არ ვაპირებ. თუ ჩვენი ხელისუფლება თავის მოქალაქეებს პურსაც არ მისცემს, საქართველო კი, ორცხობილასაც არ დაიშურებს, ახალგაზრდები აუცილებლად წავლენ. მე ასე ვხედავ სიტუაციას", - წერს ფატიამ აჟიბა.