ავტორი:

"ისეთი მორცხვი იყო, მასწავლებლისთვის რამე რომ ეთქვა, შუამავალი სჭირდებოდა" - ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტო ლეო მესის ბავშვობიდან

"ისეთი მორცხვი იყო, მასწავლებლისთვის რამე რომ ეთქვა, შუამავალი სჭირდებოდა" - ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტო ლეო მესის ბავშვობიდან

სულ რამდენიმე საათში ლიონელ მესი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს. ლეოს აქამდეც ჰქონია პრინციპული მატჩები, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი ერთადერთი თასია, რომელიც არგენტინელის ყულაბაში არ მოიპოვება.

იმ შემთხვევაში თუ დღეს მესი, არგენტინასთან ერთად, საფრანგეთს დაამარცხებს, ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელის წოდებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ უფრო დაწინაურდება და პოზიციებს გაიმყარებს.

ის, რომ არგენტინელი ჯადოქარი მოედანზე ნამდვილი გენიოსია, ყველამ ვიცით და რეალური ფაქტია. მესი არა მხოლოდ გოლეადორია, არამედ გუნდის შეტევითი პოტენციალის მთავარი მამოძრავებელია.

  • ჩვენ დავინტერესდით თუ როგორი მოსწავლე იყო პატარა ლიონელი.

ესპანეთში გადაცხოვრებამდე მესი არგენტინაში, ლას-ერასის საჯარო სკოლაში სწავლობდა, სადაც ის დედას, მამიდას, ან მეზობელს მიჰყავდა ხოლმე. სკოლამდე ყაზარმებს გადიოდნენ, იქ კი საფეხბურთო მოედნები იყო. ახლა იქაური კედლები მესის პორტრეტებით არის გაფორმებული.

დაწყებითი კლასების მასწავლებელი მონიკა დომინა ასე ახასიათებს ფეხბურთელს: "არა, ლეო ძალიან კარგადაც არ სწავლობდა სკოლაში, მისი სწავლა დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ არა საუკეთესო. თავდაპირველად კითხვა უჭირდა. დედამისს ვთხოვე, რომ ლოგოპედთან მიეყვანა. შედეგებს ეტაპობრივად აუმჯობესებდა.

ის იყო წყნარი ბავშვი, საყვარელი და გაუბედავი. ერთ-ერთი ყველაზე გაუბედავი მოსწავლე იყო, ვინც კი ოდესმე მყოლია. თუ ხმას არ გასცემდი, ის ბოლო მერხზე თავისთვის იჯდა ხოლმე.

ისეთი მორცხვი იყო, რომ მასწავლებლისთვის რამე რომ ეთქვა, შუამავალი სჭირდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მისი კლასელი იყო. ის ლეოსთვის საჭმელებსაც ყიდულობდა. ამ პატარა ბიჭისთვის როგორც დედა ისე იყო“, - იხსენებს დომინა.

  • მესის ბავშვობის მეგობარი სინტია აარელიანო იყო. ისინი ერთად დადიოდნენ საბავშვო ბაღში, შემდეგ უკვე სკოლაშიც. არელიანო ხედავდა, რომ მესი ფეხბურთზე უფრო ორიენტირდებოდა, ვიდრე სსასკოლო განათლებაზე. როცა მისი ოჯახი ბარსელონაში გადავიდა, ყველა მეგობარი ტიროდა.

"მახსოვს, როცა შესვენებებზე სკოლის გუნდები მოსწავლეებს სათამაშოდ აგროვებდნენ, ძალიან ხშირად სერიოზული დავით მთავრდებოდა, ყველას სურდა, რომ მესის მათთან ეთამაშა. პატარა ბიჭს უამრავი გოლი გაჰქონდა. როცა მესი გუნდში გყავდა, გამორიცხული იყო, რომ წაგეგო.

ჩვენ მას პიკის ვეძახდით, ჩვენ შორის ყველაზე პატარა იყო. მათემატიკა და ენები არ უყვარდა. სამაგიეროდ, ფიზკულტურასა და ხატვაში იყო კარგი. ვეხმარებოდი თუ არა მას გამოცდებზე? დიახ, ზოგჯერ... გამოცდებზე ჩემს უკან ჯდებოდა, როცა რამეში ეჭვი ეპარებოდა, მე მეკითხებოდა. როცა მასწავლებლები არ გვიყურებდნენ, სახაზავს ან საშლელს ვაწვდიდი, სადაც სწორად დაწერილი პასუხები იყო. გაკვეთილების ბოლოს კი ერთად ვმეცადინეობდით“, - ამბობს სინტია.

ცნობისთვის, დღეს არგენტინა საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე