ავტორი:

ლეო მესის დიდების მწვერვალი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

ლეო მესის დიდების მწვერვალი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამედ გახდა ჩემპიონი.

ამ მატჩს მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო სამყაროც კი მოუთმენლად ელოდა, თუ ვინ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი და რაც მთავარია, აღმართავდა თუ არა მესი ასე ნანატრ თასს. როგორც არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვალდანომ შეხვედრის წინ განაცხადა, ეს იქნებოდა ღვთაებრივი სამართალი.

მატჩის დასაწყისში სამხრეთამერიკელები ინიციატივას დაეუფლენ, მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, აქტიური დი მარია მარცხენა ფრთიდან აკეთებდა საჯარიმოში გადაცემებს. 23-ე წუთზე სწორედ ის წააქცია საკუთარ საჯარიმოშო დემბელემ დ მესიმ პენალტით არგენტინა დააწინაურა. ისევე როგორც სხვა კომპონენტებში, სკალონის შეგირდების უპირატესობა ტექნიკაში საგრძნობი იყო და ანხელმა მაკალისტერის პასით ლორისის კარი დალაშქრა. ფრანგები ვერაფერს ვერ ახერხებდნენ, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ და დეშამი იძულებული შეიქნა უკვე პირველ ტაიმში გაეკეთებინა ორმაგი ცვლილება - ჟირუსა და დემბელეს ნაცვლად მოედანზე ტიურამი და კოლო მუანი შეუშვა.

მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგებმა თავიდან თამაშის სურათის შეცვლა ვერ შეძლეს. სკალონიმ დი მარია აკუნიათი შეცვალა, დაცვა გააძლიერა და ალბათ, შეცდომაც დაუშვა. 79-ე წუთზე კოლო მუანი საჯარიმოში წააქციეს, მბაპემ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი მანვე ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეცვლაზე შესულ ლაუტაროს ორჯერ გატანა უპამეკანომ არ დაანება, 108-ე წუთზე მესიმ არგენტინა ისევ წინ გაიყვანა, შემდეგ საჯარიმოში ბურთი ხელზე მონტოიას მოხვდა, მბაპემ თერთმეტმეტრიანი ისევ ზუსტად შეასრულა, ბოლოს პირისპირ გასული კოლო მუანის დარტყმული ბურთი მეკარე მარტინესმა მოიგერია, 3:3, პენალტების სერიაში კი არგენტინამ იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე 26-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი დაამხო. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე 21 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი დ 9 საგოლე გადაცემა).. დი მარია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლები მუნდიალზე, ოლიმპიადაზე და კონტინენტურ პირველობაზე გაიტანა.. ლორისმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-20 მატჩი ჩაატარა, ნოიერს გაასწრო და ამ მაჩვენებლით რეკორდსენი გახდა.

sportal.ge