ავტორი:

"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს" - რას აცხადებს ბათუმის მერი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარზე?

"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს" - რას აცხადებს ბათუმის მერი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარზე?

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მერის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებულია გამოძიება და მომხდარზე უფრო მეტი ინფორმაცია, ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

"ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ყველა სამსახური მობილიზებული იქნა დროულად, მათ შორის სამაშველო სამსახური, პოლიციის უწყებები, მუნიციპალური სამსახურები. დროულად მოხდა ჩვენი თანამოქალაქეების, ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ეტაპისთვის, არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს, საბედნიეროდ. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დანარჩენ მონაცემებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ, ასევე შსს ხვალ დილისთვის განვაახლებთ მონაცემებს, სრულყოფილად მოგაწოდებთ, მათ შორის იცით, რომ დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები, შეგროვდება მონაცემები და შემდგომ შევაჯამებთ და გავაკეთებთ კომენტარს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, რესტორანი ბოლო პერიოდში არ მუშაობდა.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ყველაფერზე პასუხს გასცემს შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარე სამუშაოების გათვალისწინებით ხვალისთვის გაკეთდება შემაჯამებელი კომენტარი",- განაცხადა ჩიქოვანმა.