ავტორი:

"ამერიკა საიქიოსავით არის - აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება“ - ქართველი რესტორატორი, რომელმაც ამერიკელებს ხაჭაპური და ხინკალი შეაყვარა

"ამერიკა საიქიოსავით არის - აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება“ - ქართველი რესტორატორი, რომელმაც ამერიკელებს ხაჭაპური და ხინკალი შეაყვარა

იმედა ლონდარიძე ამერიკაში, ოჯახთან ერთად, თითქმის 16 წლის წინ გაემგზავრა. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან ფილადელფიაში საკუთარი რესტორანი სახელწოდებით "საქართველო“ გახსნა.

- როდის და რატომ წახვედით საქართველოდან?

- საქართველო 2007 წლის მაისში დავტოვე და საცხოვრებლად ამერიკაში გადმოვედით. აქ წამოსვლის მიზეზი "მწვანე ბარათი“ იყო, რომელიც ოჯახმა მოვიგეთ.

საქართველოში ბიზნესში არ ვიყავი ჩართული, ჩემი ბოლო სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. ისეთ დროს ჩამოვედით ამერიკაში, როდესაც ჯერ კიდევ ასეთი განვითარებული არ იყო მსოფლიო, როგორიც დღეს არის. დღეს ბევრად ადვილია ბიზნესის კეთება, ვიდრე 10-15 წლის უკან და ეს სწორედ ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა.

აქ შედარებით თავისუფალია ბიზნესი და მისი კეთებაც ადვილია. ბოლო წლებში ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა საქართველო - ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს და გასცეს პასუხი კითხვას - რატომ? ძალიან გაუჭირდა ხალხს. ეს გაჭირვება კი, ჩემი აზრით, ქვეყნის არასწორმა მართვამ განაპირობა. სახელმწიფო ბიზნესივით არის: თუ სწორად მართავ, შედეგს იღებ, თუ არა, კოტრდები. მე ყოველთვის ვამბობ,- თუ ფულს სწორად ხარჯავ და შემდეგ სწორად მართავ, კარგ შედეგებს იღებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კრახით სრულდება.

- როდის გაიხსნა რესტორანი "საქართველო“?

- ჩემი რესტორანი 2022 წლის 14 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა გეგმის მიხედვით ეს სექტემბერში უნდა მომხდარიყო.

- რა ბიუროკრატიული პროცესები შეგხვდათ რესტორნის გახსნის პროცესში ამერიკაში?

- აქ შედარებით ადვილია ბიზნესის წამოწყება, როცა იცი, რა და როდის უნდა გააკეთო, მთავარია თანმიმდევრულად მიჰყვე. სახელმწიფოსგან ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს.

- რა ეროვნების ხალხი გყავთ დასაქმებული და სულ რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენთან?

- ამ მომენტისთვის რესტორანში ჯამში 11 ადამიანი მუშაობს და ყველა ქართველია, უმრავლესობა ახალი ჩამოსული.

- როგორც ჩანს, ტრადიციული ქართული კერძები გაქვთ მენიუში - შეფ-მზარეული ქართველია?

- ქართულ სამზარეულოს ყოველთვის უნდა ჰყავდეს ქართველი შეფ-მზარეული და მაშინ არის ნამდვილად ქართული. ჩვენც, რა თქმა უნდა, ქართველი გვყავს. ადგილობრივებში ყველაზე მოთხოვნადია ცომეული, მაგალითად, აჭარული, იმერული, მეგრული ხაჭაპურები. შემდეგ სალათები, ხინკალი. ბოლო დროს ნელ-ნელა პოპულარული ხდება ხორცეული - მწვადი და ქაბაბი.

ასევე გვაქვს ქართული ღვინო, რომელიც ძალიან პოპულარულია.

- სამომავლო გეგმების შესახებაც რომ გვითხრათ...

- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იდეაში გვაქვს კიდევ ერთი რესტორნის გახნა. მხოლოდ ფილადელფიაში 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ვფიქრობ, აუცილებელიც არის კიდევ ერთი ქართული რესტორანი.

ეს არა მხოლოდ ჩემი ბიზნესი და წარმატებაა, არამდედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაც არის. რაც მეტი ქართული რესტორანი იქნება, მით მეტი გაიცნობს საქართველოს, შესაბამისად, მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდება და ეს ყველაფერი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვისაც მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში მეტი ფული შემოვა.

- სამშობლოში დაბრუნებას აპირებთ?

- დაბრუნებას ჯერჯერობით არ ვფიქრობ და არ ვიცი, რა იქნება, ალბათ დავბრუნდები, ყოველ შემთხვევაში შვილებს ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებინებ და ვცდილობ, არ დაივიწყონ, საიდან არიან.

ამერიკა საიქიოსავით არის - აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება...

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი