ავტორი:

ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის თიკა სვანიძე-ვენკოს სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია თბილისში გაიმართება

ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის თიკა სვანიძე-ვენკოს სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია თბილისში გაიმართება

22 დეკემბერს ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის თიკა სვანიძე-ვენკოს სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

„ქალი სხვა სამყაროდან“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ავტობიოგრაფიული შინაარსისაა და ავტორის 50-წლიან ცხოვრებას აჯამებს. ის ემოციური, მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე, დინამიკური სტილით დაწერილი წიგნია, რომელიც განსხვავებული ინტერესების მქონე მკითხველს დაუვიწყარ ლიტერატურულ მოგზაურობას ჰპირდება.

ტექსტი შინაარსობრივი თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანია და უამრავ თემასა და პრობლემას ეხება. მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, ავტორის თვალით დაინახოს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები, ერთი ადამიანის ცხოვრების მაგალითზე შეაფასოს ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ რთული, წინააღმდეგობებითა და გარდამტეხი ეპიზოდებით აღსავსე პერიოდი.

წიგნში „ქალი სხვა სამყაროდან“ ავტორი მოგვითხრობს საკუთარი ბავშვობის შესახებ საბჭოთა კავშირში, აღწერს უდიდესი იმპერიის პოლიტიკურ, ფილოსოფიურ და იდეოლოგიურ თავისებურებებს და, ასევე, მისი ნგრევის შედეგად დაწყებული პროცესების გავლენას საქართველოს ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაზე.

თიკა სვანიძე-ვენკო წიგნში სევდანარევი იუმორით გვიყვება ემიგრაციის, უცხო სამყაროსთან ადაპტაციის სირთულეებზე. იხსენებს შეხვედრას ნიდერლანდების დედოფალთან, რომელმაც მას სამი უცნაური კითხვა დაუსვა. ასევე, უზიარებს საკუთარ გამოცდილებას მრავალ ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ.

მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს თიკა სვანიძე-ვენკოს გამოცდილებას იმის შესახებ, როგორ ქმნიდა ის ნაციონალურ ბიზნესებს, კომპანიებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს საქართველოს მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში.

წიგნის პრეზენტაცია 22 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

R