ავტორი:

"ბრალდებულმა დაკავებისას იარაღი ჯერ სამართალდამცველებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო, გაისროლა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა" - რა მოხდა ლაგოდეხში? შსს-ს განცხადება

"ბრალდებულმა დაკავებისას იარაღი ჯერ სამართალდამცველებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო, გაისროლა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა" - რა მოხდა ლაგოდეხში? შსს-ს განცხადება

განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულმა პოლიციელების დანახვისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღი ჯერ პოლიციის თანამშრომლებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის დაკავებისას დროს ბრალდებულის თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში 2022 წლის 18 დეკემბერს დაიწყო გამოძიება თბილისში ამავე დღეს მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით).

გამოძიებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.ს.-მ თანმხლები პირის - 1989 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მუცლის არეში დაჭრა 1966 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხოლო დანაშაულის ჩადენისთანავე, ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.

როგორც უწყება განმარტავს, დანაშაულის ჩამდენი პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ღონისძიებებში ჩაერთნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც, მათი ადგილსამყოფელის ირგვლივ ინფორმაციის მოპოვების მიზნით სხვადასხვა მისამართებთან ერთად გამოცხადდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გ.ს.-ის ნათესავის სახლში, სადაც მათ ადგილზე დახვდათ გ.ს.

  • "პოლიციელების დანახვისთანავე, გ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ჯერ მიუშვირა პოლიციის თანამშრომლებს, ხოლო შემდეგ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ამავე სახლში მყოფი გ.გ. და პოლიციის თანამშრომლები.

სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით, სსკ-ის 375-ე მუხლით, 1989 წელს დაბადებული გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ გ.ს. თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში.