ავტორი:

"შვილს ვზრდიდი ისე, როგორც მესმოდა... გგონიათ, მას მერე, რაც თავს დამატყდა, ომი მინდა?" - ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან, რომელმაც ძმა აფხაზეთის, შვილი კი უკრაინის ომში დაკარგა

"შვილს ვზრდიდი ისე, როგორც მესმოდა... გგონიათ, მას მერე, რაც თავს დამატყდა, ომი მინდა?" - ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან, რომელმაც ძმა აფხაზეთის, შვილი კი უკრაინის ომში დაკარგა

"ჯაბა კიევში გავიცანი. მანამდე მამამისს, არჩილ ხოფერიას ვიცნობდი. აფხაზეთის ომის შესახებ ძალიან საინტერესო ამბებს წერდა. აფხაზეთშიც იბრძოდა და ყველგან, სადაც საქართველოს დასჭირდა. ძმა სწორედ აფხაზეთში დაკარგა. უკრაინაში წასვლამდე შეხვედრა ვთხოვე, მისი აზრი მაინტერესებდა. ცდილობდა ჩემთვის უკრაინაში წასვლა გადაეფიქრებინა. ბოლოს მითხრა, ჩემი შვილია იქო, და ტელეფონის ნომერიც მომცა. კიევში, დახმარების პუნქტში ვიყავი, უცებ ვიღაც ორმეტრიანი, ავტომატიანი ბიჭი შემოვარდა, ალეკოო, ყვიროდა. გაოცებულმა შევხედე, სიცილით მითხრა, აჩიკოს შვილი ვარო. გადავეხვიეთ ერთმანეთს, პურიც გავტეხეთ. ჯაბა უკრაინულ დანაყოფში იყო, მე საერთაშორისო ლეგიონში მოვხვდი. სულ მირეკავდა და მკითხულობდა. გაიგო, რომ ჩემს დანაყოფში ჯავშანჟილეტების ნაკლებობა იყო და საჩუქრად გამომიგზავნა. ვინც ომშია ნამყოფი, იცის, როგორი საჩუქარია ჯავშანჟილეტი. ძალიან მაგარი მეომარი იყო, ყველაზე მაგარი ბრძოლა სადაც არის, იქ დაიღუპა. ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძალიან მაგარი, ვაჟკაცი ბიჭი იყო, მეთაურად დაბადებული. მე რომ შემხვდა, უკრაინელი თანამებრძოლები ახლდნენ, ისე უყურებდნენ, როგორც ღმერთს“, - ასე იხსნებს უკრაინაში მებრძოლ ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას ალეკო ელისაშვილი.

ჯაბა ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, მეომარი ბიძის, აფხაზეთის ომში გმირულად დაცემული ჯამბულათ ხოფერიას გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

არჩილ ხოფერიას ძმა ჯამბულათი

გარდაცვლილი მებრძოლის მამა არჩილ ხოფერია ის მეომარია, რომლის შესახებაც დღემდე ყვებიან ლეგენდებს. რთული, ძალიან რთული იყო შვილმკვდარ მამასთან საუბარის დაწყება... ან როგორ უნდა ჰკითხო ღმერთივით შვილის დამკარგავ მამას, როგორ არის, რას გრძნობს, რას ფიქრობს... თუმცა, ბატონო არჩილი იმაზე ძლიერი, იმაზე უტეხი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

არჩილ ხოფერია:

- შვილს ვზრიდიდი ისე, როგორც მესმოდა... ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა. იმაზე მეტი შეითვისა, ვიდრე მე ვასწავლე. ომისთვის მზად იყო - მენტალურადაც და ფიზიკურადაც. საუკეთესო სიმბიოზი აღმოჩნდა. სხვას ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი ღვთის ნებაა, რაც დედამიწის ზურგზე ხდება. ზოგჯერ ადამიანები ვცდილობთ, ადამიანური ლოგიკით ავხსნათ ყველაფერი, მაგრამ, აბა, როგორ უნდა ახსნა ადამიანური ლოგიკით ის ამბავი, რომ დედ-მამა დარჩა, შვილი კი წავიდა? არა, ამას ვერ ავხსნით.

- პერსპექტიული სპორტსმენი იყო, მაგრამ სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. არ შეეწინააღმდეგეთ, როდესაც ომში წასვლა გადაწყვიტა?

- უბრალო ქვეითს დიდი სამხედრო გამოციდლება არ სჭირდება, მთავარია მენტალური მზაობა. ის მეომარი იყო მენტალურად. ეს არის მთავარი! ან კი მე როგორ უნდა ჩავრეულიყავი მის საქმეში?! მხოლოდ რჩევის მიცემა შემეძლო. რატომ არ ვურჩიე შინ დარჩენა?! ეს როგორ უნდა მერჩია, როდესაც სწორედ ამისათვის იწრთობოდა?! უნდა ებრძოლა, როდესაც საჭირო მომენტი დადგებოდა. ჰოდა, დადგა საჭირო მომენტიც და ჯამბულათმა იბრძოლა!

არჩილ ხოფერიას შვილი ჯამბულათ უმცროსი

- გული არ გტკივათ, როდესაც გესმით ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენს ბიჭებს სხვის ომში არაფერი ესაქმებათ, რომ ისინი ომის პარტიის წევრებმა ომში ძალით წაიყვანეს, რომ მათ გმირობას, თავგანწირვას საკუთარ ქვეყანაში შესაბამისად არ აფასებენ?

- მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს. იმ უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე კი ასე ვიტყვი - ქვეყნის მართველს მეტი დაფიქრება მართებს... როცა ომი დაიწყო, ჩემი შვილი მიუნჰენში იყო. დილის 9 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. მხოლოდ ის ვთხოვე, ვარშავაში დამლოდებოდა, მაგრამ არ დამელოდა... კიევში მაშინ ჩავიდა, როდესაც მთელი მსოფლიო დედაქალაქის დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა... ჯამბულათი არავის წაუყვანია. ან კი რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი?! მას თავისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც ვფიქრობ, რომ პირუთვნელად იარა. უბედურება გვჭირს ქართველებს, რუსების ორასწლიანმა ბატონობამ პარაზიტებად გვაქცია. დაირღვა ჩვენი ეროვნული სხეული. ქართველების ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის რა ხდება, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და რა შეიძლება დაგვემართოს. წარმოიდგინეთ ებრაელი, რომელიც არაბს გაამართლებს, ან პირიქით არაბი წარმოიდგენთ, რომელიც ებრაელს გაამართლებს. სიმართლე რომ გითხრათ, მესმის მაგ ადამიანების, არც განვიკითხავ. ჯერ ერთი, უფლება არ მაქვს, მერე კიდევ, აზრიც არ აქვს. ჩემს შვილს კარგად ესმოდა, რაც ხდებოდა, რა ძალები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და რის გამო. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ებრძოლა და დამდგარიყო იქ, სადაც იდგა.

- თქვენ არ მოიწონეთ, ქართული საზოგადოების ნაწილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, გლოვის ნიშნად, თბილისის მთავარი ნაძვის ხე არ უნდა ანთებულიყო...

- მეომრის გზა რთულია, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია. მთელი ცხოვრება იყო მეომარი, ეს ორმაგად რთულია, იმიტომ, რომ, როდესაც შენ ღმერთის ხელი გიფარავს, ხოლო შენი თანამებრძოლები მიჰყავს, ტკივილი გაუსაძლისი ხდება. იძულებული ხარ, ეს ტკივილი საჭურველთან ერთად ატარო. თუმცა, ყველა მეომარმა იცის, რომ ცხოვრება გრძელდება. ზუსტად ამისთვის იღუპებიან ისინი და ამიტომ! შესაბამისად, ნაძვის ხე კიდევაც უნდა დაიდგას და კიდევაც უნდა განათდეს. რამეთუ ბავშვებს ძალიან უყვართ. ჩვენი მომავალი კი ბავშვებია... ქალაქიც განათებული უნდა იყოს და ხალხიც ზეიმობდეს, ვისაც ეზეიმება. რატომ? იმიტომ, რომ მწუხრი და სიხარული გვერდიგვერდ არიან და იზეიმონ ადამიანებმა, იმედი არ დაკარგონ... თბილისი კი დედაქალაქია და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად. იცოდეთ, მეომრები წასულებიც და ისინიც ვინც დარჩა, იდგებიან თავიანთ ტკივილთან და საჭურველთან ერთად, ფარად, რათა იცოცხლოს საქართველომ და ცხოვრება გაგრძელდეს...

ჯამბულათ ხოფერია და ალეკო ელისაშვილი უკრაინაში

- თქვენვის, როგორ მეომრისთვის, ომში დაცემული ძმისა და შვილის პატრონისთვის, როგორი მოსასმენია ნარატივი - "აბა ომი გინდათ?“

- თქვენ გგონიათ, იმ ყველაფრის მერე რაც თავს დამატყდა, ომი მინდა?! არა, არ მინდა ომი, საქართველოში! ომის არ ეშინია იმ ხალხს, ვინც ემზადება ომისთვის. ჩვენ ახლა უნდა გვეშინოდეს ომის! დიახ, ახლა ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე არ ვარ ომის მომხრე, არც ჩემი შვილი იყო ომის მომხრე. ამიტომაც იბრძოდა უკრაინაში. კარგად ესმოდა იმ საფრთხის, რაც შეიძლება ომმა თავს დაატეხოს, მოუმზადებელ სახელმწიფოს, მოუმზადებელ ჯარს, მოუმზადებელ ერს. მე რომ ვარ ომისთვის მზად, ეგ არაფერს არ ნიშნავს, სახელმწიფო არ არის მზად. უკრაინა იმიტომ უძლებს ამდენს, რომ ელიტებმა გადაწყვიტეს, ებრძოლათ...

- თქვენ "ფეისბუქზე" ასეთი რამ დაწერეთ, "ვეღარ დააჯახებ შენ დრონს კრემლს, მამა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ყველაფერი წინაა აქ ამ სამყაროში“. რას ელით, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი?

- ჩვენი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა, როგორც ერი, აღარ იარსებებს.

- "ქართულმა ლეგიონმა“ ჯამბულათის გამო შური იძია, ჩაატარა სპეცოპერაციები, რომლის დროსაც 11 ვაგნერელი და რამდენიმე ათეული, რუსული საომარი ტექნიკა გაანადგურეს. "ლეგიონის სპეცოპერაციების რაზმმა ეს ოპერაცია ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას და ქართველი მეომრების სახელზე ჩაატარა. დაე, გაიგოს მტერმაც და ყველამ რომ ქართველი მეომრების სისხლი არავის არასდროს შერჩება. დიდება ჩვენს ჯიშს, დიდება ჩვენს სისხლს, დიდება უფალს, გაუმარჯოს ღირსებას!“ - დაწერეს ლეგიონერებმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ამ ამბავმა ოდნავ მაინც თუ მოგგვარათ შვება?

- ჩემი შვება აქ არაფერი შუაშია. ეს იყო სამართლიანი შურისძიება, მომხდურზე. ამას ითხოვდა ჩვენაგან არა მარტო ღირსების კოდექსი, არამედ სამხედრო აუცილებლობა, ჩვენი წინაპრები ერთი ქართველის მარჯვენის მაგივრად, მტრის ათ მარჯვენას აჭედებდა დირეზე. ამას აკეთებდა ქართველი, რათა მტერს მუდმივად სცოდნოდა, ქართველის სისხლი ძვირად ფასობს... საქართველოში, ადრე ადამიანები ოჯახის გარდა, პასუხს აგებდნენ გვარის, სოფლისა თუ ხეობის წინაშე. შესაბამისად, ხეობა, სოფელი, გვარი ადამიანს იცავდა და მასზე აგებდა პასუხს. დღეს ეს მოშლილია, ქართველი კაცი მარტოა დარჩენილი. რაც მას და მის ოჯახს შეემთხვევა, მხოლოდ მისი პრობლემაა. სახელმწიფო უარს ამბობს სამართლიან შურისძიებაზე და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ხომ ხედავთ, ოთხოზორია მოგვიკლეს, ხმა არ ამოვიღეთ, მერე ტატუნაშვილი მოგვიკლეს და ისევ არ ამოვიღეთ ხმა. არ შეიძლება ასე, ქართულ სისხლს ფასი დაეკარგა. იმედი მაქვს, მოვა დრო და ქართული სახელმწიფო სამართლიან შურისძიებაზე უარს აღარ იტყვის და უსამართლოდ დაჩაგრული ყველა ქართველის დასაცავად იბრძოლებს და მოსთხოვს დამნაშავეს პასუხს...

ავტორი: ხათუნა ბახტურიძე

  • აფხაზეთი ომის დროს ჩაწერილი ვიდეოკადრები, რომელშიც არჩილ ხოფერია საუბრობ