ავტორი:

"ბატკას" საფეხბურთო ვნებები - "ფინალში ღმერთი საფრანგეთისკენ იყო, მაგრამ მან, როგორც ჭეშმარიტმა შემოქმედმა, უკან დაიხია"

"ბატკას" საფეხბურთო ვნებები - "ფინალში  ღმერთი საფრანგეთისკენ იყო, მაგრამ მან, როგორც ჭეშმარიტმა შემოქმედმა, უკან დაიხია"

ბელარუსის ულვაშა დიქტატორი, ალექსანდრ ლუკაშენკო ხშირად აღნიშნავს და საკმაოდ ამაყობს იმით, რომ წარსულში ფეხბურთელი იყო. ვინ იცის, რა ტალანტი დაკარგა "ბატემ“ ან მინსკის "დინამომ“ "ბატკას" სახით, როცა ლუკაშენკომ საფეხბურთო მოედანს პოლიტიკური არჩია.

19 დეკემბერს მინსკში ვლადიმირ პუტინი ჩაფრინდა და ყოფილ "თითქმის“ პროფესიონალ ფეხბურთელთან რუსეთ-ბელარუსის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების მხრიდან დაუნდობლად კრიტიკული შეკითხვების დრო დადგა.

"ბატკას" ასევე ჰკითხეს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზეც. ლუკაშენკოსაც გაუხარდა, ძლივს ისეთ საკითხზე ჩამოვარდა საუბარი, რაშიც ერკვეოდა.

"თქვენ შეიძლება იცით, მე ყოველთვის ბრაზილიას ვგულშემატკივრობ, შემდეგ არგენტინას, რატომ? იმიტომ, რომ რუსეთისა და ბელარუსისგან განსხვავებით, მათ ფეხბურთი რაღაც წმინდად აქვთ გამოცხადებული, ისინი ყველა ფეხბურთში არიან ჩართულები...

სპორტი მიყვარს, თავის დროზე ეს ჩემი პროფესია იყო. ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ფეხბურთს თითქმის პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდი. კარგად ვერკვევი სპორტის ამ სახეობაში. ამიტომ ჩემთვის ჯერ ბრაზილიაა მნიშვნელოვანი, შემდეგ კი არგენტინა... ისინი ფეხბურთს აღმერთებენ.

რაც შეეხება ამ მატჩს, ყველაფერს ვუყურე, მოთელვასაც კი. ძალიან მაინტერესებდა, როგორც ემზადებოდნენ სპორტსმენები. განსაკუთრებით კი არგენტინელები, ისინი პირველები გამოვიდნენ მინდორზე. მთელ მატჩს ვუყურე. არგენტინამ ეს მოგება დაიმსახურა. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ, ასევე დამატებით დროშიც. მაგრამ გულახდილად ვთქვათ - ამ თამაშში ღმერთი საფრანგეთისკენ იყო. იმიტომ რომ ასე არ ხდება, დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდეს. მაგრამ, ობიექტურად, ღმერთმა, როგორც ჭეშმარიტმა შემოქმედმა, უკან დაიხია. მან ეს ყველაფერი რომ დაინახა, უკან დაიხია და დრამატულ მატჩში, იცით, ვისაც გამარჯვება აჩუქა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, უკეთესს ვერც მოიფიქრებ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი რამ მოსკოვშიც არ ყოფილა, როცა ფრანგები და ხორვატები ერთმანეთს შეხვდნენ და ფრანგებმა მარტივად მოიგეს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მოგვიანებით, ჟურნალისტებმა პრეზიდენტები ისევ ჩაითრიეს იმ საკითხებში, რაშიც ალექსანდრე შედარებით სუსტია: პოლიტიკა, ეკონომიკა, უკრაინის კონფლიქტი, სანქციები და ასე შემდეგ.

სხვათა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე, ლუკაშენკომ მინისტრებთან შეხვედრისას გაოცებულმა იკითხა, ვუყურე ამ ჩემპიონატს და იქ ბელარუსის ნაკრები არ არისო, იქნებ ჩემშია პრობლემა და გულმოდგინეთ არ დავაკვირდიო.

ცნობისთვის, 18 დეკემბერს, კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც არგენტინამ დრამატულ მატჩში, პენალტების სერიით საფრანგეთი დაამარცხა.

მოამზადა ანრი კურტანიძემ