ავტორი:

"კინოში მისი გადაღება შემთხვევითი მოვლენა იყო" - როგორ მოხვდა ულამაზესი ახალგაზრდა არქიტექტორი თენგიზ არჩვაძისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით?

"კინოში მისი გადაღება შემთხვევითი მოვლენა იყო" - როგორ მოხვდა ულამაზესი ახალგაზრდა არქიტექტორი თენგიზ არჩვაძისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით?

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქართული ფილმი "კეთილი ადამიანები", ნანა პირველის პერსონაჟი არასოდეს დაავიწყდება... იმ პერიოდში ქართულ კინოში არაერთი ქალი მსახიობი ბრწყინავდა, მაგრამ რეჟისორმა შოთა მანაგაძემ პროფესიით არქიტექტორი ნანა პირველი მთავარ როლზე აიყვანა, რომელიც პარტნიორობას თენგიზ არჩვაძეს და ოთარ მეღვინეთუხუცესს ღირსეულად უწევდა...

პროფესიით ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე მრავალი წლებია ქართულ კინოს იკვლევს. იგი ნანა პირველის შესახებ გვიამბობს...

- შოთა მანაგაძის ფილმი "კეთილი ადამიანები " უდავოდ კარგი და დასამახსოვრებელი ფილმია. ფილმმა გამოსვლისთანავე მოიპოვა მაყურებელთა სიმპათია და სიყვარული... ვინ იცის, მერამდენედ ვუყურებ ამ ნაცნობ შავ-თეთრ კადრებს და ისევ ის ემოცია მოდის, რაც პირველი ნახვისას მქონდა... ბავშვობიდან მოყოლებული ნამდვილად გამიჭირდება ვთქვა, რამდენჯერ მაქვს ნანახი ქართული კინოს ეს ნამდვილად გამორჩეული ფილმი, თუმცა არასდროს მბეზრდება, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ ფილმებს ყავლი არ გასდით და ასეთი ფილმები არ ძველდება... იცვლებიან თაობები, მაგრამ ასეთ ფილმებს ყოველთვის ჰყავს თავისი აუდიტორია.

დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ბევრი ნაკლი მოვუძებნოთ ამ ფილმს, მაგრამ იმ პერიოდში ეს მართლაც კარგი და საჭირო ფილმი იყო. ფილმი ქალაქ რუსთავში მეტალურგიული ქალაქის მშენებლობას ეხება. მშენებლობის პარალელურად კი ჩვეულებრივი ადამიანების ყოფას, მათ ცხოვრებასა და განცდებზე გვიამბობს.

ნანა პირველი და თენგიზ არჩვაძე - "კეთილი ადამიანები"

ფილმის დასაწყისში, ორი მოზარდის - ნანასა და გიგას ლამაზი ურთიერთობის გაგრძელებას და ბედნიერ დასასრულს, გიგას მამის ომში დაღუპვა და გიგას ფრონტზე გაპარვა დაუსვამს წერტილს. გადის წლები და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული გიგა ყველგან ეძებს ყმაწვილობის მეგობარს. აქვე ვგებულობთ, რომ როცა ფრონტზე გაგზავნილ წერილებზე პასუხს ვერ მიიღებს, ნანა გიგას დაღუპულად ჩათვლის და მოგვიანებით გათხოვდება. რიგორც ზემოთ ვთქვით, წლების შემდეგ გიგა სამშობლოში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაოდ ჩამოვა. იგი ახალშეძენილი მეგობრის, თამაზის ოჯახში სტუმრობისას ნანას შეხვდება, რომელიც თამაზის ცოლი გამხდარა. შეხვედრას ორივე მწვავედ განიცდის. ცდილობენ გამოსავლის პოვნას.

ფილმში მთავარ როლებს ქართული კინოს მეგავარსკვლავები თენგიზ არჩვაძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდნენ. ამ ორ შესანიშნავ მსახიობს კი პარტნიორობას არაპროფესიონალი ნანული პირველი უწევდა.

- როგორ მოხდა მისი ფილმში გადაღება?

- ნანული პირველი პროფესიით არქიტექტორი გახლდათ. კინოში მისი გადაღება შემთხვევითი მოვლენა იყო, მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა ქალი კინოსტუდიაში ცნობილმა მსახიობმა დუდუხანა წეროძემ მიიყვანა და რეჟისორმა შოთა მანაგაძემ მაშინვე აიყვანა მთავარ როლზე. რეჟისორი არ შემცდარა, რადგან ქალბატონმა ნანულიმ დიდებულად გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას და დასამახსოვრებელი სახე შექმნა ამ კლასიკად ქცეულ ფილმში.

მის მიერ განსახირებული ნანა, საოცრად მგრძნობიარე, ნაზი და ფაქიზი ბუნების ადამიანია, რომელიც წარმატებული ექიმია, ამასთან ერთად, ყურადღებიანი და მოსიყვარულე მეუღლე გახლავთ.

ახალგაზრდა ოჯახის მყუდროებას დაარღვეს ნანას მეუღლის ახალი კოლეგა და მეგობარი, რომელიც ნანას ბავშვობის მეგობარი გიგა აღმოჩნდება. ნანული პირველი შესანიშნავად გადმოსცემს თავისი გმირის განცდებს, მისი თამაში ყოველ ეპიზოდში დამაჯერებელი და ბუნებრივია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გმირი და საოცრად მიმზიდველი სასტუმროს სცენაში, როცა ნანული პირველის გმირი მიდის სასტუმროში და გიგას ( ოთარ მეღვინეუხუცესი ) სთხოვს, არ წავიდეს ამ საღამოს ერთ-ერთ ოჯახში ვახშამზე, რადგან იქ მისი ოჯახია. მისი გმირი ამ ეპიზოდში უდიდეს სევდას აზიარებს მაყურებელს. საერთო ჯამში ნანული პირველი, მთელი ფილმის მსვლელობისას, მიუხედავად იმისა, არაპროფესიონალი მსახიობი გახლდათ, ნამდვილად ღირსეულად ჩანდა ამ ორი დიდი მსახიობის გვერდით. როცა ფილმი ეკრანზე გამოვიდა, ფილმმაც და მსახიობმაც იმთავითვე მაყურებელთა სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს ქართული კინოში არაერთი მშვენიერი და ნიჭიერი ქალბატონი ბრწყინავდა, მაგრამ ქალბატონმა ნანულიმ თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალიბით შეძლო დასამახსოვრებელი სახის შექმნა და თავისი შეუცვლელი ადგილის დამკვიდრება ქართულ კინემატოგრაფში. მიუხედავად ზემოთხსენებული შესანიშნავად განსახიერებული როლისა და მართლაც შესანიშნავი ნამუშევრისა, ქალბატონი ნანული თავისი პროფესიის ერთგული გახლდათ და კინოხელოვნებას არ გაჰყოლია.

"კეთილი ადამიანების" შემდეგ მან მხოლოდ სამი ეპიზოდური როლი შეასრულა შემდეგ ფილმებში ,, სინათლე ჩვენს ფანჯრებში " - 1969 წ. ( გალინა ) , ,, ციმბირელი პაპა '' - 1973 წ. ( ქრისტინე ) , "როგორ ვიცხოვრო უშნოდ " - 1980 წ. ( ეპიზოდ ). თუმცა ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ფილმი ,,კეთილი ადამიანები", ალბათ არც არასდროს დაავიწყდება ნანული პირველის მიერ განსახიერებულ ეს მართლაც დასამახსოვრებელი ეკრანული სახე.