ავტორი:

"შინ კარგი ამბებით ვბრუნდები..." - ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული ვიზიტი აშშ-ში: ამერიკელების გასაოცარი მასპინძლობა და მთავარი გზავნილები ვაშინგტონიდან (ფოტოები)

"შინ კარგი ამბებით ვბრუნდები..." - ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული ვიზიტი აშშ-ში:  ამერიკელების გასაოცარი მასპინძლობა და მთავარი  გზავნილები ვაშინგტონიდან (ფოტოები)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა. შეხვდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, გარდა ამისა, კონგრესში სიტყვით გამოვიდა.

მედია ამ ვიზიტს, გამოქვეყნებულ ფოტო მასალას აფასებს, როგორც აშშ-ისა და უკრაინის მტკიცე ერთობის დემონსტრირებად.

გადავხედოთ ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მთავარ დეტალებსა და მესიჯებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტისგან ამერიკიდან მოვისმინეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენს სამხედრო დამსახურებისთვის მედალი გადასცა, რომელიც ზელენსკის თქმით, ბაიდენთან ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბახმუტიდან გამოატანა

  • "წლის კაცი"

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ის არის "წლის კაცი", თეთრი სახლის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ზელენსკისა და ბაიდენს “ბრძოლის ველზე სამომავლო ქმედებების სიღრმისეული სტრატეგიული განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.”.

  • ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც შედის Patriot-ის სისტემა

"შინ კარგი ამბებით ვბრუნდები: პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის შესახებ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ამ პაკეტის უძლიერესი ელემენტია Patriot-ის სარაკეტო კომპლექსი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის ეფექტიანი საჰაერო ფარის შესაქმნელად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოვართმევთ ტერორის მთავარ ინსტრუმენტს - ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებსა და ხალხზე თავდასხმის შესაძლებლობას.

დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ველით მომავალი წლიდან და რისთვის ვემზადებით. ეს მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის და ეს არის დიდი დახმარება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • "თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა, საკმარისია? სიმართლე გითხრათ, არა"

"აშშ-სა და მოკავშირეების მხარდაჭერა გადამწყვეტია ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად.

"აქ, ფრონტის ხაზია, ტირანია - რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების ცხოვრების მიმართ - და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია არა მხოლოდ ასეთ ბრძოლაში, არამედ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა. საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და შეერთებულ შტატებს ამ მიზნების მისაღწევად მუდმივი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობით ვეპყრობით", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამს ის აშშ-ის სხვა მოკავშირეებს.

"რუსეთში გაგზავნილი ასობით ირანული სასიკვდილო დრონი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე გახდა. ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა საჩუქრად კონგრესს და კონგრესის ოვაციები ზელენსკის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით.

"როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა :

"დაე, ღმერთი ფარავდეს ჩვენს მამაც ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, დაე, ღმერთი ფარავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბედნიერი შობა და ბედნიერი, გამარჯვებული ახალი წელი, Slava Ukraini!”

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">I thank <a href="https://twitter.com/POTUS?ref_src=twsrc%5Etfw">@POTUS</a> for the warm welcome and I deeply appreciate all the support of the U.S. and the American people. I am confident that together we will be able to secure a better, prosperous and free future for both of our nations. Ukraine’s victory will also be America’s victory. <a href="https://t.co/OhclRtwIJy">pic.twitter.com/OhclRtwIJy</a></p>&mdash; Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) <a href="https://twitter.com/ZelenskyyUa/status/1605718645576826880?ref_src=twsrc%5Etfw">December 22, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა.

დროშების გადაცემას კონგრესმენების ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.