ავტორი:

"მეუბნებოდნენ, - ქალს რა უნდა ამ სპორტში... საწყალი შენი დედამთილიო" - ინტერვიუ სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ელენე ქებაძესთან, რომლის პოსტსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მეუბნებოდნენ, - ქალს რა უნდა ამ სპორტში...  საწყალი შენი დედამთილიო" -  ინტერვიუ სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ელენე ქებაძესთან, რომლის პოსტსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ქართველი სამბისტი გოგონა ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ელენე ქებაძე კარიერის განმავლობაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - პირველად ეს ტიტული 2018 წელს მოიპოვა.

ყირგიზეთიდან დაბრუნებულმა ელენემ, რომელსაც აეროპორტში მხოლოდ ოჯახის წევრები დახვდნენ, "ფეისბუქ-გვერდზე" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გააკრიტიკა და უწყება მის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა:

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს "ფეისბუქზე" და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს. არა უშავს, მე ვაგრძლებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"

ელენეს ამ პოსტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოეხმაურა და სპორტსმენს პუნქტობრივად შეახსენა ის ფინანსური მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოსგან მისი წარმატებული ასპარეზობებისთვის მიუღია. (წაიკითხეთ ფედერაციის განცხადება)

ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ambebi.ge მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს დაუკავშირდა, რომელმაც ამ თემაზე საუბარი აღარ ისურვა, გვითხრა, რომ თავისი სათქმელი უკვე თქვა და მისი განვრცობა აღარ სურს. სამაგიეროდ, ელენე უფრო ახლოს გვაცნობს თავს და გვიამბობს, როგორ მოვიდა დღემდე და რა დაეხმარა მიზნის მიღწევაში.

  • "ქალს რა უნდა ამ სპორტშიო“

- ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთიდან ვარ და იქვე დავიწყე ვარჯიში. ძალიან მომწონდა ეს სპორტი, ჩემი ძმა დადიოდა სამბოზე და მეც მომინდა. მერე ჩემმა ძმამ გამოაცხადა, ელენე თუ შევა სამბოზე, მე აღარ ვივლიო და მართლაც ასე მოიქცა. იმხანად საზოგადოებაში იყო ასეთი განწყობა - "ქალს რა უნდა ამ სპორტში“ და რა გასაკვირია, ისიც თუ ასე ფიქრობდა. მახსოვს, როცა ჩემი ძმა აპროტესტებდა, დედ-მამა დამიდგა გვერდში და მხარი ამიბეს - 11 წლისა ვიყავი, სამბოზე რომ შემიყვანეს და დავიწყე ვარჯიში ჯიმშერ მუმლაძესთან, რომელიც დღემდე ჩემი მწვრთნელია. დღეს ჩემი ძმა უკვე ამაყობს ჩემით. სხვათა შორის, წლების შემდეგ, ძმა ბევრჯერ დამეხმარა, ყველანაირად მიწყობდა ხელს, იყო რაღაც დაბრკოლებები, რასაც მის გარეშე ვერ გადავლახავდი...

  • "ვაი, საწყალი შენი დედამთილი, როგორ გვეცოდება“

- ჩემს გადაწყვეტილებას თანატოლებიც არაერთგვაროვნად შეხვდნენ. სხვათა შორის, ჩემამდე რამდენიმე გოგო უკვე დადიოდა ამ სპორტზე, მერე სხვებმა მეც მომბაძეს.. ვერავინ ვერაფერს მიბედავდა, ბიჭები ხშირად მეუბნებოდნენ, - ვაი, საწყალი შენი დედამთილი, როგორ გვეცოდებაო და მისთანები. ისე, ძალის გამოყენება დღემდე არსად დამჭირვებია, არავინ დამიგდია (იცინის). მერე ნაკრებშიც დამიძახეს, იყო შეჯიბრება-შეჯიბრებაზე და ეტაპობრივად მოვიდა ყველაფერი. ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი ადამიანი გავიცანი, მქონდა გასვლითი ტურები, ამ ყველაფერმა მიმიზიდა და "ჩამითრია“. დღეს უკვე ვხვდები, რომ ჩემი თავი ამ სპორტში ვიპოვე და კმაყოფილი ვარ...

  • წარმატება-წარმატებაზე

- ჩემი პირველი სერიოზული წარმატება 2010 წელს მოვიდა, როცა ანტალიაში ევროპის თასი მოვიგე. მერე იყო 2013 წელი და საბერძნეთი, სადაც მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში (18 წლამდელებში), 2014 წლს ევროპის ჩემპიონატი (ესეც ახალგაზრდებში), მერე - 2015 წელს დიდებში ვმონაწილეობდი მსოფლიო ჩემპიონატში და მეორე ადგილი ავიღე. იყო მარცხიც - რამდენიმე ფინალი წავაგე და 2018 წელს მოვიპოვე პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, 2019-ში ევროპის ჩემპიონატი მოვიგე და ახლა, ბოლოს, ყირგიზეთში მეორედ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ნაკრები ვიყავით წასული, ბევრნი გამოვდიოდით. ძალიან მაგარი ემოციაა, რომელსაც გამარჯვების მომენტში ვერ იაზრებ, მერე მილოცვები მოდის და ხვდები, რომ შენი გამარჯვებით ყველას აბედნიერებ, შენც ბედნიერი ხარ, როცა აცნობიერებ, რომ შენს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია. ახლა წლის ბოლოა, დავისვენებ და მომავალი წლიდან დაიგეგმება შეჯიბრებები. აქამდე ისეთი სერიოზული ტრავმა არ მიმიღია, იყო პატარ-პატარა, უმნიშვნელოები, ამის გარეშეც არ იქნება..

  • "მქონდა მიზანი და მისკენ მივდიოდი... სამბოს არაფერში გავცვლი“

- მათ, ვინც დღემდე ფიქრობს, რომ ძალოსნური სპორტი ქალის საქმე არაა, ძალიან ცდება. ზოგადად, ადამიანს რისი სურვილიც აქვს, იმის გაკეთება არ უნდა დაუშალო, მთავარია, გულით უნდოდეს, მიზანი ჰქონდეს და იმ მიზნისკენ იაროს. მიზანს რომ მიაღწიო, ბევრი შრომაა საჭირო. მე მქონდა მიზანი და მისკენ მივდიოდი. სანამ მიზანთან მივიდოდი, იმდენი დაბრკოლება შემხვდა, იმდენი იმედგაცრუება, მაგრამ დავძლიე, გადავლახე და მაინც ჩემი გავიტანე. დაბრკოლება როცა შეგხვდება, ხელი არ უნდა ჩაიქნიო, არ უნდა დანებდე, არ იფიქრო, რომ არ გამოგდის, პირიქით, მეტი და მეტი უნდა გააკეთო და იშრომო ამისთვის, შრომა კი აუცილებლად დაფასდება.

მალევე მივხვდი, რომ სამბო ჩემი სპორტია და სხვა არც არაფერზე მიფიქრია. დროის სიმცირიდან გამომდინარე, სხვა ვერაფრისთვის ვიცლი, სწავლაც ვერ გავაგრძელე, დრო არ მქონდა, ფიზიკურად ვერ მოვახერხე. საყვარელ სპორტს დღეში 3 საათს რომ უთმობ და, ასე ვთქვათ, მისთვის თავი გაქვს გადადებული, სხვა ვერაფერზე ფიქრობ და იცლი. ხშირად დღეში ორჯერ მიწევს ვარჯიში, თუ შეჯიბრება ახლოვდება, უკვე სამჯერადად. ჩემი სამსახურიც, უნივერსიტეტიც და ოჯახიც ეს სპორტია. სამბოს არავის და არაფრის გამო არ დავანებებ თავს, არაფერში გავცვლი, ეს ჩემი ცხოვრებაა. 17 წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული და რა გასაკვირია?...