საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება "ელჩების კონფერენციას", რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის მიწვეულ სტუმრებს შორის იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ იმასაც, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას.
"პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ "ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, - აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, "ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, 26 დეკემბერს, თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, "ელჩების კონფერენცია 2022", რომელიც ორ დღეს გასტანს. დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.