ავტორი:

ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი დეპუტატი - თვითმკვლელობა, მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი დეპუტატი -  თვითმკვლელობა, მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

65 წლის რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი პაველ ანტონოვი გარდაიცვალა. ანტონოვი ცნობილია, როგორც ხორცის კომპანია "ვლადიმერ სტანდარტის" დამფუძნებელი, "ერთიანი რუსეთის" ფრაქციის წევრი, ვლადიმირის რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის აგრარული პოლიტიკის, ბუნების მართვისა და ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელი. 2018 წელს ანტონოვი Forbes-ის მიხედვით, რუსეთის უმდიდრესი დეპუტატების სიის სათავეში იყო (მისი ქონება 9,9 მილიარდ რუბლად იყო შეფასებული).

ანტონოვი გარდაიცვალა ინდოეთში, ოდიშის შტატში, სადაც მეგობრებთან ერთად ისვენებდა და იუბილეს აღნიშნავდა: 22 დეკემბერს მას 65 წელი შეუსრულდა. მეწარმის ცხედარი სასტუმროს ფანჯრებთან იპოვეს, ის მესამე სართულიდან გადავარდა.

ორი დღით ადრე იმავე სასტუმროში გარდაიცვალა ანტონოვის 61 წლის მეგობარი, ბიზნესმენი ვლადიმირ ბიდანოვი, რომელიც მასთან ერთად ისვენებდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ნომერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, იქვე აღმოაჩინეს რამდენიმე ცარიელი ღვინის ბოთლი. როდესაც ბიდანოვი საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მედიაში გამოთქმული ვარაუდებით, შესაძლოა, პაველ ანტონოვი დეპრესიაში იყოს მეგობრის გარდაცვალების გამო და თავი მოიკლა. ასევე არსებობს ვერსია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი სიმაღლიდან გადმოვარდა.

კალკუტაში, რუსეთის გენერალური კონსულის ალექსეი იდამკინის თქმით, ინდოეთის პოლიცია ჯერჯერობით ვერ ხედავს კრიმინალურ ელემენტებს რუსი მეწარმეების გარდაცვალებაში. მისივე თქმით, პოლიციამ პირველი გარდაცვლილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და მის სხეულს კრემაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ანტონოვს, რუსმა დიპლომატმა მისი გარდაცვალების მიზეზი არ დაასახელა.

პაველ ანტონოვმა 2000-იან წლებში დააარსა კომპანიების ჯგუფი Vladimir Standard და ის რუსეთში ხორცისა და ძეხვის პროდუქტების მთავარი მწარმოებელი გახდა.