ავტორი:

"ჩვენ განსხვავებული ერი ვართ, სულიერებით, კულტურით, ზნით და ზნედაცემულობითაც კი... დღევანდელი რთული პერიოდი არახალია, გამოვძვრებით..." - ინტერვიუ ისტორიკოს ზაზა აბაშიძესთან

"ჩვენ განსხვავებული ერი ვართ,  სულიერებით, კულტურით, ზნით და ზნედაცემულობითაც კი... დღევანდელი რთული პერიოდი არახალია, გამოვძვრებით..." - ინტერვიუ ისტორიკოს ზაზა აბაშიძესთან

დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტის დირექტორი ბატონი ზაზა აბაშიძე გახლავთ, რომელიც ჩვენი დღევანდელი ყოფის ავ-კარგზე გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოს დასჩემდა საერთო სენი - უწიგნურობა. ინფორმაციის მიღება, არ ნიშნავს ცოდნას და ცოდნის მიღებას!. ცოდნა საკუთარ თავზე მუშაობით და ბევრი წიგნის წაკითხვის მერე მოდის. ამაში ძალიან მოვიკოჭლებთ. ხშირად ლექციების კითხვის დროს, საუბარს ვიწყებ ასე: თქვენ ალბათ გახსოვთ.. და შემდეგ ვაგრძელებ საუბარს და ცოტა ხანში ვხვდები, რომ არაფერი არ ახსოვთ, იმიტომ, რომ არ იციან და ბევრი რამ წაკითხული საერთოდ არ აქვთ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ვუთხრა მათ, რომ თუნდაც უნივერსიტეტში პრეზენტაციის მომზადებისას, სტუდენტებმა არა მარტო ინტერნეტი გამოიყენონ, არამედ რაღაც წიგნი მაინც წაიკითხონ. ჩვენ დროსაც ხომ იყვნენ ზარმაცები, უწიგნურები და ასე შემდეგ. აი ყველაზე უწიგნური ვინც იყო ჩვენს დროს, ის იყო არაჩვეულებრივად წიგნიერი დღევანდელ ფრიადოსანთან შედარებით. მახსენდება, როდესაც მე მუშაობა დავიწყე ლაბორანტად საქართველოს ისტორიის კათედრაზე, პირდაპირ გვავალდებულებდა ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე ყოველი ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ნაშრომებისა თუ მონოგრაფიების წაკითხვას. სამწუხაროდ, ასე აღარ არის. დღეს ნაკლებად იძლევიან მსგავს დავალებებს და ცხადია, ნაკლებადაც ასრულებენ სტუდენტები ამას.

- თქვენი, როგორც ისტორიკოსის თვალთახედვა მაინტერესებს, ჩვენს თავს რა ტრიალებს?

- ჩვენს თავს არაფერი კარგი არ "ტრიალებს“ ან როდის "ტრიალებდა“?! როდის, რა ეპოქაში არ ხდებოდა ის, რაც დღეს ხდება? აი "ოქროს ხანას“ რომ ვუწოდებთ თამარის ეპოქას, ნამდვილად "ოქროს ხანაა“, წარმატებების პერიოდი, მაგრამ, გგონიათ მაშინ არ იყო პრობლემები? უმთავრესად სოციალური ხასიათის, და საერთოდ ყველა სფეროში? ჩახედეთ წყაროებს და დარწმუნდებით! დღეს, რომ ვართ, კიდევ კარგად ვართ! გეკითხებით თქვენც და ყველას - როდის ვიყავით უკეთესად 10-20 წლის წინ? თუ 50 წლის წინ! თუ 100 წლის წინ? ეგებ 400 წლის წინ? 540, 970,1200 წლის წინ? მოკლედ, დღევანდელი რთული პერიოდი არახალია, გამოვძვრებით... შესაძლოა, კარგად არ ვართ, მაგრამ ვიქნებით!

- სვავებით გარშემორტყმული ვიყავით მუდამ...

- და არც ერთი მეგობარი მის დღემში გვერდით არ გვყოლია. ცხადია, ეს ყველაფერი მოქმედებს არამარტო საგარეო პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით, არამედ მოქმედებს შინაგან პროცესებზეც. ზემოდან რუსეთი გვადგას, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი წაიღო, აქეთ, ქვემოთ კიდევ მეზობლები, რომლებზეც არაფრის ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ დიდი მეგობრობით ისინიც არ გამოირჩევიან.

- ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, მომავალში როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე?

- ჩვენს ქვეყანაზე უკვე ისახება, არც თუ დადებითად! საერთოდ, ცხადია, არც ერთ ქვეყანაზე არ აისახება დადებითად.

- გერონტი ქიქოძე ამბობდა:“არა ჩვენ, მხოლოდ ევროპა გადაგვარჩენს. ვახტანგი კოტეტიშვილი წერდა: "არავითარ შემთხვევაში ჩვენ აღმოსავლეთს არ უნდა შეველიოთო“, მოგვიანებით კი გრიგორ რობაქიძემ დაწერა: "არავითარ შემთხვევაში ჩვენ წიხლი არ უნდა ვკრათ აღმოსავლეთს, მაგრამ ევროპაც მშვენიერია. და ამიტომ საქართველოში უნდა მოხდეს მათი ქორწილი ქართული ნადიმითო.. და მაინც, ევროპა თუ აზია?

- ევროპა! რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უკვე გამორიცხულია! ასევე ჩვენ ვართ უდაოდ აღმოსავლური სახელმწიფოც და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს მეზობლებთან - თურქებთან, ირანელებთან. ჩინეთთან და იაპონიასთანაც, რადგან აღმოსავლელის მენტალიტეტი ჩვენთვის უცხო არ არის და ამას ვერ გავექცევით. იცით რა, ჩვენ განსხვავებული ერი ვართ, თავისი სულიერებით, კულტურით, ზნით და ზნედაცემულობითაც კი, ამითაც განსხვავდებით ყველასაგან, მაგრამ ჩვენ ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სადაც შესისხლხორცებული გვაქვს როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური კულტურა. და მაინც მგონია, რომ ერთადერთი ხსნა არის ევროპა, განსაკუთრებით სამხედრო - პოლიტიკური თვალსაზრისით. მაინც - ევროპა!

- იმის მაგივრად, უკეთესობისაკენ წავიდეთ, უარესობისკენ მივდივართ...

- ზოგიერთ სფეროში, ალბათ კი. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილმა ზნეობაც დაკარგა და ღირსებაც! მაგრამ ახლანდელ თაობას რომ ვუყურებ, 17-18-19 წლის ახალგაზრდებს, ასე ვფიქრობ, რომ ესენი უფრო ფხიზელი თვალით შეხედავენ ყველაფერს და ბევრად უფრო კორექტულებიც იქნებიან.

- ბატონო ზაზა, ორიოდე სიტყვით გვითხარით, როგორი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის 2022 წელი?

- ვფიქრობ, ნაყოფიერი წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი პანდემია მაინც გრძელდებოდა. ცენტრმა ამ წელს გამოსცა, როგორც უფროსი თაობის, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა ნაშრომები, ალბომები, ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი. სულ 12 წიგნი. ახლახანს გამოიცა ჩვენი ცენტრის სამეცნიერო ჟურნალ "მრავალთავის“ 27-ე ტომი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ათონის მთის "ივირონის“ მონასტრის მიერ გამოცემული ქართული ხელნაწერების ინგლისურენოვანი კატალოგი, რომლის შექმნაში წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული ჩვენი ცენტრის თანამშრომლები (ძირითადი საქმე მათ მიერ ჩატარებული იყო ჯერ კიდევ ათწლეულების წინ) და, სულ ახლახანს გერმანიაში, ინგლისურ ენაზე გამოცემული სქელტანიანი წიგნი ძველ ქართულ სამწიგნობრო ცენტრებსა და ხელნაწერ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. ამ წიგნის რედაქტორია ქალბატონი თამარ ოთხმეზური, ხოლო ავტორები ცენტრის თითქმის ყველა თაობის მეცნიერები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებით ცენტრმა შეიძინა უახლესი, გერმანული ტექნიკა ხელნაწერების და ისტორიული დოკუმენტების გაციფრებისთვის. აღსანიშნავია, რომ მანამდე არსებული ტექნიკით რთული იყო ცენტრში დაცული ფოტომასალის და მიკროფირების გაციფრება. ახალი ტექნიკა, რომელიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ პრობლემასაც გადაჭრის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. წლის განმავლობაში ცენტრმა გამართა 20-ზე მეტი გამოფენა და განახორციელა საგანმანათლებლო პროექტები. გაიმართა რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია და სემინარი. მაგრამ, რა წიგნებიც არ უნდა გამოვცეთ, რამდენი გამოფენაც არ უნდა მოვაწყოთ, რა პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ - ეს ყველაფერი, ასე, ვთქვათ "მიმდინარე“ საკითხებია, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია! მთავარია, გადაწყდეს ძირითადი - ცენტრის საცავებისთვის ახალი შენობის აგების საკითხი. ღვთის მადლით, მგონი ეს საკითხიც მალე მოგვარდება, ახალი შენობის პროექტზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და, რამდენიმე თვეში გვექნება ახალი შენობის პროექტი. მერე კი... მერე უნდა დაიწყოს მშენებლობა... მომავალ წელს 65 წელი უსრულდება ინსტიტუტს (ცენტრს) და, ვფიქრობ ამ თარიღისთვის ეს პრობლემაც გადაიჭრება.

- დაბოლოს, 2023 წელს, რას უსურვებდით ჩვენს ხალხს და ქვეყანას?

- ყველა ოჯახს ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას და ქვეყანას მშვიდობას და წინსვლას.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი