ავტორი:

ანიმაცია "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც თავს ქართველ კომენტატორთა "რისხვა" დაატყდა - რას ამბობს ავთანდილის როლის შემსრულებელი და როგორ გადაიქცა ლელა წურწუმია ფატმანად?

ანიმაცია "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც თავს ქართველ კომენტატორთა "რისხვა" დაატყდა - რას ამბობს ავთანდილის როლის შემსრულებელი და როგორ გადაიქცა ლელა წურწუმია ფატმანად?

ახალხან საქართველოში სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის "ვეხფისტყაოსნის“ პრემიერა შედგა, თუმცა მანამდე როტოსკოპის ტექნიკით შესრულებული ფილმი პირველად ამერიკაში აჩვენეს, სადაც, როგორც მისი რეჟისორი მირზა (პაპუნა) დავითაია ამბობს, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

მისივე თქმით, ანიმაციამდე - 2011 წელს, აუდიოწიგნი და კომიქსი იყო, რომელიც 2016-ში გამოიცა. მან "ვეფხისტყაოსნის“ სცენარი ჯერ კიდე 2013 წელს დაწერა, მაგრამ კინოცენტრში დაფინანსება ვერ მოიპოვა, შემდეგ ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და კომიქსი იქ შექმნა.

"ანიმაციაზე მუშაობა 2020 წელს დავიწყე. ფილმში როტოსკოპიის ტექნიკაა გამოყენებული. რაც გულისხმობს იმას, რომ მსახიობებს იღებ და მერე ფონებს ხატავ. მაგრამ მხოლოდ ეს არა, ფილმი შერეული ტექნიკითაა გადაღებული. ერთი კვირის წინ სან დიეგოს ფესტივალზე სწორედ "მიქს მედიის“ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ამერიკული პრემიერა 9 ოქტომბერს ლოს ანჯელესის Leammle-ს კინოთეატრში შედგა. სიეტლის კინოფესტივალზე მეორე ადგილი ავიღეთ, ჩიკაგოს კინოფესტივალზე - ფილმი ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში იყო", - ამბობს ის ერთ-ერთ გამოცემასთან.

ფილმს 3 კომპოზიტორი ჰყავს: ნიაზ დიასამიძე, იზა ლილუაშვილი და ჯეფრი ალან ჯონსი. მსახიობებს რაც შეეხება, ანიმაციაში ნესტან დარეჯანის როლს მანიკა ასათიანი ასრულებს, ტარიელს - გივი ბარათაშვილი, ავთანდილს - გიორგი ცხადაძე, თინათინს - ანა ჯავახიშვილი, ფატმან ხათუნს - ლელა წურწუმია, ქაჯეთის მეფეს - ონისე ონიანი, როსტევანს - ალექსანდრე ბეგალიშვილი, ფრიდონს - ანდრეა გველესიანი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ თრეილერს კი, ფაქტობრივად, ქართველ კომენტატორთა "რისხვა" დაატყდა.

რამდენიმე კომენტარი "ფეისბუქიდან":

  • "ეს რანაირი ანიმაციაა, ტელეფონის პროგრამაშია ვიდეო გაკეთებული? ეს რა არის!"
  • "სირცხვილია... ასეთის გაკეთებას ჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინათ. არც ვაპირებ ყურებას..."
  • "რუსთაველია თუ ბოლივუდი, გასაგებია რომ "ვეფხისტყაოსანში“ ასახული მოქმედება ინდოეთში ხდება, მაგრამ შოთა რაჯ კაპურის თაობის მწერლად გამოგყავთ თუ რაშია რეჟისორის ჩანაფიქრი ვერ მივხვდი..."

მანიკა ასათიანისთვის ეს პირველი კინოროლია. Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პრემიერას დაესწრო, მაგრამ ძალიან დაძაბული იყო, რადგან ყურადღებით უყურებდა თავის გმირს. ტელესახემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კრიტიკული კომენტარები არ წაუკითხავს და ფილმში მონაწილეობას არ ნანობს.

ვესაუბრეთ ფილმში ავთანდილის როლის შემსრულებელ გიორგი ცხადაძეს. მსახიობმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაცია მოეწონა.

გიორგი ცხადაძე:

- პრემიერაზე არ ვყოფილვარ, თუმცა მანამდე ვნახე ფილმი დახურულ ჩვენებაზე და მომეწონა.

- გიორგი, ნახეთ ხომ, რა კრიტიკულად შეხვდა ამ ანიმაციას მოსახლეობის ნაწილი?

- არ მინახავს, მაგრამ გავიგე ამის შესახებ. მოლოდინი მქონდა, რადგან როდესაც ცნობილ და საკულტო ნაწარმოებს ეხები, კრიტიკის გარეშე ეს ვერ ჩაივლის. მე არ ვიცოდი ამ ტექნიკის შესახებ, ვიდრე პროექტზე არ დავიწყებდით მუშაობას. ძალიან უცხო ხილი გამოდგა საქართველოში. სავარაუდოდ, ყველაზე დიდი კრიტიკაც ამაზე მოდის. ინფორმაცია რომ მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პროექტი ეს იყო. "ვეფხისტყაოსნის“ გადაღება ძალიან რთულია, თანხაც დიდი სჭირდება და მოსაფიქრებელი იყო გზა, რომ ბავშვებისთვის გაკეთებულიყო ცოტა გამარტივებულ ენაზე. ეს არის თხრობის ერთგვარი საშუალება, როდესაც ბავშვებს შეუძლიათ შინაარსი გაიგონ მარტივად.

- გადაღებებს როგორ გაიხსენებდით?

- საკამოდ რთული იყო გადაღებების პროცესი. არ ვიცოდით, რას ვაკეთებდით, უცნობი ამბავი იყო ეს ტექნიკა ქართველი მსახიობებისთვის. გადაღებები პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში მიმდინარეობდა. საკმაოდ მასშტაბური სცენები იყო გადასაღები. ძალიან დიდი ტექსტები იყო. თან ერთგვარი პასუხიმგებლობა იყო, რომ სათქმელი მაყურებლამდე მიგეტანა.

- სოციალურ ქსელში ერთგვარი სახუმარო მიმები შეიქმნა ლელა წურწუმიას გმირზე, ასევე ონისე ონიანზე, რომელიც ქაჯეთის ციხის ბრძოლაში ჩანს...

- ლელა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ის ფატმანის როლს თამაშობს და ჩვენც გვქონდა საერთო სცენა. გადაკვეთა მქონდა ფატმანთან, სადაც მეხმარება, თინათინის კვალში დადგომაში. ძალიან საინტერესო სცენაა. ლელას კარგად ვიცნობ, როგორც მუსიკოსსა და მომღერალს, მაგრამ როგორც მსახიობთან პირველად ვიმუშავე და ძალიან კარგად ითამაშა. თავდაჯერებული იყო და ბევრი შენიშვნაც არ მიუღია რეჟისორისგან.

რაც შეეხება ონისეს, ის ასახიერებს ერთ-ერთი მთავარ უარყოფით პერსონაჟს. ქაჯეთის ციხის ბოლო სცენაში ჩანს კარგად, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს და ვამარცხებთ ქაჯეთის მეფეს...

კრიტიკა ბუნებრივია, როდესაც რაღაც დიდი კეთდება. თან როდესაც საკულტო ნაწარმოებს შეეხები. მე არ მეგულება ოჯახი, შინ "ვეფხისტყაოსანი" რომ არ ჰქონდეს. ადამიანები როდესაც მეუბნებიან, ვუყურეთ ანიმაციას და ძალიან მოგვეწონაო, - მიხარია. ვფიქრობ, რომ ხელოვნება ისეთი რამ არის, ცოტა დრო უნდა გავიდეს, რომ ადამიანები დაფიქრდნენ და შეაფასონ ობიექტურად. შეიძლება დროსთან ერთად მეტად შეიყვარონ ეს ტექნიკა. ვფიქრობ, რომ კარგად გაკეთებული ანიმაციაა, თუ გავითვალისწინებთ იმ რესურსსა და ბიუჯეტს, რაც ფილმს ჰქონდა. ჩემთვის ძალიან დასაფასებელია რეჟისორ პაპუნა დავითაიას წამოწყება. ბევრმა ადამიანმა ვერ გარისკა და პაპუნამ ეს აიღო საკუთარ თავზე...