ავტორი:

"ჩემმა შვილებმა ძალიან გაიხარეს, როცა ეს ამბავი გაიგეს... ხალხის აღიარება დიდი პასუხისმგებლობა მგონია" - ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა

"ჩემმა შვილებმა ძალიან გაიხარეს, როცა ეს ამბავი გაიგეს... ხალხის აღიარება დიდი პასუხისმგებლობა მგონია" - ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა

2022 წლის ბოლოს, AMBEBI.GE-მ მკითხველთა გამოკითხვის საფუძველზე წლის ადამიანი გამოავლინა. ხმათა უმრავლესობით, თბილისის მერიის შპს "ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, ვაკის პარკის მებაღე და სრულიად დამსახურებულად - თანამედროვე გმირი დევი მეზურნიშვილი დაწინაურდა. ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივმა ადამიანმა, ერთ საბედისწერო დღეს არაჩვეულებრივი მისია იტვირთა - გააზრებული რისკით გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის დროს 2 მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. წლის ადამიანის სტატუსმა ბატონი დევი ძალიან გაახარა და ეს სიხარულიც მისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით გამოხატა.

"ეს დიდი პასუხისმგებლობა მგონია"

"წლის ადამიანად დასახელება ჩემთვის დიდი პატივია... ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა. ხალხის აღიარება, მნიშვნელოვანი და დიდი პასუხისმგებლობა მგონია. ჩემმა შვილებმა და ახლობლებმაც ძალიან გაიხარეს. მადლობა ყველას ყველაფრისთვის...

  • იმ საშინელი დღის შემდეგ, ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველაფერი. ძალიან მძიმე გასახსენებელია და ამაზე საუბარსაც თავს ვარიდებ...

ადრეც გითხარით, თვალებიდან არ ამომდის ის ეპიზოდი-მეთქი, მეგონა, გაივლიდა, თუმცა - არა, ისევ იმ მდგომარეობაში ვარ, მაინც მიმძიმს, მაინც თან მდევს... დღემდე, რომ მხვდებიან, სრულიად უცხო ადამიანები მეხუტებიან, თბილ სიტყვებსა და დალოცვას არ იშურებენ ჩემთვის - „თქვენ გაიხარეთ“-ო, რომ მოგმართავენ, გულით რომ გლოცავენ, ისე ვივსები... ყოველდღიურად ასე გრძელდება. არა და, მგონია, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.

ბინა, რომელიც მერმა გადმომცა საჩუქრად, უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. წლების განმავლობაში ქირით ვცხოვრობდით მე და რუსუდანი. ახალი ბინა ჭყონდიდელის ქუჩაზეა, დასრულდება მშენებლობა და ალბათ მალე გადავალთ, მადლობის მეტი რა მეთქმის...

"ბედმა გამოცდა მომიწყო"

თელავის რაიონი სოფელ წინანდალში გავიზარდე, მოკრძალებულ ოჯახში, 7 დედმამიშვილი ვართ. სკოლის მერე რუსთავის ტექნიკუმში ვისწავლე, მერე თელავში გავაგრძელე სწავლა. მშვიდად გავატარე ბავშვობაც და სტუდენტობაც. წინანდალში მოხუცი მშობლები და სამიდან ორი შვილი - ქალ-ვაჟი (უფროსი გოგონა თბილისშია გათხოვილი) მყავს. ნაბოლარა ბიჭი 17 წლისაა, სკოლაში დადის და თან თელავში, კოლეჯ „პრესტიჟში“ კულინარიას სწავლობს დიდი მონდომებით. სამსახურის გამო გადმოვედი თბილისში, 7 წელია, რაც ვაკის პარკში ვარ - 2 წელი დასუფთავებაში ვმუშაობდი, მერე „ეკოსერვის ჯგუფში“ გადავედი და მას მერე პარკის მოვლა-გალამაზებაზე ვზრუნავ.

  • საოცარი ისაა, რომ ერთ დროს მეც გადამარჩინეს, აუზში. სადღაც, 10-11 წლისა ვიქნებოდი, როცა თელავში ღრმა აუზში ჩავედი, ცურვა არ ვიცოდი და თანატოლებმა დახრჩობას ძლივს გადამარჩინეს.

ისინი ნაპირზე იდგნენ, დამინახეს და რაღაც ხერხებით მიშველეს (ჯოხებით და რაღაცეებით). მე და ჩემი „მაშველები“ დღემდე ვმეგობრობთ და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ, ამისთვის ჩემს თანასოფლელებს ძალიან ვუმადლი. ბედმა გამოცდა მომიწყო, წლების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა განმეორდა, ოღონდ, ამ შემთხვევაში ბავშვების გადარჩენის მისია მე დამეკისრა...

"მებაღეობა ჩემთვის ყველაფერია"..

მიყვარს ჩემი საქმიანობა. ჩემი ყოველი დღე, დილის 9 საათიდან იწყება და საღამოს 6-ზე სრულდება. ყოველ დილით შემოვალ პარკში და სიამოვნებით ვუყურებ გალამაზებულ არემარეს, რისთვისაც ყოველდღიურად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ (აქ ბევრი მებაღე შრომობს და ეს ყველას დამსახურებაა). სულ იმის მცდელობაში ვართ, ყველაფერი მოვლილი, სუფთად და ლამაზად იყოს. მერე თვითონ მომწონს ჩემი გაკეთებული და ძალიან მსიამოვნებს, როცა ამასაც გიფასებს, მადლობას გეუბნება შენი ნაშრომისთვის. თავიდან ბოლომდე ჩემს საქმეში ვარ ჩართული. მანამდე, რამდენიმე წელი წინანდალში, ჭავჭავაძის პარკში ვიმუშავე. ყოველთვის მიზიდავდა და მსიამოვნებდა ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა. მებაღეობა ჩემი სამსახურიცაა, გატაცებაც და ყველაფერიც, ძალიან შევეჩვიე...

"ჩვეულებრივი, მოკრძალებული ოჯახიდან ვარ..."

სულ მენატრება ჩემი კარ-მიდამო... ძველი სახლი გვაქვს, შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული და მოვლილი, ისეთი, როგორც სოფელს და გლეხკაცს შეჰფერის. ეზოში, ძირითადად, ხეხილი გვაქვს, თითოოროლა მარადმწვანე ნარგავებიც ვახარე. ყოველთვის მოკრძალებული ოჯახი გვქონდა, ჩვეულებრივი, ოღონდ, მრავალშვილიანობით გამორჩეული. მამა დღენიადაგ მუშაობდა და 7 შვილს არაფერს გვაკლებდა (4 ძმა და 3 და მყავს), რაც დიდი სიმდიდრეა. მშობლები სულ თავს გვევლებოდნენ, ზრუნავდნენ ჩვენზე, ახლა ისინი მომიხუცდნენ, მაგრამ ძალიან უყვართ ერთმანეთი, შვილებიც და შვილიშვილებიც. მოხუცები ასაკს არ ეპუებიან, მთელ დღეს ფუსფუსებენ ეზოში, არ ისვენებენ...მეორე ქალიშვილი ზრუნავს მათზე, თელავში მუშაობს და მეტ დროს მოხუცების მოვლას ანდომებს, ძალიან მეიმედება...

  • მეუღლე - რუსუდანი სოფელ დიღმიდანაა, თბილისში, დაბადების დღეზე გავიცანი ახლობლებთან და უკვე 30 წელია, რაც ერთად მოვდივართ.

სამი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს. ცხოვრებაში ყველაზე ღირებული და მთავარი ჩემთვის ოჯახი და შვილებია, მათთვის ვცოცხლობ, ცხოვრების გაგრძელების აზრს მათში ვხედავ. ჩემი ოცნებაა, ჩემი ოჯახი და მთელი საქართველო ბედნიერი იყოს.

დევი მეზურნიშვილის მშობლები

"სიყვარულია, ადამიანურობას რომ გვინარჩუნებს“

მინდა, თქვენს მედიას და ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, ყველას სიხარული, ჯანმრთელობა, სიკეთე და სიყვარული გისურვოთ, ერთმანეთის გახარება და გვერდში დგომა არ მოგშლოდეთ. სიყვარულია, სიკეთეს რომ გვათესინებს და ადამიანურობას გვინარჩუნებს. დამდეგს გილოცავთ და გისურვებთ, ამ ლამაზ ქვეყანაში ლამაზ ქართველ ხალხს სულ სიხარულში გეცხოვროთ.