ავტორი:

"ტერორისტები მიზნად ისახავენ, უკრაინელებმა ახალი წელი სიბნელესა და სიცივეში გაატარონ" - ბოლო ცნობები უკრაინიდან, სადაც რუსეთის მასშტაბური სარაკეტო შეტევაა

"ტერორისტები მიზნად ისახავენ, უკრაინელებმა ახალი წელი სიბნელესა და სიცივეში გაატარონ" - ბოლო ცნობები უკრაინიდან, სადაც რუსეთის მასშტაბური სარაკეტო შეტევაა

უკრაინის თავდაცვის უწყების შეფასებით, რუსმა ტერორისტებმა ერთი-ერთი ყველაზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა წლის ბოლო დღეებისთვის შემოინახეს.

უწყების განცხადებით, ტერორისტები მიზნად ისახავენ, რომ უკრაინელებმა ახალი წელი სიბნელესა და სიცივეში გაატარონ, თუმცა, ისინი უკრაინელ ხალხს მაინც ვერ დაამარცხებენ.

"რუსი ტერორისტები სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ სარაკეტო თავდასხმას წლის ბოლო დღეებისთვის ინახავდნენ. მათი ოცნებაა, რომ უკრაინელებმა ახალი წელი სიბნელესა და სიცივეში აღნიშნონ. მაგრამ მათ უკრაინელი ხალხის დამარცხება არ შეუძლიათ“,- ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

  • დღეს გამთენიიდან რუსეთი უკრაინის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო თავდასხმას ახორციელებს, მათ შორის დედაქალაქ კიევსა და ხარკოვზე. მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

კიევში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა ხელისუფლებამაც დაადასტურა. "რამდენიმე აფეთქება იყო დედაქალაქში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

აფეთქებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმაც.

უკრაინული მედიის ცნობით, ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტებმა დარნიცკის რაიონში კერძო შენობა და იქვე გაჩერებული მანქანა დააზიანა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. კიევისა და ქალაქგარეთ რაიონების მოსახლეობას მოუწოდეს, დარჩნენ თავშესაფარში საჰაერო განგაშის შეწყვეტამდე.

  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ცნობით, უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა.

მისი თქმით, რაკეტების გაშვების მიზანი რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო პირის მოკვლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

"29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე "ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა.

ველით მორიგ წინადადებებს "სამშვიდობოებისგან“ "მშვიდობიან დარეგულირებაზე, "უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთისთვის“ და არასასურველ პროვოკაციებზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან ფრთოსანი რაკეტებით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან ბომბავს.