ავტორი:

"ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი" - შს მინისტრი იმ პატრულებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

"ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი" - შს მინისტრი იმ პატრულებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იმ პატრულებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო კვირაში ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ შს სამინისტროს სტრატკომის უფროსი ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად და ყოველწამიერად, პოლიციელების, მეხანძრეებისა თუ მაშველების საქმიანობის მთავარი საზრუნავი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოებაა. სხვების სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენი თანამშრომლების თავგანწირვის ამბებს საზოგადოება ხშირად იგებს, თუმცა მათი გმირობის შესახებ არის გაუხმაურებელი შემთხვევებიც.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო ერთ კვირაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რუსთავში 8 თვის ჩვილი გადაარჩინეს, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში კი ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს და მისი სიცოცხლეც გადაარჩინეს. დღეს ამ ბიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა.

ვახტანგ გომელაურმა, რომელიც თავად არის ადამიანობისა და ჰუმანურობის მაგალითი, თანამშრომლებს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

მეც გავიცანი პირადად და ჩემი წილი მადლიერება გამოვხატე მათ მიმართ. ასეთი პოზიტიური და უანგარო სიკეთის ამბებით სრულდება 2022 წელი. მომავალ წელს ახალი შემართებით ვემსახურებით საქართველოს!" - წერს ქეთი კოვზიაშვილი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გიორგი ბერაიას და ირაკლი მუხადგვერდელის შესახებ Ambebi.ge რამდენიმე დღის წინ წერდა. მათ მდინარე მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს.

ხოლო ხვიჩა კრაველიძემ რუსთავში ჩაკეტილ სახლში დარჩენილი ჩვილი გამოიყვანა. ის ბინაში მეზობელი ბინის აივნიდან გადავიდა და ბავშვის სიცოცხლე იხსნა. როგორც ცნობილია, ბინაში ჩვილის ყოფნა საფრთხის შემცველი იყო, რადგან იქ გაზქურა იყო ჩართული.