ბლოგერები პროექტზე "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!"
კითხვის სწავლა რომ დავიწყე, 4 წლის ვიყავი. არ დაგიმალავთ: სამეცადინოდ დაჯდომის წინ, მე და დედას სერიოზული უთანხმოება გვქონდა. ხუთი წლისა გამართულად ვკითხულობდი, ექვსი წლისას კი გული მწყდებოდა, რომ პეპი უკვე წაკითხული მქონდა.
მახსოვს, ბიბლიოთეკაში პირველად დედამ წამიყვანა. სადღაც, ექვსი წლის ვიქნებოდი. ორი წიგნი გამოვიტანე, კრუხსა და წიწილებზე იყო ზღაპრები.
მას შემდეგ ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი გავხდი. ოღონდ, ერთი სენი მქონდა: წიგნი რომ მომეწონებოდა, ათასჯერ ვკითხულობდი.
მიყვარდა, როცა მამა მირჩევდა წიგნებს: თაროებთან სკამზე შედგებოდა და ზედა თაროებში იქექებოდა. მეც პირდაღებული შევყურებდი საინტერესო წიგნის მოლოდინში: ზემოთ ხომ ვერ ვწვდებოდი და რაც იქ იდო, ყველა წიგნი საოცრად მაგარი მეგონა. წაკითხვის შემდეგ, მე და მამა გმირებზე აზრებს ვცვლიდით, ვკამათობდით.
და აი, დადგა ავადსახსენებელი გარდატეხის პერიოდი. ის ორი-სამი წელი, კლასგარეშე წიგნი ხელში არ ამიღია. მერე აბიტურიენტი ვიყავი, სამეცადინო წიგნებთან ერთად, "სამოსელი პირველის" წაკითხვა მოვასწარი.
ინტენსიურად წიგნებს სტუდენტობის პერიოდში დავუბრუნდი, ოღონდ - განსხვავებულად. როგორც არ უნდა მომეწონოს, წიგნს არასოდეს ვკითხულობ ხელმეორედ.
ბევრი წიგნი წამიკითხავს, უფრო მეტი - არა. არის წიგნები, რომლებიც მაქვს, უფრო მეტი - არ მაქვს. მიყვარს ტომეულები, ამიტომ, გამუდმებით ვყიდულობ (მერე რა, რომ სახლში მოგვეპოვება, ეს ჩემი ნაყიდია).
ძალიან მიყვარს ჰაინრიხ ბიოლი, ემილ ზოლა, თომას მანი (მეუხერხულება ქართველი მწერლების ჩამოთვლა: ჩვენთან ხომ ჭილაძე, დოჩანაშვილი თუ ჯავახიშვილი ყველას აქვს წაკითხული და ყველა აღფრთოვანებულია?!).. ვწვალობ მეთვრამეტე საუკუნის ნაწარმოებების კითხვისას: ვიღაცის ცხვირის ორგვერდიანი აღწერა არ მხიბლავს.
არ მიყვარს პოეზია და ამ თემაზე ნურაფერს მკითხავთ.
არ მიყვარს წიგნის მაღაზიები. მარტო იმიტომ, რომ უამრავი საინტერესო წიგნი დევს, რომელთა ყიდვა მინდა, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობაო, ჩაგვჩიჩინებენ წინაპართა სულები. მიყვარს ახალი წიგნები. განსაკუთრებით მაშინ, თუ მე ვყიდულობ. გამორჩეულად მიყვარს ის ადამინები, რომლებიც წიგნებს მჩუქნიან. მიყვარს ბუკინისტებიც, თუმცა, ბევრისაგან განსხვავებით, თავი არასოდეს გამომიდვია მათ დასაცავად (ღმერთო ჩემო, ისედაც უამრავი პრობლემაა ირგვლივ).
საქართველოში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო: "50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო". უპრეცედენტო არ არის: ინგლისში და კიდევ სხვაგან, უკვე აირჩიეს ფავორიტები. აქ მთავარი ისაა, რომ 50 წიგნს ჩვენ ვირჩევთ, რასაც, დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეც აქვს. მაგალითად, რემარკის "ტრიუმფალურ თაღს" "სამი მეგობარი" სჯობს, დიუმას "სამ მუშკეტერს" კი "გრაფი მონტე კრისტო", ლონდონის "მარტინ იდენი" შესატანიც არ არის, ამ წიგნზე კი საუბარიც არ უნდა იყოს. მაგრამ კარგია, რომ "დონ კიხოტი", "ოსტატი და მარგარიტა" (ბანალური ვარ, ჰო) თუ "99 ფრანკი" იქნება. ჯერ მხოლოდ ოცი წიგნია ცნობილი, დანარჩენებზე ხმის მიცემა მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოთ. სიახლეები რომ არ გამოგეპაროთ, ”ფეისბუქსა” და ”ტვიტერზეც” თვალყური ადევნეთ. უფრო დაწვრილებით ისტორიას კი ბლოგზე გაეცნობით.
რატომ არის პროექტი კარგი?!
* წიგნი იაფია;
* წიგნს რომ ყიდულობ, ეს უკვე კარგია.
* 7 ლარად რომ ყიდულობ - გადასარევი;
* წიგნი მაგარყდიანია;
* სამწუხაროდ, ნამცხვარი და ჩაი არ მოჰყვება: მათზე ზრუნვა თავად მოგვიწევს, თუმცა სანამ ბოლო პუნქტთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამთ, დაიმახსოვრეთ, რომ თითო ნაკლი ყველას გვაქვს.