ავტორი:

"მარადონას უარს ვერ ვეტყოდი..." - პელესა და დიეგოს ისტორიული შეხვედრა წლების წინ, არგენტინულ შოუში: ამღერებული პელე, "თავბურთი" და ფეხბურთის ორი მეფე სულ სხვა რაკურსით (ვიდეო)

"მარადონას უარს ვერ ვეტყოდი..." - პელესა და დიეგოს ისტორიული შეხვედრა წლების წინ, არგენტინულ შოუში: ამღერებული პელე, "თავბურთი" და ფეხბურთის ორი მეფე სულ სხვა რაკურსით (ვიდეო)

2005 წელი, 15 აგვისტო, ორშაბათი საღამო, ბუენოს აირესი, არგენტინული Canal 13 - ყველაფერი მზადაა: მზადაა სცენა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს, მზადაა "საფეხბურთო ტაძარი", ადგილი, სადაც დიეგო მარადონა და პელე ბურთს ერთად, საჯაროდ ითამაშებენ და მსოფლიოს ისტორიულ კადრებს აჩუქებენ.

  • La Noche del Diez - ასე ერქვა შოუს, რომლის წამყვანიც ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა იყო და რომელმაც შოუში ფეხბურთის მეფე, პელე დაპატიჟა.

მაშინ მარადონა 44-ის, ხოლო პელე 64 წლის იყო. შოუს დროს ორივე მათგანი გამოირჩეოდა სპონტანურობით, ერთმანეთის მიმართ არ იშურებდნენ კომპლიმენტებს.

  • პირადი მიწვევა დიეგოსგან

პელე მსგავს შოუებში მონაწილეობას გაურბოდა, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო - მას პირადად დაურეკა დიეგო მარადონამ და გადაცემაში მონაწილეობა სთხოვა. ფეხბურთის მეფე დიეგოს ქარიზმის წინაშე უძლური აღმოჩნდა და დათანხმდა. 2020 წელს, მარადონას გარდაცვალების შემდეგ, La Noche del Diez-ის მაშინდელმა პროდიუსერმა გაიხსენა, რომ გადაცემა სპონტანურობაზე იყო აგებული, წინასწარ არავინ იცოდა, რა კითხვას დასვამდა დიეგო, არ ყოფილა წინასწარ დაწერილი სცენარი.

  • "ყველაფერი მათ სპონტანურობასა და მარადონას ქარიზმას მივანდეთ. და ყველამ იცოდა, რომ როდესაც დიეგოს რაღაც სურდა, მთელი თავისი ქარიზმით, შეუძლებელი იყო, რომ ვერ მოეხერხებინა“, - იხსენებს პროდიუსერი კოკო ფერნანდესი.

მისი თქმით, მარადონას პელეც აჰყვა, მათი სხეულის ენა, ის თუ რამდენად კარგად უგებდნენ ერთმანეთს, საოცარი სანახავი იყო. პროდიუსერებმა მარადონასთან დაკავშირებით ტელევიზიაში ბევრი შეზღუდვა დააწესეს, შეიმუშავეს წესები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ლეგენდას, თუმცა მარადონამ თავმდაბლობითა და უშუალობით ყველა წესი დაარღვია და ტელევიზიის თანამშრომლებთან ყოველგვარი ბარიერი წაშალა.

"მახსოვს, როგორ მოიგო დიეგომ სატელევიზიო ჯგუფის წევრების გული - სტუდიაში ყველასთან ერთად ფეხბურთის თამაშით, თამაშობდა მოსაგებად, მთელი გულით, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იყო“, - ამბობს La Noche del Diez-ის ერთ-ერთი პროდიუსერი, ემილიო დეი კასი.

ინტერვიუს დროს პელე და მარადონა ძალიან ახლო მეგობრების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. პელემ დიეგოს ორჯერ უთხრა, რომ ის სამაგალითო იყო. როდესაც პელე განმარტავდა თუ რატომ დათანხმდა შოუში მონაწილეობას, თქვა, რომ მარადონას მიწვევაზე უარს ვერ იტყოდა, რადგან მისთვის სამაგალითო იყო. ასევე სამაგალითო უწოდა მას მაშინ, როცა არგენტინელმა შვილის, ედინიოს მდგომარეობაზე ჰკითხა - ედინიო იმხანად ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ბრალდებული და ციხეში იჯდა. პელემ კი უპასუხა, რომ მარადონა, რომელმაც თავი დააღწია ნარკოტიკებს, მაგალითი იყო მისი შვილისთვის - "შენ ხარ გამარჯვებული, შენ ხარ სამაგალითო და ჩემთვის სიამაყის მომგვრელია აქ ყოფნა“, - თქვა პელემ.

ინტერვიუს დროს დიეგო პელეს მეფეს უწოდებდა. ერთ მომენტში ასისტენტს სთხოვა, რომ პელესთვის გიტარა მიეტანა, რათა დაეკრა და ემღერა. პელემ მარადონას უმღერა:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ai_VXVaSbC8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

შემდეგ "თავბურთი" გააჩაღეს. საზოგადოებამ ნახა ლეგენდების ჩახუტებაც, ლეგენდების, რომლებიც ფეხბურთის მეფის ტახტს სიკვდილის შემდეგაც იზიარებენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/yYddCpaiuRU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>