ავტორი:

პუტინის ომს გაქცეული რუსების გზა სამხრეთ ამერიკისკენ, მათი ნაწილი ამ გზას საქართველოს გავლით გადის - "საბედნიეროდ, მაქვს ქართული საბანკო ბარათი..."

პუტინის ომს გაქცეული რუსების გზა სამხრეთ ამერიკისკენ, მათი ნაწილი ამ გზას საქართველოს გავლით გადის - "საბედნიეროდ, მაქვს ქართული საბანკო ბარათი..."

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში შეჭრას არ ეთანხმებიან და ქვეყნიდან მიდიან, ბოლო ხანს არცთუ იშვიათად ირჩევენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს. ომის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში კონტინენტზე ასობით რუსულენოვანი ადამიანი ჩავიდა. meduza გაესაუბრა რუს ემიგრანტებს ეკვადორში, არგენტინაში, ურუგვაისა და კოსტა-რიკაში.

ანტონი, პროექტების მენეჯერი (ეკვადორი):

"21 სექტემბერს გადავწყვიტე წასვლა, როდესაც მობილიზაცია გამოცხადდა. ჩემმა მეგობარმა იქ სამსახური შემომთავაზა. დასათანხმებლად ერთი წუთი დამჭირდა. გზა გადატვირთული აღმოჩნდა - მეშინოდა, რომ რუსეთის საზღვრები ჩაიკეტებოდა და ამიტომ იმავე დღეს ვიყიდე ბილეთები ვლადიკავკაზში წასასვლელად, გადავწყვიტე ფეხით გადამეკვეთა საქართველოს საზღვარი. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ამის მსურველი ბევრი იყო და ცნობილი საცობები დაიწყო.

საქართველოში მეგობრებმა შემიფარეს: იმ დროს თბილისში საცხოვრებლის შოვნა რთული იყო, თუნდაც დროებით. ერთი კვირის შემდეგ თურქეთში ჩავფრინდი, სადაც მეგობარს შევხვდი, რომელიც დამეხმარა ეკვადორში გაფრენაში. აქ ყველაზე მეტად ამინდი მაკვირვებს, მთელი წელი ასეა: დღისით ტემპერატურა 19 გრადუსამდე ადის, ღამით კი ცხრამდე ეცემა. ეკვადორელები ამბობენ, რომ ბუნება ერთ დღეში გადის ციკლს ზაფხულიდან-ზამთრამდე.

ეკვადორში ცხოვრება ყოველდღიური ხარჯების მხრივ დიდად არ განსხვავდება მოსკოვისგან. ბინა ცენტრალურ პარკთან, 850 დოლარი ღირს. პროდუქციის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ისინი იმპორტირებული თუ ადგილობრივი. ვმუშაობ დისტანციურად მოსკოვის კომპანიაში, ამიტომ მთელი ჩემი ხელფასი რუსულ ანგარიშზე მერიცხება. საბედნიეროდ, მაქვს ქართული საბანკო ბარათი, რომელზეც თითქმის უპრობლემოდ შემიძლია ფულის გადარიცხვა კრიპტოვალუტით, შემდეგ აქ გამომაქვს ფული. დროის სხვაობის გამო ვმუშაობ ღამის ორიდან დილის 11 საათამდე. ერთი მხრივ, რთულია, მეორე მხრივ, დრო სწრაფად მიფრინავს ღამით.

მე ვარ გეი და ეს მაძლევს უპირატესობას, შევიძინო ახალი მეგობრები. ჩემი გამოცდილებით, ლგბტ საზოგადოება ყოველთვის უფრო ღიაა. გარდა ამისა, ჰომოფობიური რუსეთის ყბადაღებული იმიჯი მაშინვე იწვევს სიმპათიას. ჩემთვის უჩვეულოა ქვეყანაში ყოფნა, სადაც არ არის პოლიტიკური ზეწოლა ლგბტ თემზე. ეკვადორში რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არავის აინტერესებს. ბევრს უკვირს, რომ სადღაც ომია. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ესპანური არ ვიცი და ინგლისური აქ იშვიათად იცის ვინმემ".

მარკ ბოიარსკი, ფოტოგრაფი (არგენტინა)

"მე და ჩემი მეუღლე ვიქტორია მრავალი წელი ვფიქრობდით ქვეყნიდან წასვლაზე, მაგრამ არ ვიცოდით, სად. ყირიმის ანექსიის და კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ, იმედი აღარ გვქონდა რომ რუსეთში რამე გამოსწორდებოდა. ომი რომ დაიწყო, ერთი კვირა ვყოყმანობდით, დავრჩენილიყავით თუ წავსულიყავით.

საბოლოოდ ვიყიდეთ ბილეთები ნეპალში წასასვლელად, სადაც მეგობრები დაგვხვდნენ. ნეპალში ექვსთვიანი ცხოვრების გამოცდილებამ ჩვენი ოჯახი შეცვალა და გაგვაძლიერა: აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ადაპტირება ახალ გარემოსთან და სიახლეებთან, რაზეც ადრე წარმოდგენაც არ გვქონდა. დიდ ბრიტანეთში ვცდილობდით თავშესაფარის მიღებას, მაგრამ უარი გვითხრეს, შემდეგ ბუენოს - აირესის ბილეთები ვიყიდეთ და 10 სექტემბერს გავფრინდით. ბინა 800 დოლარად ვიქირავეთ. ჩემი მეუღლე მუშაობს რედაქტორად, ხელფასს რუბლებში იღებს რუსულ ბარათზე, რასაც კრიპტოვალუტის საშუალებით ვანაღდებთ. ასევე ვმუშაობ ფოტოგრაფად. არგენტინაში არავინ გვიცნობს, თავიდან ფსიქოლოგიურად რთული იყო. აქ ნაკლები შემოსავალი მაქვს, ვიდრე მოსკოვში.

ორი შვილი გვყავს: უფროსი ქალიშვილი ჰანა შვიდი წლისაა და ვაჟი იოსები კი ოთხი წლის. სექტემბერში ჩავედით სასწავლო წლის დაწყების შეგრძნებით და საერთოდ არ გავითვალისწინეთ, რომ აქ სასწავლო წელი იწყება მარტში და მთავრდება დეკემბერში, მერე იწყება ზაფხულის არდადეგები. წლის ბოლოს სახელმწიფო სკოლაში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ბავშვები კერძო სკოლაში შევიყვანეთ".

პოლინა ვინოგრადოვა, მუსიკოსი, მთარგმნელი (ურუგვაი)

"2022 წლის აგვისტოში ერთი ჩემოდნით ჩამოვედი ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში. მხოლოდ დედას დავემშვიდობე. დიდი ხანი ვოცნებობდი უფრო ლიბერალურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. ომმა ამისკენ მიბიძგა... ეს არ არის ჩემი პირველი ემიგრაცია, ამიტომ ვიცი, რომ ყველაზე რთული პირველი ექვსი თვე ან ერთი წელია. ეს ის დროა, როცა ეჩვევი ახალ ქვეყანას და ებრძვი დაბრუნების სურვილს.

გადაადგილებისას მთავარი პრობლემა იყო საქართველოდან ბრაზილიის მიმართულებით ხანგრძლივი ფრენა, რომელიც ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა. საზღვარზე განსაკუთრებული არაფერი უკითხავთ...

მე და ჩემი ქმარი ერთ ბიზნესში ვართ. მე ვმუშაობ დისტანციურად და არ მინდა, რამის შეცვლა. ერთადერთი ისაა, რომ რუსეთთან დროის სხვაობის გამო, მუშაობას დაახლოებით დილის 7 საათზე ვიწყებ და 3 საათზე ვამთავრებ. აქ არ არის რთული მიგრაციის დოკუმენტების მიღება. ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების სამი წლის შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფოს მუდმივ ბინადრობაზე. მთავარია საარსებო საშუალებების ჩვენება და ნასამართლეობის არქონა.

ურუგვაიში მშვიდი ცხოვრებისთვის ადამიანს თვეში, დაახლოებით, ორი ათასი დოლარი სჭირდება. კომფორტული ოროთახიანი ბინის დაქირავება თვეში 1,2 ათასი დოლარი ღირს. სასიამოვნოდ მიკვირს, რომ ურუგვაიში ჩემი სოციალიზაცია კარგად მიდის. რუსეთში ცხოვრების 10 წლის განმავლობაში ჩემს ჯგუფში მუსიკოსები ვერ ვიპოვე და ურუგვაის სოციალური ქსელების საშუალებით, მაშინვე აღმოვაჩინე რუსები: რეგულარულად ვატარებთ რეპეტიციებს, ვემზადებით სტუდიაში ჩასაწერად. მე უკვე ბევრი მეგობარი მყავს: ურუგვაელებიც და ჩემნაირი ჩამოსული რუსებიც. ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ "ინსტაგრამზე", ხანდახან ვხვდებით პირადადაც".

ოლგა ბასტრონი, პროექტის მენეჯერი (კოსტა-რიკა):

"მე და ჩემი ოჯახი კოსტა-რიკაში ივლისის ბოლოს გადავედით. თებერვალში მივხვდით, რომ რუსეთში დარჩენა უსაფრთხო არ იყო და მარტში დავიწყე ძებნა, სად შეგვეძლო წასვლა. თავდაპირველად დანიშნულების ქვეყანა ისრაელი იყო: რეპატრიაციის საბუთები მზად გვქონდა. მაგრამ რამდენიმე კვირის განხილვის შემდეგ კოსტა-რიკაში გადავწყვიტეთ. ის შედარებით შორს არის მიმდინარე მოვლენებისგან, შეიარაღებული კონფლიქტებისგან და მას არ ჰყავს რეგულარული არმია 1949 წლიდან.

ვფიქრობდით, რომ ისეთ გარემოში, სადაც არ არის აგრესია და ტერიტორიის დაყოფასთან დაკავშირებული კონფლიქტები, ბავშვები შედარებით უსაფრთხოდ იქნებიან. გარდა ამისა, ეს ქვეყანა წამყვან ადგილზეა ბედნიერების რეიტინგში.

სასწრაფოდ ვიპოვნეთ საცხოვრებელი: არანაირი სირთულე არ ყოფილა. ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ სამსახურს. ვსწავლობ ენას, ვმუშაობ მოხალისედ სკოლაში. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაეგოთ საიდან ვიყავით და თანაგრძნობა არ გამოეჩინათ იმის მიმართ, რაც ხდება. ისინი არ უჭერენ მხარს აგრესიას.

იმ ცხოვრების დონესთან შედარებით, რაც რუსეთში გვქონდა, ახალ ქვეყანაში ცხოვრება უფრო ძვირი გვიჯდება. ჩვენ გვაქვს დანაზოგი და მცირე პასიური შემოსავალი და ჩემი სამუშაო საშუალებას მაძლევს, დისტანციურად ვიშოვო ფული.

ჯერ არ გვაქვს ბინადრობის ნებართვა, რადგან ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია, რომელიც მოითხოვს საბუთების დიდ რაოდენობას და თანაც ძვირი ჯდება. ბინადრობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ ძვირადღირებული ჯანმრთელობის დაზღვევა - 400 დოლარი თვეში ოთხსულიან ოჯახზე. შესაბამისად, მოქალაქეობის მიღებამდე ეს არის სავალდებულო. ბინადრობის ნებართვის მისაღებად უმარტივესი გზაა აქ უძრავი ქონების ინვესტიცია, რომელიც ასევე არ არის იაფი. ჩვენ ჯერ კიდევ ლეგალიზაციის გზების სხვადასხვა ვარიანტების განხილვის ეტაპზე ვართ".

რუსი ემიგრანტების ნაწილი ინტერვიუებში ყვებიან, რომ მათ ხშირად უწევთ იმისი დამალვა თუ საიდან არიან, რადგან ეშინიათ რუსების მიმართ მსოფლიოში გამეფებული აგრესიის, თუმცა ამბობენ, რომ ძალადობრივ რეჟიმს გაექცნენ რუსეთიდან. მათივე თქმით, მართალია ამჟამად რუსეთში ონლაინ მუშაობენ, მაგრამ მალე შესაძლოა შევიდეს ახალი კანონი ძალაში, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყანაში მცხოვრები რუსებისთვის ონლაინმუშაობა აიკრძალება...