ავტორი:

"ადამიანები, რომლებიც ერთობაზე საუბრობენ, სააკაშვილის სიცოცხლის საკითხსაც კი გასახლეჩად იყენებენ" - აქციები სააკაშვილის გადასარჩენად, თუმცა მელიასა და ხაბეიშვილის აზრები აქაც გაიყო

"ადამიანები, რომლებიც ერთობაზე საუბრობენ, სააკაშვილის სიცოცხლის საკითხსაც კი გასახლეჩად იყენებენ" -  აქციები სააკაშვილის გადასარჩენად, თუმცა მელიასა და ხაბეიშვილის აზრები აქაც გაიყო

2022 წლის 27 დეკემბერს, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის წერილს გამოეხმაურა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად 2023 წლის 4 იანვარს გლობალური აქციის გამართვაზე ისაუბრა.

"2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან. ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან", - დაწერა ფეიგინმა "ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცხადებდა, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს.

როგორც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან.

როგორც მელია აღნიშნავს, ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ურთიერთგამომრიცხავია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოქალაქე, განურჩევლად პარტიული, პოლიტიკური მრწამსისა, მიიღებს მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში. აქ იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა, რამეთუ ისინი აცნობიერებენ, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ყველას გელოდებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და თბილისში - მშვიდობის ხიდზე, 18:00 საათზე”- აღნიშნავს მელია.

როგორც ირკვევა, ამ გეგმას სრულად არ იზიარებს "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, როგორც მისი განცხადებიდან გაირკვა, მისი ჯგუფი აქციებს გეგმავს მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში.

მისი თქმით, აქციები ასევე 18:00 საათზე დაიწყება. თბილისში კი გაიმართება მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ.

"ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონასა და საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავს, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები არ უერთდებიან.

ხაბეიშვილის განცხადებას, რომ მხარდამჭერებთან ერთად მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში დაგეგმილ აქციებში მიიღებს მონაწილეობას, მისი თანაპარტიელი გიორგი პატარაია "სამწუხაროს და გასაკვირს“ უწოდებს.

პატარაიას თქმით, ხვალ, 18:00 საათზე, აქციებს გეგმავენ თბილისში - "მშვიდობის ხიდთან“, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, შეკვეთილში და, სავარაუდოდ, რუსთავსა და თელავშიც.

შესაბამისად, პარტიის აღნიშნული ორი ნაწილი აქციების გამართვისას მხოლოდ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაიკვეთება.

"ლევანის განცხადება ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ჩვენს წევრებსა და მხარდამჭერებს. სამწუხაროდ, ლევანის განცხადება პირიქით, ყოფს. გულდაწყვეტილი ვარ მისი განცხადებით. როდესაც ლევანმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან, პარტიის უკლებლივ ყველა წევრი მივიდა აქციაზე, რადგან საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს ეხებოდა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რამდენიმე დღეა უკვე დაანონსებულია ტერიტორიები, სადაც აქციები გაიმართება. ესენია: თბილისში - “მშვიდობის ხიდი”, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და შეკვეთილი - ბიძინა ივანიშვილის სახლი.

ადამიანები, რომლებიც ერთობაზე საუბრობენ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხსაც კი გასახლეჩად იყენებენ. ეს გასაკვირი და სამწუხაროა“, - განაცხადა გიორგი პატარაიამ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი და ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან. უკვე გადაწყვეტილია, რომ პარტიაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.