ავტორი:

ზაფხულივით ზამთარი ევროპაში - ზოგიერთ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა ზამთრისთვის რეკორდულად მაღალია

ზაფხულივით ზამთარი ევროპაში - ზოგიერთ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა ზამთრისთვის რეკორდულად მაღალია

ევროპის მრავალ ქვეყანაში, იანვარში, ჰაერის ტემპერატურამ წელიწადის ამ დროსთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც BBC-ი წერს, 11 ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

მაგალითად, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გასულ კვირას ჰაერის ტემპერატურა 18°C იყო, ხოლო ესპანეთში, ბილბაოში 25.°C, რაც ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ საშუალო ტემპერატურაზე 10°C-ით უფრო მაღალია.

ვარშავაში პირველ იანვარს დაფიქსირებული ჰაერის დემპერატურა 4 °C-ით უფრო მაღალი იყო აქამდე არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზე. ბელარუსში დაფიქსირდა 16°C , რაც წინა რეკორდს 4.5°C -ით აღემატებოდა.

პოლონეთი, ქალაქი შჩეცინი, სადაც ჰაერის ტემპერატურის მატებას ალუბლის ნაადრევად ყვავილობა მოჰყვა

ესპანეთში, ბილბაოში, ახალ წელს იყო ივლისის საშუალო ტემპერატურის ექვივალენტი.

ეს ყველაფერი ევროპაში მაშინ ხდება, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკა უკვე კვირებია ძლიერ ყინვასა და შტორმს ებრძვის, რასაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და სინოპტიკოსები კვლავ ელოდებიან დედამიწის ამ ნაწილში ძლიერი ყინვის გაგრძელებას.

ატლანტის ოკეანის ევროპულ მხარეს წლის დასაწყისში ბევრგან მშვიდი ამინდი იყო. ნიდერლანდებში, ლიხტენშტეიში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, დანიასა და ბელარუსში ტემპერატურამ ეროვნულ დონეზე რეკორდი მოხსნა. ასევე ამ პერიოდისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა გერმანიაში, საფრანგეთსა და უკრაინაში.

შვეიცარიაში ჰაერის ტემპერატურამ 20°C-ს მიაღწია. თბილმა ამინდმა გავლენა იქონია ალპების სათხილამურო კურორტებზე - იქ თოვლის დეფიციტი იყო.

ესპანეთში, შობის პერიოდში, უჩვეულოდ თბილი ამინდი იყო

ასეთი სითბო მთელ ევროპაში არაა. სკანდინავიის ზოგიერთ ნაწილში შაბათ-კვირისთვის ტემპერატურის -20 გრადუსამდე დაცემაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა 2022 წელი ყველაზე ცხელ წელიწადად გამოაცხადეს. დიდ ბრიტანეთში გასული წლის ყოველი თვე, დეკემბრის გარდა, საშუალოზე ცხელი იყო. დეკემბერში კი ქვეყნის დიდ ნაწილში თოვლი მოვიდა.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების გამო, სიცხის ტალღები გახშირდა, გახდა უფრო ინტენსიური და უფრო ხანგრძლივი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად შესამჩნევი გახდება.