რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გვერდით ხშირად ვხედავთ ქერათმიან ქალს, რომელსაც დასავლურმა მედიამ "იდუმალი ქალი" უწოდა და რომლის ზუსტი ვინაობაც საზოგადოებისთვის უცნობია.
უკვე ექვსი წელია, რაც ის პუტინის გვერდით ჩნდება სხვადასხვა საჯარო გამოსვლის დროს, თუმცა სხვადასხვა როლში - ქალი ხან სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, ხან ნაყინის გამყიდველის როლში გვევლინება, ხან მეთევზის, ზოგჯერ კი ტაძარში მრევლთან ერთად, პუტინის სიახლოვეს დგას.
ზოგი ფიქრობს, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, ზოგის აზრით კი, პუტინის პროპაგანდისტულ საყრდენს წარმოადგენს.

ამჯერად, იდუმალი ქალი პუტინის სადღესასწაულო მიმართვის ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გამოჩნდა. პუტინმა რუსი სამხედროების ჯგუფის ფონზე საახალწლო მიმართვა ჩაწერა. საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრას რამდენჯერმე უწოდა საბედისწერო და გარდამტეხი. მან უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ისინი ისტორიულად რუსულ მიწებს წარმოადგენენ. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კონფლიქტში, "ზნეობრივი სამართლიანობა" მოსკოვის მხარესაა.

თავდაპირველად, ქერა ქალი პუტინთან ერთად, 2016 წლის სექტემბერში გამოჩნდა.
"პრეზიდენტი ნოვგოროდის რეგიონის ტბაზე იმყოფებოდა მეთევზეებთან ერთად და ქალიც მათ შორის იყო", - წერს Сибирь.Реалии. მაშინ ქალს ლარისა სერგუხინად მოიხსენიებდნენ.
ლარისა ბორისოვნა სერგუხინა, პროპაგანდისტულ ვიდეოში ხალხს ეცნობა, როგორც თევზის საწარმოს მფლობელი, ასევე კომპანია Еврохимсервис-ის დირექტორის მოადგილე და რეგიონალური დეპუტატი.
საინტერესოა, რომ "პუტინისა და მეთევზეების" ვიდეოში ნაჩვენები კიდევ ორი მეთევზე, ლარისასთან ერთად, 2017 წელს წირვაზეც ჩანდა. მიიჩნევენ, რომ ქალი და ორი მამაკაცი პუტინის პროპაგანდისთვის გამოყენებული მსახიობები არიან, ზოგის აზრით, კი ეს პუტინის უსაფრთხოების გუნდის შენიღბვის "უნიჭო მცდელობაა."

2017 და 2019 წლებში, იგივე ქალი ნაყინის გამყიდველად მოგვევლინა. ქალმა პუტინს მოსკოვის ავიაშოუზე ორივეჯერ ნაყინები მიჰყიდა. ამ დროს მედიაში წერდნენ, რომ ის იყო მენეჯერი ეკატერინა საფრონოვა. როგორც ბრიტანული ტაბლოიდი The Sun იტყობინებოდა, პუტინმა 2019 წელს, ავიაშოუზე სტუმრობისას, ქალს ნაყინში 4000 რუბლზე მეტი გადაუხადა (დაახლოებით, 150 ლარი) და უთხრა, რომ ხურდა "ავიაციის ხელმძღვანელისთვის გადაეცა ავიაციის განვითარებისთვის".
იმ დროს ამბობდნენ, რომ ქალი, სავარაუდოდ, პუტინის დაცვის სამსახურის წევრი იყო და ფარულად მუშაობდა იმის წარმოსაჩენად, რომ პრეზიდენტი ქვეყნის ჩვეულებრივ მოსახლეობასთან ურთიერთობდა.

2018 წლის მარტის დასაწყისში პუტინი იმავე ქერა ქალთან ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ისინი ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ კონცერტზე იყვნენ, როცა ქალმა პრეზიდენტთან სელფი გადაიღო. ფოტოზე პუტინი მას შუბლზე კოცნის. ეს ფოტო სოციალურ ქსელებს ელვის სისწრაფით მოედო.
ბევრი მიიჩნევს, რომ ქალს სპეციალურად იძახებენ პროპაგანდისტული გადაღებების დროს. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, 2023 წლის საახალწლო მიმართვის ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ყველა ადამიანი მსახიობია.

ახლა კი, საახალწლო მიმართვის ვიდეოში, პუტინმა ლარისას (შესაძლოა, ეს მისი სახლი სულაც არ იყოს) საპატიო სამხედრო წოდება მიანიჭა და ხალხს რუსეთის არმიის მედდად გააცნო.

წყარო: sibreal
მოამზადა: ანა სიბოშვილმა