ავტორი:

იაპონიის მთავრობა ოჯახებს თითო ბავშვზე 1 მლნ იენს გადაუხდის, თუ ტოკიოში ცხოვრებაზე უარს იტყვიან

იაპონიის მთავრობა ოჯახებს თითო ბავშვზე 1 მლნ იენს გადაუხდის, თუ ტოკიოში ცხოვრებაზე უარს იტყვიან

იაპონიის მთავრობა ოჯახებს, თითო ბავშვზე 1 მლნ იენს (7,500 აშშ დოლარი) მისცემს, თუ ტოკიოში ცხოვრებაზე უარს იტყვიან და იაპონიის რეგიონებში, სხვა ქალაქებში გადავლენ საცხოვრებლად.

ასე ცდილობს მთავრობა მოაგვაროს ტოკიოში სიმჭიდროვის, ხოლო პერიფერიებში მოსახლეობის კლების პრობლემა. აღნიშნულ თანხას ოჯახებს ხელფასის სახით გადაუხდიან. ჯერჯერობით იაპონიის მთავრობაში არ აცხადებენ, ეს ერთჯერადი დახმარება იქნება, თუ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამა აპრილიდან ამოქმედდება. ხელისუფლება იმედოვნებს, ამგვარი გულუხვობით ოჯახებს წაახალისებს და მსოფლიოს უმსხვილეს მეტროპოლისზე, ტოკიოზე, სადაც დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ზეწოლა შემცირდება.

თანხას ოჯახები 1-დან 18 წლამდე ასაკის შვილებზე მიიღებენ.

ხელფასის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ოჯახები გადასახლდნენ ტოკიოს ფარგლებს მიღმა, თუმცა ზოგიერთ მოსახლეს შეუძლია, ქალაქის საზღვრებში მდებარე მთიან რაიონებშიც გადავიდეს საცხოვრებლად და მაინც მიიღოს ფულადი დახმარება.

იაპონური მედიის ინფორმაციით, ოჯახებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ მარტივ შემოსავალს მიიღებენ და შემდეგ ისევ ქალაქს დაუბრუნდებიან, იმედი გაუცრუვდებათ. მთავრობა, გადასახლებულ ადამიანებს ასეთ პირობას უყენებს - მათ ახალ სახლებში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში უნდა იცხოვრონ და ოჯახის ერთი წევრი მაინც უნდა მუშაობდეს, ან გეგმავდეს ახალი ბიზნესის წამოწყებას იმ რეგიონში, სადაც გადასახლდება.

მათ, ვინც 5 წლის გასვლამდე კვლავ ტოკიოში დაბრუნებას მოინდომებს, მიღებული თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ.

სახელმწიფო იმედოვნებს, რომ 2027 წლისთვის, 10 000-მდე ადამიანი გადავა ტოკიოდან სხვა რეგიონებში საცხოვრებლად.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა