ავტორი:

"ინდოეთში მადონას კონცერტზე იქაური მაღალჩინოსნის დახმარებით მოვხვდი" - ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის საოცარი თავგადასავლები და შეხვედრები მსოფლიო ვარსკვლავებთან

"ინდოეთში მადონას კონცერტზე იქაური მაღალჩინოსნის დახმარებით მოვხვდი" - ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის საოცარი თავგადასავლები და შეხვედრები მსოფლიო ვარსკვლავებთან

პაატა ვარდანაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც მთელ მსოფლიოსა და საქართველოსი ძალიან ბევრს მოგზაურობს... ვრცელ ინტერვიუში იგი თავად გვიამბობს, თავის დაუვიწყარ მოგზაურობებზე...

- ფოტოაპარატი ხელში 25 წლის წინ ავიღე, მაგრამ რასაც პროფესიონალური ფოტოგრაფობა ჰქვია, 10 წელი ვემსახურები... ბადრი ვადაჭკორიასთან, გოგა ჩანადირთან ვმეგობრობდი, ერთად დავდიოდით. შემდეგ უცხოეთის სკოლებში ონლაინ ვისწავლე. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ როგორც ფოტოგრაფი, თვითნასწავლი ვარ. თავიდან უფრო ქუჩის ფოტოგრაფია, რეპორტაჟები მქონდა. მერე პეიზაჟები და დღესაც პეიზაჟები უფრო მიყვარს.

- თქვენ მსოფლიო ვარსკვლავებთან გიწევდათ შეხვედრები...

- დიახ, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდნენ. როგორც ფოტოგრაფი, ვცდილობდი მათ საღამოებს დავსწრებოდი, აკრედიტაციას გავდიოდი... 2011 წელს ინდოეთში მადონას კონცერტზე მაქვს ფოტოები გადაღებული. ინდოეთში რომ ვცხოვრობდი, იმ პერიოდში მადონა ჩამოვიდა, კონცერტი ჩაატარა. ქალაქ ჰაირაბადში ტურიზმს ვსწავლობდი და რამდენიმე ხანი ცხოვრება ინდოეთში მომიხდა. ჰაიდრაბადში ვიყავი, როდესაც მადონა ჩამოვიდა. კონცერტი დიდ სასტუმროში მოსაწვევებით იყო და ძალიან ცოტა დამსწრე ჰყავდა. იმდენად მინდოდა მადონას კონცერტზე დასწრება, ყველა გზა ვცადე იქ მოსახვედრად. ვთხოვე ქალაქის მერს და მან მომიგვარა. აღმოჩნდა, რომ იგი საქართველოში ნამყოფი იყო და ძალიან კმაყოფილიც ჩანდა, კარგად ახსოვდა ქართული სამზარეულო. ეს გამიმართლა, ქალაქის მერი რომ საქართველოში ნამყოფი იყო, თორემ ინდოეთში 2011-2012 წლებში ვიყავი და მაშინ საქართველოზე იქ ფაქტობრივად არავინ იცოდა. ქალაქის მერმა ორი მოსაწვევი მომცა და ჩემი მეგობარი დავპატიჟე, რომელიც იმ დროს ინდოეთში იმყოფებოდა. სულ 800 დამსწრე ჰყავდა კონცერტს, მაგიდების ირგვლივ ვისხედით, სცენაზე მადონა მღეროდა. მხოლოდ ოთხი წუთი მოგვეცა ფოტოგრაფებს გადაღების საშუალება.

- ალბათ ინდოეთი მადონას კონცერტის გარეშეც ძალიან შთამბეჭდავი იყო ფოტოგრაფისთვის?

- დიახ... თან ინდოეთში ოთხი თვე ვიყავი, პირველად რომ ჩავედი, ისეთ ადგილას ვცხოვრობდი, სულ არატურისტულ ადგილებში, ველურ ინდოეთში ვმოგზაურობდი. ისეთ ადგილებში, სადაც ტურისტი ფეხს ნაკლებად დადგამს. ასეთი ადგილები ძალიან მიყვარს და უცხოეთში რომ მივდივარ, სულ ასეთებს ვარჩევ.

- ინდოეთს დიდებული ღირსშესანიშნაობებით ვიცნობთ და როგორია ველური ინდოეთი?

- სრულიად ინდოეთია ძალიან საინტერესო და ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანა. იქ მოგზაურობა არასოდეს არ მომბეზრდება, მუდმივად მინდება ისევ და ისევ წავიდე. ერთი შეხედვით თითქოს ჭუჭყიანია, გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ მერე უკვე დიდი ხნით რომ ხარ, ამ ყველაფერს ძალიან ეჩვევი. ვიმყოფებოდი ტირუატში, ეს ერთ-ერთი სამლოცველოა, რომელიც მსოფლიოში ითვლება როგორც განსაკუთრებულად მომლოცველობითი მონასტერი. როგორც კათოლიკემ უნდა მოილოცოს ვატიკანი, მუსულმანი მექაში უნდა წავიდეს, ასე ყველა ინდოელი ტირუატში უნდა მივიდეს. ძალიან შთამბეჭდავი მონასტერია. სამწუხარო ის არის, რომ ინდურ ტაძრებში ფოტოგრაფია არ შეიძლება. ასევე ძალიან შთამბეჭდავი იყო ვირთხის ტაძარი. ტაძარში მომლოცველი რომ დადიოდა, იქ ასიათასობით ვირთხა დადიოდა. თავიდან - ვირთხის ტაძარი რომ თქვეს, ვიფიქრე რომ ვირთხის რაღაც გამოსახულებები იყო, მაგრამ თურმე იქ ნამდვილი, ცოცხალი ვირთხები ყოფილა.

- როგორც ვიცი, ხშირად ხართ ჩინეთში...

- დიახ... ძალიან მიყვარს ჩინეთი. სადაც არ ვყოფილვარ, ყველა ქვეყანა მომწონებია, მაგრამ ჩინეთი განსაკუთრებულად... ნამყოფი ვარ საფრანგეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, ირანში, თურქეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. ჩინეთში პირველად 2013 წელს წავედი, სახელმწიფო ტელევიზიას ჰქონდა სემინარები ახალი ამბების პროდიუსერებისათვის, ოპერატორ-ფოტოგრაფებისთვის. ჩინეთის მთავრობა ატარებდა ამ სემინარს, იქ თვე ნახევარი ვიყავი და ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ხშირად მიწევდა ამ სემინარზე მერეც წასვლა. ბოლოს 2019 წელს, ანუ პანდემიამდე ვიმყოფებოდი...

- როგორი იყო ჩინეთი პანდემიამდე?

- ზღაპრული, ძალიან საინტერესო. ამდენად განვითარებულ ქვეყანაში არ ვყოფილვარ. ძალიან განვითარებულია ტექნოლოგიურად და რომ ჩადიხარ, გრძნობ, რომ ძალიან მდიდარ ქვეყანაში აღმოჩნდი. სასწაულად ძლიერი ქვეყანაა... ნამყოფი ვარ უხანში 2015 წელს, მაშინაც რაღაც მოხდა უხანში, რაღაც აფეთქება იყო და გამოგვარიდეს. ჩინეთში გადავიღე ჯანჯიაძის ეროვნული პარკი, სადაც "ავატარი" გადაიღეს. თუკი სადმე ვყოფილვარ, ის იყო ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი... დიდი კლდეები, შუშის ხიდები, ღრმა ტბა... ნამდვილ ზღაპარში ვიყავი, თან ეს "ავატარი" ნანახი რომ მქონდა, მეგონა იგივე იქ დატრიალდებოდა, რაც ფილმშია. ორჯერ ვიყავი ამ ეროვნულ პარკში. თან შუშის ხიდის გახსნა იყო და გრანდიოზული ღონისძიება, ისეთი პომპეზური, როგორიც ჩინელებს სჩვევიათ... რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული შუშის ხიდი, უზარმაზარი სივრცე და ძალიან მეშინოდა გადავლა, მაგრამ ვიცოდი რომ უნიკალური შანსი მქონდა და იქ კიდევ ვერ მოვხვდებოდი.

ჩემთვის ირანიც ძალიან შთამბეჭდავია. ირანი არქიტექტურით გამორჩეულად შთამბეჭდავია. ისპაანში ვიყავი, სადაც შაჰის სახლის ნახვით ძალიან აღვფრთოვანდი. ალავერდი ხან უნდილაძის 33 თაღიანი ხიდი. ქართველების დიდი გავლენა იგრძნობა ირანში, ისპაანში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ვიმყოფებოდი ფერეიდანში, ქართველ ოჯახებთან გავათენეთ ღამე და მათთან ახლაც ვმეგობრობ. თავის სახლში გვეპატიჟებოდნენ, სასტუმროში წასვლის ნება არ მოგვცეს.ირანი სამოგზაუროდ მართლაც უმდიდრესია არქიტექტურის მხრივ. ძალიან გამიკვირდა რაც იქ დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ატომური ელექტროსადგური აქვთ, გაზი, ნავთობი, ძალიან ბევრია ქარისა და მზის ელექტროსადგურები. თანამედროვედ განვითარებული არქიტექტურაც ძალიან მკვეთრია...ფერეიდანში უდიდესი სითბოთი მიგვიღეს.

შაჰ-აბასის სასახლეში ქართველი გიდი გვყავდა. უამრავ საინტერესოს ჰყვებოდა. იქაური ქართველები ძველი ქართულით საუბრობენ და რთულია გაგება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი... საიდ მულიანთან ოჯახში ვიყავით. ცდილობენ ქართული ტრადიციები ჰქონდეთ, მაგრამ მუსლიმანური გავლენაც დიდია. ქართული სტუმართმოყვარეობა ძალიან იგრძნობა, ოჯახში მიღება, გამასპინძლება... პირველად 2009 წელს ვიყავი ირანში, მაშინ ჯერ კიდევ ვერ დადიოდა საქართველოდან ბევრი და ძალიან გულში ჩაგვიხუტეს. აღარ იცოდნენ პატივისცემა როგორ გამოეხატათ, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.

- ცნობილი ქართველი ხელოვანებიდან ყველაზე ხშირად ვინ გადაგიღიათ?

- გივი ბერიკაშვილი განსაკუთრებულად მახსოვს თავის მიმიკებით. ასევე კახი კავსაძე. ორივეს განსაკუთრებული იუმორი ჰქონდა, ძალიან სასიამოვნო იყო. ნანი ბრეგვაძეს არ ვიცნობ, მხოლოდ გადამიღია სხვადასხვა საღამოებზე და ძალიან ფოტოგენურია. კამერასთან მუშაობაც კარგად იცის. ცნობილი ქართველებიდან ფოტოგენურებით გამორჩეულია მაკა ასათიანი. მასთან ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში ვიმუშავე... სამწუხაროდ ნანახიც კი არ მყავდა ლიკა ქავჟარაძე, მისი გადაღება ვერ მოვასწარი და ძალიან გული მწყდება. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი ადამიანი გახლდათ.

- ასეთი ვარსკვლავური მოღვაწეობის შემდეგ თქვენ რადიკალურად განსხვავებულ ადგილზე გადაინაცვლეთ და გადაწყვიტეთ მწყემსებს გაჰყოლოდით, მათი ცხოვრება გადაგეღოთ...

- მოგზაურობა, ლაშქრობა ძალიან მიყვარს, მთაში მითუმეტეს... პირველად ხევსურეთში წავედი, იქ ფეხითაც ვარ გადასული. თუშეთიდან ხევსურეთში ფეხით თუ გადახვალ, ტრანსპორტი არ არის. ხშირად მეკითხებიან, თუ გეშინიაო, მაგრამ ამდენი წლებია დავდივარ და ასე გარემოში რამე საშიში ნადირი არ შემხვედრია.

მწყემსების გადასვლას დიდი ტრადიციები აქვს და ძალიან მნიშვნელოვანიც არის. თავად მწყემსებთან ურთიერთობა არის განსაკუთრებულად საინტერესო. თოვლში გიწევს სიარული და ბევრი რამ არის ისეთი, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ... თუშეთის ყველა სოფელში ნამყოფი ვარ. სამწუხაროდ ბევრ სოფელში სახლები ინგრევა და სასწრაფო შველას ითხოვს. როგორც ვიცი, რამდენიმე სოფლის სია შეიქმნა, რომლებიც უნდა აღდგეს. იქ რომ დადიხარ, ამჩნევ, როგორ თვალს და ხელს შუა ნადგურდება ყველაფერი. ხევსურეთიც ითხოვს მიხედვას. არის სოფლები, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი, ერთი ადამიანი ცხოვრობს - მუცო, არჭილო, ბლო...სოფელ ქვემო ხახაბოში ადრე მხოლოდ ერთი ქალბატონი - მარო ბებო ცხოვრობდა. მასთან ბევრჯერ ვყოფილვართ, ხელი რომ მოიტეხა, მაშინაც ვერტმფრენით ჩავედით... მხცოვანი ქალბატონი სრულიად მარტო ცხოვრობდა სოფელში და სამანქანო გზა ახლაც კი არ არის. ამჟამად ზემო ხახაბოში ცნობილი წყვილი - პაატა ხახიაური და მისი მეუღლე - ნინო ბარნაბიშვილი ცხოვრობენ, იქაურობას აცოცხლებენ...

- გვითხარით თქვენს ისტორიულ პროექტზე...

- დიახ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობთ. გუგლის რუკებისთვის ფოტოგრაფები ჩამოგვყავს. პირველად 2020 წელს ჩამოვიდნენ. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც გუგლმა პანდემიის პირობებში თავის თანამშრომლებს უფლება მისცა უცხოეთში მივლინებით წასულიყვნენ... საქართველოში საუკეთესო ფოტოგრაფები იყვნენ ჩამოსულები, მე და ჩემმა მეგობრებმა დავუგეგმეთ და საუკეთესო პანორამული ხედები გადაიღეს საქართველო იმდენად მოეწონათ, 2021 წელს ორჯერ იყვნენ ჩამოსული... აჭარაში, კახეთსა და თუშეთში იმყოფებოდნენ. შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, თორემ სხვა რეგიონებში , მათ შორის - სამცხე ჯავახეთში სურდათ ჩასვლა... სასწავლო ვიდეოებიც ჩაწერეს. 2022 წელს ძალიან პომპეზურად დაიგეგმა ყველაფერი, პროექტი სამთავრობოს სამთავრობო წარდგინება და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ გადაიდო.