თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაცია ამის თაობაზე Reuters-მა გაავრცელა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით და კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის ხედვის საფუძველზე უნდა მოხდეს.
"პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მშვიდობისა და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებები ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტითა და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით უნდა იქნას გამყარებული“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა ენერგორესურსებსა და მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის დერეფნის საკითხები. ამასთანავე, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ სირიის სასაზღვრო რეგიონის ქურთი ბოევიკებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
ამ საუბრის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას.
"ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ღიაობა სერიოზული დიალოგისთვის იმ პირობით, რომ კიევის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიულ რეალობას“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ამასთანავე, მათივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინის კონფლიქტში დესტრუქციულ როლს ასრულებს.
"რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დასავლური სახელმწიფოების დესტრუქციულ როლს, კიევში იარაღის გაგზავნითა და ოპერატიული ინფორმაციისა და მითითების მიწოდებით“, - აცხადებენ კრემლში.