ავტორი:

"კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან?!" - როგორ ეხმიანებიან უკრაინაში პუტინის 36-საათიან "საშობაო ზავს"

"კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან?!" - როგორ ეხმიანებიან უკრაინაში პუტინის 36-საათიან "საშობაო ზავს"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდეს, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"საშობაო ზავის" გამოცხადების მოწოდებით კი მანამდე რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. რუსეთის პატრიარქის ინიციატივით, "შიდა კონფლიქტში" ჩართულმა ყველა მხარემ 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრამდე - ღამის 12 საათამდე "საშობაო ზავი" უნდა გამოაცხადონ. უნდა შეწყდეს ცეცხლი, რათა მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება.

"საშობაო ზავის" ინიციატივას უკვე მოჰყვა უკრაინის პოლიტიკურ წრეებში პირველი შეფასებები.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, ე.წ. საშობაო ზავი დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შესაჩერებლად გამოიყენოს.

"ახლა მათ სურთ შობა გამოიყენონ როგორც საფარველი, რათა შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში გარკვეული ხნით და ჩვენ პოზიციებთან ახლოს მიიტანონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მიიყვანონ მობილიზებულები. რას მოიტანს ეს? მხოლოდ გარდაცვლილების რაოდენობის ზრდას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინის მიმართ შიშისგან გათავისუფლდნენ.

"მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომის დროს შესვენებებს, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ომი, მაგრამ ომის უფრო სწრაფად დასასრულებლად ეს სულაც არ არის საჭირო. საჭიროა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იპოვიან გამბედაობას, გათავისუფლდნენ კრემლში ერთი კაცის მიმართ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან, სულ მცირე, 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს. ომის დასრულება ნიშნავს თქვენი სახელმწიფოს აგრესიის დასრულებას. მაშინაც კი, როცა თქვენი რაკეტები და თვითმფრინავები ჩვენს ქალაქებს არ ესხმიან, ტერორი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება. უკრაინელებს მოსვენებას არ აძლევთ. ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ. ეს გრძელდება ყოველდღე, სანამ თქვენი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე არიან. ომი დასრულდება, როცა თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გამოვდევნით“, - აცხადებს ზელენსკი.

  • მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი

"რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს - მხოლოდ მაშინ დაიწყება "დროებითი დაზავება”. თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ”, - წერს პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა სხვის ტერიტორიას თავს არ ესხმის და სამოქალაქო მოსახლეობას არ კლავს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს.

"რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პროპაგანდისტული ჟესტია და მეტი არაფერი. რუსეთი ყველანაირად ცდილობს დროებით მაინც შეამციროს ბრძოლების ინტენსიურობა და საკუთარ ლოგისტიკურ ცენტრებზე დარტყმების ინტენსიურობა იმისთვის, რომ დრო მიიღოს დამატებითი მობილიზაციისთვის, დაპყრობილ ტერიტორიებზე მასშტაბური გამაგრებების მშენებლობისთვისა და არმიის გადაჯგუფებისთვის. ამის გაკეთება ვერ გამოუვიდათ ამა თუ იმ სამხედრო ხერხებით. ამიტომ სტანდარტული საინფორმაციო ხრიკები დაიწყეს”, - განაცხადა პოდოლიაკმა “უკრაინსკაია პრავდასთან” საუბარში.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს აჩვენოს თითქოს “ჰუმანისტური მიდგომები ომში” და ცდილობს ევროპელები აიძულოს, რათა უკრაინელებზე ზეწოლა დაიწყონ.

  • ოლექსი დანილოვი - უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

"კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? ვინ დაუჯერებს საზიზღრობას, რომელიც ბავშვებს კლავს, სამშობიარო სახლებს ესვრის, ტყვეებს აწამებს? ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობა.

ვის სთავაზობენ ისინი ამ დაზავებას? არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება - წაიღეთ თქვენი ჩემოდნები, წაიღეთ თქვენი ნაგავი და წადით რუსეთში. მათთან რაღაც დაზავებებზე არანაირი მოლაპარაკებები არ გვექნება. ჩვენთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს”, - აღნიშნა დანილოვმა.