ავტორი:

ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი უპასუხო სიყვარული - რას წერდა პოეტი წერილებში საფრანგეთიდან ჩამოსახლებული ბიზნესმენის ქალსა და "ორბელიანების გოგოზე"

ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი უპასუხო სიყვარული - რას წერდა პოეტი წერილებში საფრანგეთიდან ჩამოსახლებული ბიზნესმენის ქალსა და "ორბელიანების გოგოზე"

ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი ცხოვრებიდან ფართო საზოგადოებისთვის ბევრი რამ უცნობია... გვესაუბრება, ხელოვნებისა და კულტურის მენეჯერი, ხელოვნებათმცონეობის დოქტორი, პროფესორი, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინი სანადირაძე:

- მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ არაერთი კვლევა განხორციელდა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს კვლევის მიმართულება და სიღრმე. წლების მანძილზე ცნობილი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ისტორია... კვლევის კონტექსტის ცვლილებას ხშირად დრო, ინტერესი, მიმართულება და არაერთი ფაქტორი განაპირობებს, ძნელია ვისაუბროთ და დავადანაშაულოთ მხოლოდ საბჭოთა პერიოდი. მნიშვნელოვანია კონტექსტის განსაზღვრა და კვლევის არეალი. არავისთვის არაა უცხო, რომ პირადი ცხოვრება, ეპოქა და სოციალურ ეკონომიკური კონტექსტი განსაზღვრავს ხოლმე შემოქმედებით შედეგსაც. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე, სადაც ბევრი ლექსია უპასუხო სიყვარულზე.

  • მანამდე ვიდრე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და პოეზიაში ეკატერინე ჭავჭავაძის ხატება გაჩნდებოდა, პოეტს ორჯერ უყვარდა, მაგრამ მისი სიყვარული ორივე შემთხვევაში უპასუხოდ დარჩა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის გიმნაზიის ამხანაგის, ლუკა ისარლიშვილის მოგობებებში ვკითხულობთ, "უყვარდა ფრანცუზის, ქალი დელფინი, ძალიან უყვარდა ის ქალი. ერთხელ გაებუტა და მაშინ დაწერა: "რად მრისხანებ..." და ლექსი სათაურით "ჩემს ვარსკვლავს'', რომელიც 1837 წელსაა დაწერილი - მანამ, სანამ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ლექსები ჩნდება. პავლე ინგოროყვა წერდა, რომ პოეტის პირველი სიყვარული უფრო ყმაწვილური გატაცება იყო, ვიდრე გამტანი და ღრმა გრძნობა. საფრანგეთიდან ჩამოსახლებული დელფინას ოჯახი საკონდიტრო მაღაზიებს ფლობდა და საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. დელფინა საქართველოში იყო გაზრდილი და საფიქრებელია, ქართულს მშვენივრად ფლობდა. ამდენად, მას არ გაუჭირდებოდა ბარათაშვილის ლექსების გაგება. ლექსი „ასტრა“, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოვიდა, მაგრამ არსებობს უტყუარი ცნობა, რომ ასეთი ლექსი არსებობდა და ეს დელფინას ეძღვნებოდა.

  • ასევე ცნობილია ნიკოლოზ ბარათაშვილს მეგობრის ლევან მელიქიშვილის წერილი, რომელსაც ის გრიგოლ ორბელიანს 1846 წლის 19 იანვარს უგზავნის: "არ ვიცი, იცი თუ არა, რომ პირველი სიყვარული საწყლისა იყო ნინო. არც ის ვიცი, იცი თუ არა, რომელი ნინო იყო.“

ზუსტად არაა ცნობილი, რომელ ნინოზეა საუბარი, თუმცა თავის დროზე, გიორგი ლეონიძემ ივარაუდა, რომ ეს ნინო ორბელიანი უნდა ყოფილიყო. 1836 წლის ზაფხული პოეტმა მთლიანად ნინოზე შთაგონებით გაატარა. ბარათაშვილის გრძნობები კარგად ჩანს ბიძისთვის, გრიგოლ ორბელიანისთვის მიწერილ ბარათსა და ლექსში "ღამე ყაბახზედ", რომელშიც პოეტი შთამბეჭდავად აღწერს თავის პირველ სიყვარულთან შეხვედრის ისტორიას.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული, ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზა ეკატერინე ჭავჭავაძე

ცნობები მუზეუმიდან

ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ პოეტის თანამედროვენი არ საუბრობენ, მაგრამ მისი მხატვრული და ეპისტოლარული მასალა საუკეთესო მასალაა ნიკოლოზ ბარათაშვილის მღელვარებით აღსავსე სულიერი ცხოვრების ამოსაკითხად. პოეტის პირველი სიყვარული ყაბახს უკავშირდება. ყაბახი ერქვა მინდორს ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღევანდელი რუსთაველის პროსპექტისა და მტკვრის სანაპიროს შუა. ეს იყო თბილისელთა თავშეყრისა და სეირნობის ადგილი, რაც ნათლად ჩანს ბარათაშვილის ლექსშიც "ყაბახზედ". მასში თბილისური შექცევაა დახატული - ტრფიალი და არშიყი, მტკვარიც კი მიჯნურს დაუმსგავსებია ადამინთა შემხედვარე. ახალგაზრდა, 19 წლის ბარათაშვილი ქალებში თეთრკაბიანს გამოარჩევს. ისიც მაშინვე იცნობს პოეტს. ტატოს გულს ცეცხლი ედება, სილაღეს კარგავს. ეს ქალი ადრეც უნახავს ქალთა საზოგადოებაში, მაგრამ შემდეგ თვალი აღარ მოუკრავს და აი, ახლა ის მორცხვად დგას, "ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა" და ყელი აუღერებია. ქალმა გაუღიმა. ამან გაამხნევა პოეტი და გამოლაპარაკება გაბედა. ლექსში დაწვრილებითაა გადმოცემული მატი დიალოგი.

არის ვარაუდი, რომ ქალი რეალური სატრფოა, ამას მოწმობს ბარათაშვილის წერილიც გრიგოლ ორბელიანისადმი, რომელშიაც ყაბახის სიტუაციის აღწერის შემდგომ თავიდან ბოლომდეა მოყვანილი ლექსი ღამე "ყაბახზედ".

აი რას სწერს ბიძას ყმაწვილი დისშვილი: ამ წარსულს ზაფხულში, ერთ მშვენიერს, მთვარიანს ღამეში, ყაბახზედ დავიარებოდი, სადაც მისმა მშვენებამ, სატრფოთ მარაქამ, მათმან უნინდელებრ კიდევ დარდიმანდობამ სრულიად განატკბეს სახედველი, აღმიტაცეს ფიქრნი, წარმიღეს გონება".

პოეტი არ წერს გრიგოლ ორბელიანს სატრფოს ვინაობის შესახებ: შესაძლებელია, გრიგოლ ორბელიანმა კიდევაც იცის, ვინ არის მისი რჩეული. ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებებსა და წერილებში გაფანტული ცნობების მიხედვით, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ქალი ნინო ორბელიანია. ყველგან მიღებული და საზოგადოების ცენტრში მყოფი ბარათაშვილი მას იშვიათად ნახულობს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია არც იყოს თბილისელი. ამას ხელს უწყობს სატრფოს მორიდებულობა და ამით გამორჩეულობა სხვა ქალისგან.

იდუმალებით არის მოსილი ბარათაშვილის სიყვარული დელფინა ლაბიელისადმი, ფრანგი მეკონდიტრის ქალიშვილისადმი. ამ რომანის შესახებ ცნობას გვაწვდის ბარათაშვილის გიმნაზიის ამხანაგი, ლუკა ისარლიშვილი. ის ძალიან ზოგადად საუბრობს ბარათაშვილის შესახებ და ბოლოს დასძენს: უყვარდა ფრანცუზის, ბაშმაჩკინის ქალი დელფინი, ძალიან უყვარდა ის ქალი. ერთხელ გაებუტა და მაშინ დასწერა: "რად მრისხანებ".

როგორც ჩანს, ბარათაშვილმა ამ ქალიშვილს კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნა "ასტრა", რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია. ამ ლექსზე საუბრობს პოეტი მიხეილ თუმანიშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომლიდანაც ნათელია, რომ ბარათაშვილი მთელი არსებით შეყვარებულია, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას, მაგრამ მოყვანილი ფაქტით მიახვედრებს მეგობარს, ვინც უნდა იყოს: ახალ ამბავს გეტყვი, თუ არ გაჯავრდები. დღეს საღამოს წყნეთში მივემგზავრები. - რატომ? იმიტომ, რომ ის იქ გახლავთ. დედამისმა მთხოვა რამდენიმე დღე მათან გავატარო. როგორი იქნება ეს დღეები? ახ? მას, მოკვდი ბზ! თანაც ახარბებს თავის მდგომარეობას.

1838 წლიდან იწყება ბარათაშვილის სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი. გრძნობის ხანმოკლეობის გამო, საფიქრებელია, რომ დელფინა ლაბიელიც ისევე როგორც ყაბახზე ნანახი ქალი, მხოლოდ გატაცება აღმოჩნდა პოეტისათვის.