საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში ძარცვისთვის 23 წლის მამაკაცი დააკავეს, რომლის ვინაობა და ფოტოები პოლიციამ სალონიკის პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ გაავრცელა.
23 წლის მძარცველი 2022 წლის 13 დეკემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 2 საათის განმავლობაში სალონიკის სხვადასხვა რაიონში 8 ძარცვა ჩაიდინა. დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ რეპერი იყო. ELAS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაირკვა, რომ ლაპარაკია 1999 წელს თბილისში დაბადებულ საბერძნეთის მოქალაქე გიორგი ოდიშვილზე. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ერთობლივი, სერიული ძარცვისა და ძარცვის მცდელობის, დაუმორჩილებლობის, იარაღის უკანონო ტარებისა და იარაღის გამოყენების მუხლებით.
ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა შევიდა ოთხ აფთიაქში, მინი-მარკეტში და სამ OPAP-ის სააგენტოში ნეაპოლისში, ამპელოკიპში, კალამარიასსა და ჰარილაუში. აქედან შვიდ შემთხვევაში, მან იარაღის მუქარით შეძლო ფულის წაღება.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლიციის მიერ საგულდაგულო ძებნის შემდეგ, ოდიშვილი დააფიქსირეს გამოცდილმა საპატრულო ეკიპაჟებმა, რომლებიც ჰარილაუს რაიონში ფეხით მოძრაობდნენ. შემოწმების თავიდან აცილების მიზნით, ეჭვმიტანილმა გაქცევა სცადა, ამავდროულად, იარაღი დაუმიზნა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც, საბოლოოდ, მისი დაკავება მოახერხეს. მან დაკავებისას სამართლდამცავებს განუცხადა, - რეპერი ვარო...
დამნაშავის საკუთრებაში, სხვა ნივთებთან ერთად, ნაპოვნია და ამოღებულია: საჰაერო პისტოლეტი, ფული და ტანსაცმელი, რომელიც მას ძარცვის ადგილებზე ეცვა.
ქონებრივი დანაშაულის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემდგომი გამოძიებით, გაირკვა, რომ 23 წლის ახალგაზრდამ სხვა პირების დახმარებით (რომელთა შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია) 11და 12 დეკემბერს კიდევ სამი დანაშაული ჩაიდინა - შეიარაღებული ძარცვა ნეაპოლისის და სიკეონის რაიონებში მდებარე სუპერმარკეტებში და მისი ნადავლი სულ 15 595 ევროს შეადგენდა.
როგორც ირკვევა, გიორგი ოდიშვილი ადრეც იყო პატიმრობაში - 2019 წლის ნოემბერში სალონიკის უსაფრთხოების დირექტორატის პოლიციის თანამშრომლებმა ის შესაბამისი ორდერის საფუძველზე დააკავეს“, - წერს გამოცემა ELAS-ი. წყარო