ავტორი:

"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?! ქართულ პოლიტიკაში  ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ მანდ გაჩერება უაზრობა იყო" - გოგი წულაიას ცხოვრება ემიგრაციაში

"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?! ქართულ პოლიტიკაში  ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ მანდ გაჩერება უაზრობა იყო" - გოგი წულაიას ცხოვრება ემიგრაციაში

წელიწადი ხდება, რაც პოლიტიკოსი გოგი წულაია ემიგრანტების სიაში ჩაეწერა. ამჟამად ოჯახით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ჯერჯერობით, უსტატუსოდ ცხოვრობს. როგორც მეუბნება, "მიშასგან ისტორიის გაკვეთილი ისწავლა", ამიტომ არ გაიმეორებს სააკაშვილის შეცდომას და სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველოში არ დაბრუნდება... "მერამდენე არჩევნები უნდა წავაგო, რომ მივხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვაკეთებ პოლიტიკას?" - მეუბნება და ქუთაისიდან დროებით გადახვეწილი თავის სტრასბურგულ ცხოვრებაზე მიყვება:

- იანვარში 1 წელი შესრულდება, რაც სტრასბურგში ვარ. ჩემი დაჭერის საშიშროება ისევ იყო და ვარჩიე გამორიდება. თავიდან მარტო წამოვედი, შემდეგ ოჯახიც წამოვიყვანე. სანამ საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება და უსამართლობის ზეიმი იქნება, ალბათ, არ ჩამოვალ. მიშას რას უშობიენ და მე რაღას მიზამენ? მიჭირს ემიგრაციაში, რადგან ენა არ ვიცი. საფრანგეთში დამკვიდრება არ არის ასე მარტივი. ამას დაუღალავი შრომა, მოთმინება სჭირდება... თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ საფრანგეთში არ ვაპირებ სიკვდილს - თუ არ იქნება ეს ხელისუფლება და ჩემი დაჭერის შანსი, აუცილებლად ჩამოვალ.

- ადექით და ასე პირდაპირ წახვედით თუ ვინმეს იმედად? მოსამართლე როგორ დაარწმუნეთ საზღვრის დატოვების აუცილებლობაში?

- მე ნათლულმა დამაკვალიანა, ვის იმედადაც ჩამოვედი. ჯერ უსტატუსოდ ვცხოვრობ. პატარა ხანში მოვითხოვ თავშესაფარს როგორც პოლიტდევნილი. ჩემს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო დასრულდა, არაფრის გამო მომისაჯენ 6 თვე (მაქსიმუმი იყო 6 თვემდე პატიმრობა). მოსამართლეს შეეძლო მოესაჯა 4 თვე, რომელიც უკვე მოვიხადე (გირაოს გადახდის შემდეგ) და გაბათილებულიყო ყველაფერი ან ჯარიმა დაეკისრებინათ. მოსამართლემ მითხრა, ჯარიმას ვერ მოგცემ, მიმალვაში ხარო, არადა, ინტერნეტით ვერთვებოდი. მიმალვაში როგორ ვარ, როცა გაგაფრთხილეთ, სამკურნალოდ მივდივარ-თქვა. ეს ყველამ იცოდა. ვთვლი, რომ ქალბატონი ლია ორკოდაშვილი ერთ-ერთი ნორმალური მოსამართლეა, მაგრამ რაღაც დოზით ზეწოლას ვერ გაუძლო და მაინც მომისაჯა 6 თვე. ახლა რომ ჩამოვფრინდე, აეროპორტიდან ციხეში წამიყვანენ.

- ანუ მიშას მაგალითს არ გაიზიარებთ...

- ბერნარდ შოუს აქვს კარგი ნათქვამი: "ისტორიის გაკვეთილები პირველ რიგში ისაა, რომ ადამიანები ვერ იღებენ ისტორიიდან გაკვეთილებს". მიშადან მე ვისწავლე ისტორიის გაკვეთილი, ამიტომ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, არ ვაპირებ ჩამოსვლას. მერამდენე არჩევნები უნდა წავაგო, რომ მივხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვაკეთებ პოლიტიკას. მაგრამ ახლა თუ არა ვარ პოლიტიკაში, არ ნიშნავს, რომ საერთოდ დავანებებ თავს. ჩემს ქვეყანაში უფრო ნაკლების გაკეთება შემეძლო, ვიდრე ემიგრაციაში გავაკეთებ. ადრე წამოსული ემიგრაციის თუ არ მიკვირდეს, მე მოვკვტე, ტანჯვას გავდივარ ენის არცოდნის გამო, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგი სავსეა ქართველებით და ყველა მცნობს. ალბათ, ათჯერ მეტად გამიჭირდებოდა, ცნობილი რომ არ ვიყო, ყველგან კარგად მხვდებიან. ვისაც "ოცნება" მოსწონს, ცოტა ანტაგონისტურად მიყურებს... დაწყებული მაქვს ფრანგული ენის შესწავლა. გაგანია საბჭოთა დროს სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, პარიზში დასათვალიერებლადაც კი თუ ჩავიდოდი, თვარა საცხოვრებლად ჩამოსვლაზე ფიქრი ხომ ზედმეტია. დისიდენტური აზრები კი მაწუხებდა, მარა ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ასე თავისუფლად ვივლიდით უცხოეთში, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ამიტომ აგდებულად ვუყურებდი უცხო ენის შესწავლას და ახლა ვისჯები.

- ქუთაისი გენატრებათ, ალბათ...

- მენატრება რომელია? დილიდან საღამომდე მენატრება, მჯერა, ჩამოვალ და მაგ ქალაქში გავსვენდები. მაინც ჩემი მირჩევნია ყველაფერს. ჩემი მეგობრები მენატრება, მათთან ჩაჯდომა, ქეიფი და მოლხენა. ტრაგედიაა ენის ბარიერი, ვერც შენ აგებიებ და ვერც ის გაგებიებს... ვფიცავ ყველაფერს, აქ ვერავის ნახავთ ჯიპით და დიდი მანქანებით, ჩვენ რომ გადავდივართ ყირაზე, ასე კი არაა. აქ ჯიპზე დაინახავ მხოლოდ მოხუცს - 80 წლის ქალი მომჯდარია და უბერავს. ახალგაზრდები ველოსიპედით დადიან.განაგრძეთ კითხვა